კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ყინწვისის საქმე“ - მსგავსი რეპრესიები შესაძლოა, ნებისმიერ უდანაშაულო მოქალაქეს შეეხოს

14 მარტი, 2012

თამთა ბელიაშვილი

14 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2011 წლის 26 მაისს ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 24 მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვეს. პრესკონფერენციას მსჯავრდებულთა ადვოკატები და ნათესავებიც დაესწრნენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, უჩა ნანუაშვილმა ვრცლად ისაუბრა „ყინწვისის საქმეში“ არსებულ დარღვევებზე. მისი თქმით, დაკავებულები აწამეს და დააშინეს, რის გამოც უმრავლესობამ ითანამშრომლა პროკურატურასთან და იძულებით გააფორმა საპროცესო შეთანხმება დანაშაულის აღიარებით. საქმეში პრაქტიკულად არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაკავებულთა დანაშაულს დაადასტურებდა.

საპროცესო გარიგებას მხოლოდ ორი მსჯავრდებული ნიკოლოზ გოგუაძე და ოლეგ კეშელავა არ დათანხმდნენ. ამიტომ მათ უფრო მკაცრი სასჯელები ხვდათ წილად. გოგუაძეს სასამართლომ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, კეშელავას კი - 8 წლით. ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და განაჩენს საკასაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. საბოლოოდ საქმე, ალბათ, სტრასბურგში - ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში გასაჩივრდება.

ოლეგ კეშელავას ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 26 მაისს ყინწვისში საერთოდ არ იმყოფებოდა და დანარჩენ დაკავებულებს არც კი იცნობდა. 26 მაისს ოლეგ კეშელავა თავის მეგობრებთან ერთად, მეუფე იობთან შესახვედრად გაემგზავრა ურბნისის სამონასტრო კომპლექსში, საიდანაც თბილისში დაბრუნდა. ყინწვისში ის არ ყოფილა.

„ბრალდებაში პირდაპირ წერია, რომ ეს ადამიანები შეიკრიბნენ ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაწყვიტეს შეიარაღებული გზით ხელისუფლების დამხობა, რაშიც ხელი უნდა შეეწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსულ 2000 კაცს, ეროვნებით რუსსა და ქართულ ენაზე მოლაპარაკეს. სასამართლო პროცესზე შევეცადეთ გაგვერკვია, ვინ იყო ეს 2000 კაცი, როგორ შეარჩიეს ამდენი ქართულად მოლაპარაკე რუსეთის მოქალაქე და საქართველოს საზღვრის რომელ მონაკვეთთან დაფიქსირდა ამ რაზმის გადმოსვლის მცდელობა. ამ კითხვებზე პროკურატურა პასუხი არ ჰქონდა. ამ 2000-კაციანი შეიარაღებული რაზმის შესახებ ინფორმაციას არც ერთი სამართალდამცავი ორგანო არ ადასტურებს“.

მიხეილ ცილიკიშვილის მეუღლისა და ადვოკატის, ქეთი პერანიძის თქმით, 26 მაისს ღამით მეუღლისგან მიიღო მესიჯი: „გორში დაგვაკავეს“. ამის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა. იგი ქმარს მთელი 24 საათის განმავლობაში ეძებდა და საბოლოოდ თბილისში, იზოლატორში მიაგნო. დაკავებულთა ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არც სხვა პატიმრების ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ.

„2011 წლის 26 მაისს, დილით  ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების  მიზეზად დასახელდა შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. სპეცოპერაცია ფართოდ გაშუქდა ტელევიზიებით და გავრცელდა თითქოსდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღის ვიდეოკადრები. შსს-ს მაღალჩინოსნები სიუჟეტებში აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ამზადებდნენ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას. შეშფოთებას იწვევს „ყინწვისის საქმის“ შემდგომი განვითარება. კერძოდ, ყინწვისის სპეცოპერაციის შესახებ  შსს-ს საიტზე - http://www.police.ge/ თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა  ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით და ბრალდებულებმა  დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს... დღეისათვის ასეთი შინაარსის ინფორმაცია შსს-ს საიტზე აღარ დევს, ხოლო პროკურატურა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინწვისში არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მედიაში გასავრცელებლად დაურიგდათ.
განცხადებას ხელ აწერენ ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საზოგადოების კვლევის ცენტრი; ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი; ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის; საზოგადოებრივი დამცველი; „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“; ზაქარია ქუცნაშვილი, „კანონი ხალხისათვის“; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“. მიგრანტთა უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი; „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლის, ნანა კაკაბაძის თქმით, ეს საქმე კლასიკური მაგალითია, თუ როგორ დევნის საქართველოს ხელისუფლება ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით: „ეს ადამიანები, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკაში მოსვლის ინტერესი, აღმოჩნდნენ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლნი“.

„ყინწვისის საქმის“ მსგავს შემთხვევევზე ისაუბრა ორგანიზაცია „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ წარმომადგენელმა ლადო მაჭარაშვილმა. მისი თქმით, აშკარაა, რომ დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

პრესკონფერენციის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამართლებრივ ორგანოებში არსებულ კანონდარღვევებზე და უსამართლობაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ინტერესი და აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მსგავსი რეპრესიები, ერთ დღესაც, შესაძლოა, ნებისმიერ უდანაშაულო მოქალაქეს შეეხოს.

ახალი ამბები