კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა ევროკავშირის კომისარს

13 მარტი, 2012

ევროკავშირის კომისარს გაფართოების საკითხებში ბატონ შტეფან ფულეს
Cc: დანიის პრემიერ-მინისტრ ქ-ნ ჰელე თორნინგ- შმიდტს
Cc: დანიის ევროპის საკითხთა მინისტრ ბ-ნ ნიკოლაი ვამენს

ბატონო კომისარო, ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მონდომებასა და განხორციელებულ ძალისხმევას საქართველოში მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად და ვითვალისწინებთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს 2012 წლის 27 თებერვლის დასკვნას, რომელიც ხაზს უსვამს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებთან თანხვედრის უდიდეს მნიშვნელობას და „საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დაკვირვების“ პირობას დებს.

გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი შეშფოთება საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ 2011 წლის დეკემბერში მიღებული ცვილებების თაობაზე. 

2012 წლის თებერვალში, ფართო კონსესუსის საფუძველზე, 200-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტმა, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენელმა, და ასევე 1500-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ახალი ცვლილებების განხორციელებას ითხოვს, ვინაიდან ბოლოდროინდელი რეგულაციები აუარესებს საარჩევნო გარემოს, ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური აქტივობის თავისუფლებას, და ამომრჩეველთა წინააღმდეგ მძიმე და გაუმართლებელი პასუხისმგებლობის დაკისრების საშუალებას იძლევა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ე.წ. „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით. აღნიშნულ მოსაზრებას ეხმიანება მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის განცხადება (2012 წლის 13 თებერვალი) და, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს, რომ ახალი საარჩევნო კანონმდებლობა „არათანაბარ პოლიტიკურ სამოქმედო ველს“ ქმნის.

სამოქალაქო აქტორებისა და მედიის წარმომადგენელთა ინიციატივით დაიწყო კამპანია სახელწოდებით „ეს შენ გეხება“, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. კამპანია მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებამდე ხმის მიწვდენასა და მათი მხარდაჭერის მობილიზებას ისეთი თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისათვუს, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო  ვალდებულებებს, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმისა (ENP AP) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში.

მოახლოებული არჩევნების ფონზე, დემოკრატიული განვითარების ზემოაღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად და ამავდროულად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემის უზრუნველსაყოფად, 2012 წლის 17 თებერვალს პარლამენტს წარედგინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება - კანონპროექტების პაკეტი. 2012 წლის 2 მარტს კანონპროექტის პაკეტს გაეცნენ უცხოელი დიპლომატები,  საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლების, საპარლამენტო და არა-საპარლამენტო პარტიების, აგრეთვე არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტი ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებში და საკანონმდებლო ინიციატივის ცალკეული დებულებებისა და კანონში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების საკითხის განხილვის პირობა დადო. კონსულტაციების მიმდინარე პროცესის გათვალისწინებით, ევროკავშირს მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობასთან ოფიციალური კომუნიკაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ახალ კანონმდებლობას, მათ შორის 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვილელებთან დაკავშირებით შემუშავებულ შესაბამისი რეკომენდაციებს.

ამასთან, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს (OSCE/ODIHR) მიმართეს თხოვნით, მხარი დაუჭირონ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარგზავნას საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ჭეშმარიტად დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. 2012 წლის 28 თებერვალს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წინაშე, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა 2012 წელს გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ და მონიტორინგის პროცესში მაქსიმალურად ჩართვის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები  მოიწვია. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოების აქტორთა ინიციატივას და საქართველოს მთავრობას მოუწოდოთ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს (OSCE/ODIHR) შესაბამისი მოსაწვევით მიმართოს.

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნვესაყოფად თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგში პრიორიტეტულ თემად დარჩება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა (მხარს უჭერს ეროვნული პლატფორმის წევრი 51 ორგანიზაცია):

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
3. ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
5. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
6. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
7. ლიბერალური აკადემია - თბილისი
8. ეკონომიკური და სოციალური კვლევების კავკასიური ინსტიტუტი
9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
10. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი
11. ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“
12. მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი
13. ჯანმრთელი სამყარო
14. ასოციაცია „ეკოტექი“
15. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
16. ენერგოეფექტურობის ფონდი
17. საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია
18. მედია განვითარების ფონდი
19. ლევან მიქელაძის ფონდი
20. ეკოლოგიური სამართლის ცენტრი
21. ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“
22. ადამიანის უფლებათა ცენტრი
23. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
24. ახალგაზრდული ალტერნატივა
25. ფრიდრიხ ებერტის ფონდი
26. კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის
27. თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია
28. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები
29. კავკასიური სახლი - საქართველო
30. მრავალეროვანი საქართველო
31. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
32. ასოციაცია „დეა“
33. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
34. სტუდია „რე“
35. ფონდი „ინკლუზივი“
36. ევროპულ სწავლებათა ასოციაცია საქართველოს ინოვაციური განვითარებისათვის
37. სტუდიო FM
38. ახალგაზრდული ცენტრი- საქართველო
39. გორის საინფორმაციო ცენტრი
40. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
41. ევროპული ინტეგრაციის ფორუმი
42. რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
43. ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“
44. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი
45. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო
46. ასოციაცია „მწვანე ტალღა“
47. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
48. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
49. ქართველ სომეხთა გაერთიანება “ნორ სერუნდი“
50. ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია
51. კავკასიის ქალები საუნივერსიტეტო განათლებით 

12 მარტი, 2012 წ. თბილისი, საქართველო

ახალი ამბები