კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატის სახელით მოწყობილი მასობრივი დაკითხვა

13 მარტი, 2012

შორენა ღლონტი, გიორგი გირკელიძე, გურია-ნიუსი

დადასტურებული ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, 13 მარტს რამდენიმე საათის განმავლობაში, 6 პიროვნებას კონტროლის პალატის სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი ვინმე კახა საჯაია კითხავდა.

კონტროლის პალატიდან რამდენიმე მოქალაქეს იდენტური შინაარსის უწყება მიუვიდა. „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით, დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც დაბარებული ხართ ახსნა-განმარტების მისაცემად“, - წერია უწყებაში, რომელიც მოქალაქეებმა 11 მარტს მიიღეს.

საინტერესოა, რომ ეს უწყება დევს კონვერტში, რომელსაც არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი. უწყებას ხელს აწერს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ამირანაშვილი.

ასეთივე შინაარსის უწყება მიუვიდა 12 მარტს, დილის საათებში, რესპუბლიკური პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრს ლილი ებრალიძეს.

ლილი ებრალიძე: როგორც კი უწყება მომივიდა, მაშინვე წავედი მითითებულ მისამართზე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა აღმოჩნდა. ერთსაათიანი ლოდინი მომიხდა. სხვა ჰყავდათ შეყვანილი დაკითხვაზე. ლოდინის შემდეგ, დაცვას დაურეკეს, რომ მოეცა უფლება, ავსულიყავი მეორე სართულზე.

- დაცვის ზომები გამკაცრებული იყო?

- დიახ, ჩანთა დამატოვებინეს და მობილური ტელეფონი. მესამე სართულზე რომ ავედი, კარები დაცვის წევრმა გამიღო. მრავლად იყვნენ, დაახლოებით 6-7 თანამშრომელი. შესასვლელში ქალი დამხვდა, რომელმაც სპეციალური მოწყობილობით შემამოწმა. მითხრა, ჯიბე თქვენ თავად ამოილაგეთო. მანდატი და პირადობის მოწმობა მქონდა მხოლოდ. ამის შემდეგ შევედი ოთახში. ახალგაზრდა მამაკაცმა წესდება გამაცნო და კონტროლის პალატის სახელით, კახა საჯაიათი გამეცნო.

- დაკითხვას მხოლოდ საჯაია აწარმოებდა?

- დიახ, მხოლოდ ის იყო. თუმცა, ყოველ 5 წუთში ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, როგორ არის საქმეო. ის პასუხობდა, დავიღალე უკვე, რა ვქნა არ ტყდებაო. მითხრა, რას მალავთ, ყველაფერი ვიცით, ყველა ინფორმაციაა ჩვენამდე მოსული, ისიც ვიცით, რომ ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებდითო. ხელმოწერების შეგროვებისთვის რომან ბიწაძეს თანხა უკვე გადმორიცხული აქვს, ბიწაძემ თანხები გაანაწილა და შენ რომ დამალავ, მინიმუმ ორწლიანი ციხე არ აგცდებაო, - მეუბნებოდა საჯაია.

- თქვენ რას პასუხობდით?

- მე ვეუბნებოდი, რომ არანაირი თანხა არ ამიღია და ჩემს ანგარიშზე არაფერი არ იყო ჩარიცხული, გარდა იმისა, რომ მეზობელს მისმა შვილიშვილმა ბათუმიდან 100 ლარი ჩემს ანგარიშზე ჩაურიცხა. ჩაიწერეს იმ გოგონას სახელი და გვარი.

- ქალბატონო ლილი, 5 საათის განმავლობაში რა კითხვებს გისვამდნენ?

- ძირითადად, ივანიშვილის მოქალაქეობაზე და ფინანსებზე, რამდენი აიღე ხელმოწერების შეგროვებისთვის და გაზეთ „ქართულ ოცნებას“ რომ არიგებ, ამისთვის რამდენ ლარს გიხდიანო. ვეუბნებოდი, რომ ამისთვის თანხას არ მაძლევენ და ანგარების მიზნით არ ვმუშაობ, მე ამ პარტიის წევრი ვარ, მწამს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება და ხელფასი რომც არ მომცენ, მაინც ვიმუშავებ-მეთქი. ამის შემდეგ მითხრა, ორი უკვე დავაპატიმრე და ახლა შენი ადგილიც არისო. თუ დამაპატიმრებთ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მექნება და ისე, რას იზამთ, მთელ საქართველოს დააპატიმრებთ-მეთქი. შემეპასუხა - რა, მთელი საქართველო ხართ უკვეო? კი, „ნაციონალების“ და თქვენი გამოკლებით-მეთქი - ვუთხარი.

- რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ ამ თემებზე გესაუბრებოდათ?

- დიახ, ამ საკითხების ირგვლივ ტრიალებდა: რამდენი აიღეთ? რამდენი გადმოირიცხა? რამდენი გყავთ პარტიის წევრი? რამდენი ხელმოწერა შეაგროვეთ? თქვენს გარდა, გაზეთს კიდევ ვინ ავრცელებს? ვინ გაწვდით ინფორმაციას, რომ გაზეთი ჩამოვიდა?.. ამაზე ვუპასუხე - რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარე მაწვდის, სხვა ვინ მომაწვდის-მეთქი. ვის ჩამოაქვს გაზეთი და რამდენი ეგზემპლარიო, თქვენ რამდენ ცალს არიგებთო. ვარიგებ კი არა, ხელიდან მგლეჯენ-მეთქი, ვუპასუხე. რა, იმედი გაქვთ მოგებისო? მე კითხვა შევუბრუნე - თქვენ რისი იმედი გაქვთ-მეთქი.

მერე ვკითხე, თქვენ მხოლოდ ივანიშვილის მხარდამჭერებს კითხავთ თუ კიდევ სხვა პარტიების წევრებს-მეთქი. რა თქმა უნდა, სხვებსაცო. მე შევეკითხე: „ნაციონალების" დარღვევებზე რომ გვექნება ინფორმაცია, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. დარღვევების შემთხვევაში, მოგვმართეთ მითითებულ მისამართზეო.

- ჰქონდა თუ არა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ან მუქარის შემცველ შეკითხვებს?

- 5 საათზე მეტი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიყავი. დროდადრო გადიოდა და დაცვასთან მტოვებდა. შემოვიდოდა და იწყებოდა თავიდან.

- საუბარს იწერდა?

- შეიძლება იწერდა კიდეც, თუმცა, მე რასაც ვპასუხობდი, ჩემი ხელით მაწერინებდა, სულ რვა თაბახი დავწერე.

- ანუ ძირითადად, ექვსი საათის განმავლობაში, პოლიტიკურ საკითხებზე გელაპარაკებოდათ?

- ეჭვი მაქვს, რომ ეს კითხვები მომდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც. მეუბნებოდა: რომან ბიწაძეს თანხა აქვს აღებული, რის გამოც შეიძლება ციხეში მოხვდესო. ვუთხარი, რომ მე და ჩემმა დამ ვიმუშავეთ ხელმოწერების შეგროვებაზე და 257 ლარი ავიღეთ-მეთქი. კიდევ ჩამეკითხა - გაზეთების დარიგებაში როგორ იყოო? და თან მირჩია, დაწერე, რომ 100 ლარს იღებო... რასაც არ ვიღებ და არ ამიღია, როგორ მეთქვა?!

- თქვენი ინფორმაციით, რამდენი ადამიანი იყო დღეს დაკითხვაზე?

- როგორც ისინი ამბობდნენ, დაკითხვაზე 19 პიროვნება უნდა მისულიყო, თუმცა, 6 მივიდა.

- როგორც ვიცით, დაკითხულთაგან ერთ-ერთი არც ერთი პარტიის წევრი არ იყო.

- დიახ, მან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე მოაწერა ხელი. ეს მათი საუბრებიდან მოვისმინე. ხშირად შემოდიოდა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. რომელიც საჯაიას ჭკუას არიგებდა და ეუბნებოდა: რას ეფერები, ბიჭო, გამოიძახე პოლიცია და „პაგონებიანი“ დაელაპარაკებაო. პოლიციელი გამლახავს და ამალაპარაკებს, თუ რას მიზამს-მეთქი? - ვუთხარი. იმპასუხა: არა, ჩვენთან, დემოკრატიულ ქვეყანაში, არ სცემენ ხალხს, ახლა სხვა მეთოდებია და ნახავ, როგორ აჭიკჭიკდებიო. რომელ დემოკრატიულ ქვეყანაში, მიშას დემოკრატიულ ქვეყანაში-მეთქი?! თქვენ ივანიშვილის ჯიბის ფულს რომ მისდევთ, ბიუჯეტიდან რას იღებს გამგეობის, საკრებულოს და სამინისტროების თანამშრომლები, იმას გაეკიდეთ-მეთქი - ვურჩიე მეც. რაკი ვთქვი, რომ მე და ჩემმა დამ 257 ლარი ავიღეთ, ჩათვალა, რომ საქმე ნახევრად გახსნა, ანუ ვითანამშრომლე გამოძიებასთან. მითხრა, სხვა დროს ფორმიანი დაგკითხავს, იქ უფრო მეტ სიმართლეს იტყვიო.

- ქალბატონო ლილი, თქვენ თქვით, რომ ერთ ქალბატონს, რომელიც დღეს დაკითხეს არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ პარტიებთან.

- დიახ, ის ქალბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლობელია. 3 საათზე მეტი ხანი ჰყავდათ დაკითხვაზე. იქედან გამოსულმა ჩემს დას უთხრა - მაიძულებდნენ, მეთქვა, რომ ალასანიას პარტიიდან 1 500 ლარი მქონდა მიღებულიო.

ახალი ამბები