კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონტროლის პალატა მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებისათვის დევნის

14 მარტი, 2012

ინგა გვასალია, სამეგრელო

კონტროლის პალატის უწყება ფოთში 20-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის, არიან რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ გაზეთების დარიგებაში მონაწილე აქტივისტები. ამ ფაქტთან დაკავშირებით 13 მარტს ფოთელმა „რესპუბლიკელებმა“  ბრიფინგი გამართეს.

პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თამჯდომარემ გაიოზ ქინქლაძემ   კონტროლის პალატის მიერ დაბარებულ მოქალაქეებს საპასუხო განცხადების ფორმა გააცნო. სადაც ნათქვამია: „მზად ვარ გამოვცხადდე და მოგაწოდოთ ჩემთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია. ამისათვის კი საჭიროა წინასწარ მაცნობოთ თუ რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეიძლება ვიყო პასუხისგებაში მიცემული და გადმომცეთ ჩემი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის დამადასტურებელი სამართალდარღვევის ოქმი თანდართული საქმის მასალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებ სრულფასოვნად ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებებით“.

როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის სახელზე დაწერილი განცხადება თბილისში, კონტროლის პალატაში უკვე შეიტანეს.

გაიოზ ქინქლაძის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოების დაშინებას ცდილობს: „ეს არის დაშინება იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრებისა, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურ საქმიანობაში, ან აპირებენ ჩართვას. ძირითადად, ეს უწყებები მიუვიდა იმ ადამიანებს, რომლებიც არიგებდნენ გაზეთებს და აგროვებდნენ ხელმოწერებს ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენაზე. უწყება ამავდროულად მიუვიდათ ისეთ ადამიანებს რომლებიც არ არიან ამ პროცესებში ჩართულნი. მაგალითად, ჩემი ოჯახის წევრებს. ეს არის დაშინება ქართული საზოგადოების. საინტერესოა ის ფაქტიც, უწყებაში აღნიშნული არაა კონკრეტული ფაქტი ან კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც მათ განმარტებებს სთხოვენ. უწყებას არ აწერია კონტროლის პალატის მისამართი, ხოლო თავად უწყება არ არის დაბეჭდილი კონტროლის პალატის ბლანკზე, არ არის მითითებული რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციაში გატარების თარიღი“.

„გაზეთების დარიგებაა, თუ ხელმოწერების შეგროვება, ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. ხელისუფლება როცა ამას ებრძვის, ის ებრძვის საზოგადოების განვითარების დემოკრატიულ საფუძვლებს. ამ ხელისუფლების დემოკრატიულობაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, მაგრამ ამ დღეებში მათ მიერ განხორციელებული ქმედება უკვე იღებს შეურაცხმყოფელ სახეს. მათი მოქმედებები გამოიწვევს საზოგადოების არა დაშინებას, არამედ კიდევ უფრო შეკვრას და იმ აზრის განმტკიცებას, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ გააჩნია არანაირი მომავალი და აქ ცხოვრება შეუძლებელია“, - განაცხადა „რესპუბლიკელმა“ გია გოგინავამ.

კონტროლის პალატაში მისვლას არ გეგმავენ თამაზ სოსელია და მისი მეუღლე. იგი არც ერთი პარტიის წარმომადგენელი არაა. სოსელია დაკითხვაზე დაბარებას ადამიანის უფლებების შელახვად მიიჩნევს: „ალბათ, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც „ქართული ოცნების“ გაზეთს კითხულოობს, დასაკითხად დაიბარებენ. ჩემთვის ისიც გაუგებარია, რომ კონტროლის პალატა რატომ ზის და მერიის ადმინისტრაციაში და იქ რატომ იბარებს ადამიანებს?! არ მივსულვარ და არც ვაპირებ მისვლას, რადგან მე გასარკვევი არაფერი მაქვს. შემიძლია, პირდაპირ ვაღიარო, რომ ინიციატივა გამოვიჩინე და დავარიგე 8000 გაზეთი. მე ივანიშვილის ხედვას ვეთანხმები და ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ დამერიგებინა მისი გაზეთი“.

დაკითხულების თქმით, მუქარასთან და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან ერთად, ჩხრეკის მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. ხოლო კითხვები, რომელსაც მათ კონტროლის პალატის სახელით უსვამენ, ძირითადად, ივანიშვილის მოქალაქეობას და ფინანსებს შეეხება.

ფოთის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დაკითხული ერთ-ერთი მოქალაქე თამარ ჟვანია აღნიშნავს, რომ დაკითხვა საათნახევარი მიმდინარეობდა, მანამდე კი მკაცრი შემოწმება გაიარეს: „არა ვარ რესპუბლიკური პარტიის წევრი. ვარ  ჩვეულებრივი მოქალაქე, მაგრამ მეც მომივიდა უწყება. დაკითხვაზე მკითხეს, რატომ მივედი ამ პარტიაში და რატომ დავარიგე გაზეთები. მე ჩემი აზრი დავაფიქსირე და ვუამბე, როგორ ვარიგებდით გაზეთებს და როგორ ვაგროვებდით ხელმოწერებს. მკითხეს - ზეწოლას ხომ არ ქონდა ჩვენი მხრიდან ადგილი მოქალაქეებზე? ვუპასუხე, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და თუ ადამიანებს არ სურდათ ხელმოწერა, ჩვენ მათ არაფერს ვაიძულებდით. ძირითადად გვეკითხებოდნენ, რამდენი ხმა მოვაგროვეთ და რამდენი გადაგვიხადეს ამისთვის. ასევე გვკითხეს - რატომ მოვხვდით „იმ პარტიაში, რომელსაც აფინანსებს რუსეთი“. მე, ნამდვილად არ ვიცი ვისგან და საიდან შემოდის ფინანსები. მე ჩემი დავალება შევასრულე და ავიღე ანაზღაურებაც. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის საარსებო თანხა. არსად არ ვმუშაობ. არავის არა აქვს უფლება, ჩემზე ზეწოლა მოახდინოს. დაკითხვაზე სანამ შევიდოდი,  ყველაფერი შეგვიმოწმეს - პირადი ნივთებიც შეამოწმეს, საყურეც კი ჩამომხსნეს. ყველანაირი მეტალი ჩამოგვართვეს. ფეხზეც კი გაგვახდევინეს და ფეხსაცმელი დაათვალიერეს. ძალიან მძიმე პირობებში გაგვატარეს“.

რატომ ხდება ეს აურზაური ან ვისი მითითებით იბარებენ კონტროლის პალატის წარმომადგენლები მოქალაქეებს? ფოთის მერიის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მაკა ზარანდია ამ კითხვას არ პასუხობს. არაოფიციალურ საუბარში კი ამბობს: „დავალება მივიღეთ და არ ვიცი, რატომ დაკითხეს. ჩვენ კონტროლის პალატის კომპეტენციებში არ ვერევით“. 

ახალი ამბები