01:14, Sunday, 20.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვნებები ჯვრის მონასტრის გარშემო

14.03.2012

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო „თავისუფლება“

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს დაიბრუნოს იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი, რომელიც ამჟამად იერუსალიმის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გარდა იმისა, რომ მონასტრის დაბრუნებაზე სპეციალური ჯგუფი მუშაობს, საკითხის ისრაელელ კოლეგასთან დაყენებას აპირებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. თუმცა, ჯვრის მონასტრის მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფს თავად იერუსალიმის საპატრიარქო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ჯვრის მონასტრის დაბრუნების პროცესში უწყებათაშორის ჯგუფთან ერთად ქვეყნის პირველი პირებიც არიან ჩართული: „ყველა კომპეტენტური ორგანოა ჩართული. რაც შეეხება ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოებასა და განახლებას, შემიძლია გაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში და შეხვედრა მის კოლეგასთან და, შესაბამისად, საკითხს დააყენებს პარლამენტის თავმჯდომარეც“.

პირველი განცხადება იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტრის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა, როცა  მიმდინარე წლის 25 თებერვალს თავდაცვის აკადემიას სტუმრობდა: „რამდენიმე ხნის წინ მე შევქმენი ჯგუფი, რომელიც მუშაობს ჯვრის მონასტრის დაბრუნებასა და გამოსყიდვაზე. ამის შესახებ ჩვენს საელჩოს დავალებული აქვს, რომ მჭიდრო კონტაქტები ჰქონდეს ისრაელის ხელისუფლებასთან. დროა ჯვრის მონასტერი დაუბრუნდეს საქართველოსა და ქართულ ეკლესიას, იქ ისევ აღევლინოს ქართული ლოცვა“.

ქართულად ლოცვა ჯვრის მონასტერში ორიოდე კვირის წინაც აღესრულა. თებერვლის მიწურულს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს წმინდა მიწაზე და ჯვრის მონასტერში იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ უმასპინძლა, თუმცა სწორედ თეოფილე მესამემ უარყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ცნობა ჯვრის მონასტრის დაბრუნების მცდელობასთან დაკავშირებით. იერუსალიმის პატრიარქმა ინტერვიუ ინტერნეტგამოცემა „იზრუსს“ 2012 წლის 8 მარტს მისცა.

ფრაგმენტი ინტერვიუდან: „ცოტა ხნით ადრე, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი განაცხადებდა, შუამავლების საშუალებით მოგვმართეს ქართველმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც მონასტრის გამოსყიდვა შემოგვთავაზეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. სწორად გამიგეთ. როლი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ  რეგიონსა და იერუსალიმში შეასრულა, ძალიან დიდია. ქართველების მიერ დაარსებული ჯვრის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში განათლების კერის ფუნქციას ასრულებდა. ბუნებრივია, ეს ადგილი ასევე უკავშირდება დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის სახელს და ბუნებრივია, რომ საქართველოს ხელისუფლებას სურვილი აქვს უკან დაიბრუნოს მონასტერი, როგორც სიმბოლო წმინდა მიწაზე თავისი ყოფნისა, რასაც 16 საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი“.

თეოფილე მესამის თქმით, მას დაუკავშირდნენ არა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ  ბიზნესმენები. გია ხუხაშვილის თქმით, ჯვრის მონასტრის დაბრუნების მცდელობა 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა, ამჟამად კი, მისი ვარაუდით, მონასტრის დაბრუნების რესურსი მხოლოდ ბიზნესმენთა ძალიან შეზღუდულ წრეს აქვს: „შეგვიძლია გვარი ვთქვათ ან არ ვთქვათ, მაგრამ ასეთი ადამიანი ერთადერთია საქართველოში! მხოლოდ მისი მხრიდან ამგვარი მასშტაბის პროექტის ინიციატივას შეიძლება გამოეწვია ხელისუფლების ასეთი ისტერიული კამპანია. უნდა ვივარაუდოთ, რომ პატრიარქის ვიზიტის დროს წარმოიჭრა ეს საკითხი და ბიზნესმენებიც ასეთ პროექტს მხარს უჭერენ“.

გია ხუხაშვილმა მინიშნება ყველაზე მდიდარ ქართველზე, ბიძინა ივანიშვილზე, გააკეთა. ინფორმაციის შემოწმების მიზნით, რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ივანიშვილის პრესმდივანს მაია ფანჯიკიძეს, რომლის პასუხიც იყო: „ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ აქტიურობას ჩვენი მხრიდან, მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, ფაქტია, რომ ის ცდილობს ეს საკითხი პროპაგანდისთვისა და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენოს“.

იერუსალიმში მდებარე ჯვრის მონასტერი მე-11 საუკუნეში გიორგი შავთელის მიერაა დაარსებული, თუმცა მე-17 საუკუნის დასასრულს, უსახსრობისა და ქართული სახელმწიფოს დასუსტების გამო, ჯვრის მონასტერი ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. თეოლოგი ლევან აბაშიძე მიიჩნევს, რომ მონასტრის მესაკუთრის შეცვლა რთული და მრავალშრიანი საკითხია:

„აქ ერთვება, პირველ რიგში, იერუსალიმის საპატრიარქო, ერთვება საბერძნეთის სახელმწიფო, სხვა მართლმადიდებელი საპატრიარქოები, ისრაელის სახელმწიფო... თუ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პირველ რიგში ურთიერთობა გასარკვევია მონასტრის ამჟამინდელ მესაკუთრესთან, ანუ იერუსალიმის საპატრიარქოსთან. და საერთოდ, ასეთ დელიკატურ საკითხებზე ჯობს ჯერ იყოს მოლაპარაკება, შედგეს მყარი შეთანხმება და შემდეგ გაკეთდეს ის ოფიციალური განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის“, - უთხრა ლევან აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქო, რომლის წარმომადგენელს, მიქაელ ბოტკოველს, რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა, თუმცა ორიოდე კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილის განცხადების პასუხად, საპატრიარქომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ილია მეორეს ისრაელში ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ჰქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა. საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს ეკლესიას არც იმის თაობაზე აქვს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ქმედებებს ახორციელებს ხელისუფლება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC