კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურჯაანში მასობრივი დაკითხვა გადაიდო

14 მარტი, 2012

ნინო კორაშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გურჯაანში 13 მარტს უნდა დაეკითხა, მაგრამ დაკითხვა ჯერ არ შედგა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა კონტროლის პალატისგან დაკითხვამდე საქმის მასალების გაცნობა მოითხოვეს.

„კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს ქალბატონ ნათია მოგელაძეს. თქვენი მოადგილის, გიორგი ამირანაშვილის დაუთარიღებელი და დაუნომრავი უწყებით, 2012 წლის11 მარტს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენს სამსახურში მიმდინარეობს პოლიტიკური სუბიექტების უკანონო დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება და რომ 2012 წლის 13 მარტს, 12:00 საათზე, მე უნდა გამოვცხადდე უწყებაში მითითებულ მისამართზე. თუმცა, არ არის ნათელი, რომელი ქმედების გამო და რომელი კანონის რომელი ნორმის დარღვევისთვის ვარ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი და რა არის ჩემი გადაუდებელი გამოძახების მიზეზი. მიუხედავად ამისა, მზად ვარ გამოვცხადდე და მოგაწოდოთ ჩემთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია. ამისთვის კი საჭიროა, ასკ-ის მე-10, 252.1-ე და 260.5-ე მუხლების მოთხოვნების თანახმად, წინასწარ მაცნობოთ თუ რა ადმინისტრაციული სამართალდაღვევისთვის (გადაცდომისთვის) შეიძლება ვიყო პასუხისგებაში მიცემული და გადმომცეთ ჩემი ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის დამადასტურებელი სამართალდარღვევის ოქმი თანდართული საქმის მასალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვერ შევძლებ სრულფასოვნად ვისარგებლო ჩემი კანონიერი უფლებებით. კერძოდ: ვიცოდე, რაში მედავება ადმინისტრაციული ორგანო; გავეცნო სამართალდარღვევის ოქმს და თანდართული საქმის მასალებს; მოვამზადო ჩემი ახსნა-განმარტება; წარმოვადგინო ჩემი მტკიცებულებები; მოვამზადო და განვაცხადო ჩემი შუამდგომლობები; ვისარგებლო ადვოკატის იურიდიული დახმარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სახელით, კოალიციის წარმომადგენელმა გურჯაანის გამგეობის შენობაში, კულტურის განყოფილების უფროსის სამუშაო ოთახში გამაგრებულ კონტროლის პალატის წარმომადგენელს გადასცა.

კულტურის განყოფილების ოფისს დაცვის პოლიცია იცავდა. ოფისის შესასვლელში 7 პოლიციელი იდგა, ერთი ამდენი - მისაღებში.

„უწყება 11 მარტს მომივიდა და დამიბარეს 13 მარტს, გამგეობის შენობაში. უნდა მიმეცა ახსნა-განმარტება ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით. ჩვენ ფულთან არ გვაქვს შეხება. ჩვენ გაზეთების დარიგების მეტი ნამდვილად არაფერი გაგვიკეთებია და ესეც თუ დანაშაულია, ნამდვილად არ ვიცი“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ნათია ბიწკინაშვილმა.

„მეც 11 მარტს მომივიდა უწყება, ნათელა სოლომნიშვილზე იყო გამოგზავნილი. მე ის უწყება არ მივიღე, რადგან არა ვარ ნათელა სოლომნიშვილი, ვარ ლინა სოლომნიშვილი. გავაბრუნე უკან. მერე ისევ მობრუნდა და მითხრა, დამიწერე, რომ არ იღებო. მეც დავუწერე, რომ არა ვარ ნათელა სოლომნიშვილი და ვარ ლინა სოლომნიშვილი-მეთქი. არ ვიცი, ამ საბუთებს რატომ მიგზავნიან, რა ხდება?! მე საერთოდ გაზეთებს ვარიგებ და აგიტაციას ვეწევი ხალხში. მეტი არაფერი. ფული არც გადამირიცხავს და არც არავის მოუცია. მე ენთუზიაზმით ვმუშაობ“, - აღნიშნა ლინა სოლომნიშვილმა.

13 მარტს, კონტროლის პალატის წარმომადგენლების მიერ რეგიონებში „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკითხვასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელმა ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა. „ხდება ინფორმაციის შემოწმება და შეგროვება, შემდეგ მათი შედარება იმ დეკლარაციებთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პოლიტიკურ პარტიებს კონტროლის პალატაში აქვთ წარმოდგენილი“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

სინამდვილეში, საქართველოს სხვა რეგიონებში, მაგალითად, გურიაში, დაკითხვიდან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის წარმომადგენლები აიძულებდნენ ეთქვათ, რომ „ქართული ოცნებისგან“ თანხები მიიღეს. კონტროლის პალატის წარმომადგენლებს სხვა რეგიონებშიც დაცვის პოლიცია იცავს, გაძლიერებული რეჟიმით.

ვიდეო

ახალი ამბები