11:45, Tuesday, 21.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კანონი, რომელიც ყველას შეეხო

19.03.2012

ალეკო ცქიტიშვილი, humanrightshouse.org

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები არც თუ იშვიათად იწვევს მოქალაქეთა უკმაყოფილებას, მაგრამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონმა სამოქალაქო საზოგადოების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კანონის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აგორებულ კამპანიას სახელწოდებით „ეს შენ გეხება“ პირველივე დღეებში რეკორდულად ბევრი - 200-ზე მეტი ორგანიზაცია შეუერთდა. მძაფრი სამოქალაქო პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლებამ კანონი პრაქტიკაში მაინც დანერგა -  კონტროლის პალატაში სპეციალურად შექმნილმა ორგანომ ოპოზიციური პარტიებისა და მათთან რაიმენაირად დაკავშირებული მოქალაქეების დევნა დაიწყო.

ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ წინასაახალწლოდ - 2011 წლის 28 დეკემბერს მიიღო. 28-30 დეკემბრის სესიებზე ასევე დამტკიცდა კანონები „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, რომლებიც ასევე იწვევს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი კანონების შესაბამისი ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც გამკაცრდა სასჯელები აღნიშნულ კანონებში ასახული დარღვევებისთვის.

მაგალითად, სისხლის სამართლოს კოდექსში განხორციელებული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, „პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით“. ამ დებულებით გათვალისწინებულ უკანონო ქმედებებში ჩართული იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით“.

კანონი ექსკლუზიურად ოპოზიციისთვის

საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვან კანონპროექტებს საკომიტეტო განხილვებისას ოპოზიცია მძაფრი კრიტიკით შეხვდა. მეორე და მესამე მოსმენით მათ დასამტკიცებლად „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობამ წინასაახალწლო დღეები შეარჩია - იმ იმედით, რომ სადღესასწაულო პერიოდში ოპოზიცია პროტესტისთვის ნაკლებად მოიცლიდა. მართლაც, თავდაპირველად  ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონებს მხოლოდ ერთი-ორი საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურა. თუმცა, მერე და მერე პროტესტის მუხტმა იმატა.

თებერვლიდან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“. 16 თებერვალს კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციები სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ შეიკრიბნენ და ახალი კანონებისადმი პროტესტი საგანგებო პეტიციაზე  ხელის მოწერით დააფიქსირეს. ხელმოწერილი პეტიცია და კამპანიის ფარგლებში შემუშავებული გადაუდებელი საკანონმდებლო წინადადებები, არსებული რეპრესიული კანონმდებლობის საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ასამდე საერთაშორისო და დიპლომატიურ ორგანიზაციას გაეგზავნა. 17 თებერვალს კი ყველა ეს დოკუმენტი პარლამენტში შეიტანეს. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტები და ვიდეორგოლი.

პეტიციაში, რომელსაც დღეისათვის 200-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს, ნათქვამია: „არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ვაცნობიერებთ რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობას, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ ამ საკითხთან დაკავშირებით 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას“.

23 თებერვალს საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის - დედაქალაქში, კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციებმა მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. არასამთავრობო სექტორი ცდილობს, ყველა მოქალაქე იყოს ინფორმირებული, თუ რა უფლებები ეზღუდებათ მათ ახალი კანონებით. საზოგადოების ინფორმირება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს საარჩევნო წელს და თანაც, იმ პირობებში, როცა წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულია. თითქმის არავის ეეჭვება, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დრაკონული კანონები მის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან - მილიარდერ ოპოზიციონერთან, ბიძინა ივანიშვილთან და მის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციური კოალიციასთან ბრძოლის მიზნით მიიღო.

საინტერესოა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, „ამომრჩევლის მოსყიდვის“ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არა მარტო პარტიას, არამედ რიგით ამომრჩეველსაც ეკისრება. მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, მათ შორის ფონდებს, საქველმოქმედო საქმიანობა შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვალოთ და ამისათვის კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. კანონის ამ ნორმებმა მრავალი უხერხული და კურიოზული სიტუაცია შექმნა. მაგალითად, კანონის მიღებამდე საჩხერის მთელი მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობიდან უამრავ სიკეთეს იღებდა, მათ შორის - სადაზღვევო პოლისებს. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური მიზნების შესახებ განაცხადა და პარლამენტმაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით მისთვის სპეციალური შეზღუდვები დააწესა, საჩხერელი მოქალაქეები, სადაზღვევო პოლისებით ვეღარ ისარგებლებენ.

უხერხული ვითარება

ზოგიერთი უცხოური დონორი ორგანიზაცია და ფონდი, რომელთა საქმიანობა პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდაჭერით იყო ცნობილი, იძულებული გახდა, ეფიქრა ისეთი პროგრამებისა და აქტივობების შეჩერებაზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად დაუკავშირდებოდა პოლიტიკური პარტიების საქმიანობას. პრობლემა შექმნა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით დაწესებულმა შეზღუდვამ იურიდიული პირის მიმართ, რომელიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები“.

დეპუტატ ლევან ვეფხვაძის ცნობით, ახალმა კანონმა შეაფერხა „მრავალპარტიული დემოკრატიის ნიდერლანდების ინსტიტუტისა“ (NIMD) და „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS) მუშაობა, რადგან მათი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება და საქართველოს ნებისმიერი კანონი მათ პირდაპირ ეხება. დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ჯანან ატილგანი, რომელმაც სააგენტო „პირველთან“ საუბრისას განმარტა, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 25-ე და 26-ე მუხლები ბუნდოვნად არის ფორმულირებული, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა და შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თუმცა, ფონდი საქმიანობის შეწყვეტას ჯერჯერობით არ აპირებს.

საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხების გამო, იმდენად უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს 5 მარტს გამართულ ბიუროს სხომაზე სპეციალური განმარტება დასჭირდა. მისი თქმით, არასამთავრობო  ორგანიზაციების აქტივობებს  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი არანაირად არ  შეზღუდავს. ხოლო იმ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობენ და მათ ინსტიტუციონალურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნავენ, აქამდეც არ იზღუდებოდა. ამავე დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარა, რომ კანონი დასახვეწია და პირობა დადო, რომსაერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონში სპეციალური და მკაფიო ჩანაწერი გაკეთდება. „ჩვენი მიზანია, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას“, - აღნიშნა მან.

საპროტესტო კამპანიამ - „ეს შენ გეხება“ თანდათან ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, დაეწყოთ მოლაპარაკებები სამოქალაქო საზოგადოებასთან. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი კამპანიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდა და გამოთქვა მზაობა, რომ კანონში ზოგიერთი ნორმის დაზუსტება კიდევ მოხდება. 13 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილიც შეხვდა. შეხვედრაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის  სრულყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებები განიხილეს.

კონტროლის პალატა - პოლიტიკური პოლიცია?

ვიდრე კუბლაშვილი და ბეჟაშვილი კანონში საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებებს შეიტანენ, უკვე არსებული კანონით ინსპირირებულმა მოვლენებმა არაპროგნოზირებადი სახე მიიღო.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის საფუძველზე ჯერ კიდევ 3 იანვარს (ახალი წლის ოფიციალური უქმეების დასრულებისთანავე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის  მემორანდუმს, რომელიც, კონტროლის პალატის განცხადებით, მას „პარტიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სიზუსტის დადგენაში“ დაეხმარება. ამავე დროს კონტროლის პალატაში მუშაობას შეუდგა პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახური, რომლის ფუნქციაც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია. ამ სამსახურის უფროსად პროკურორი ნათია მოგელაძე დაინიშნა.

კონტროლის პალატის პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის შემდგომმა რეპრესიულმ ასაქმიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. სამსახურის მთავარ სამიზნედ იქცა ოპოზიციონერი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი და მისი ინიციატივით შექმნილი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“. 26 იანვარს კონტროლის პალატამ გამოაცხადა, რომ 2011 წლის 26 დეკემბერს მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ გააფორმა ხელშეკრულება შპს „ელიტა ბურჯთან“ მომსახურების შესყიდვაზე და 29 დეკემბერს ამ ხელშეკრულების საფუძველზე „ელიტა ბურჯს“ საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა. თავის მხრივ, 2012 წლის 17 იანვარს „ელიტა ბურჯმა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუ ჯგუფთან“ ასოცირებული სამშენებლო კომპანიაა, გადარიცხული თანხიდან ჯერ 100 000 ლარი დაურიცხა უკან მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, შემდეგ კი - 1 მილიონი ლარი. კონტროლის პალატამ მოითხოვა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს თანხა „ელიტა ბურჯს“ დაუბრუნოს. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, დათანხმებოდა კონტროლის პალატის ამ მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ იგი სამართლიანად არ მიაჩნდა. მოგვიანებით, კონტროლის პალატამ კიდევ არაერთხელ დაადანაშაულა „ქართული ოცნება“, 12 მარტს კი ივანიშვილის კუთვნილი „ქართულ ბანკი“ 822 040 ლარით დააჯარიმა - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე“

იურიდიული პირების გარდა, კონტროლის პალატის რეპრესიული მოქმედებები ფიზიკურ პირებსაც შეეხო. 12 მარტს საქართველოს რამდენიმე რეგიონში  ოპოზიციურ პარტიებთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულმა პირებმა ერთდროულად მიიღეს ე. წ. უწყისები, სადაც ეწერა, რომ მოქალაქეებს იბარებდნენ  მუნიციპალიტეტების გამგეობების შენობებში, ახსნა-განმარტების მისაცემად. როგორც მოქალაქეები იხსენებენ, გამგეობების შენობებში შესვლისას ისინი უხეში ფორმებით გაჩხრიკეს, ხოლო შენობაში მათ ნამდვილი დაკითხვა მოუწყვეს და მუქარის ტონით მოსთხოვეს ოპოზიციის მხარდაჭერის შეწყვეტა. მოქალაქეთა ჩხრეკის ფორმებთან დაკავშირებით პროტესტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც გამოხატა. საიას შეფასებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლისას დაცვის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, საიას წარმომადგენლები, ისევე როგორც დასაკითხი პირები, „შეუსაბამოდ მკაცრი კონტროლის მეთოდით გაჩხრიკეს -  სამივე ადვოკატს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, რაც ცალსახად შეურაცხმყოფელი ფორმებით ხორციელდებოდა“. 12 მარტს მოქალაქეთა ასეთი მასობრივი დაკითხვები კონტროლის პალატამ თითქმის ყველა რეგიონში განახორციელა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო, გურიაში, სამეგრელოში, კახეთსა და შიდა ქართლში განხორციელებული დაკითხვების ფორმები.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, კონტროლის პალატა სადამსჯელო ორგანიზაციად იქცა. „თუ აქამდე ასეთი გვყავდა კუდი და სოდი, ახლა უკვე მესამე - გესტაპო შეემატა კონტროლის პალატის სახით“, - განუცხადა სუბარმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, „კონტროლის პალატა რომ აქტიური უნდა იყოს, ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა“. რეგიონებში მოსახლეობის დაკითხვა-ჩხრეკის შესახებ გავრცელებულ ცნობებს კი კუბლაშვილმა უტრირებული უწოდა.

საინტერესოა, რომ ისედაც სკანდალური კანონის მიღებას დამატებით ახლდა კიდევ ერთი სკანდალი. გავრცელებული ინფორმაციით, ვენეციის კომისიის მიერ კანონპროექტის მოწონების შემდეგ მასში საპარლამენტო უმრავლესობამ დამატებით კიდევ შეიტანა შესწორებები. ექსპერტი სამართლის საკითხებში მინდია უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს არაფერი აქვს საერთო იმ რეკომენდაციების არსთან, რომელიც ევროსაბჭომ, მათ შორის ვენეციის კომისიამ ქართულ მხარეს შესთავაზა. უგრეხელიძე ფიქრობს, რომ „ადგილი აქვს მათი მოსაზრებების ბოროტად ინტერპრეტირებას“. 

კონტროლის პალატისა და ზოგადად საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების წუხილს იწვევს. აშშ–ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარში განაცხადა: „შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც ახლავს კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს. ამ უწყების, ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ვერ შეუწყობს ხელს სრულფასოვანი განმარტებების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას“. 16 მარტს კი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ის სწავლობს კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის აქტივისტების დაბარებისა და დაკითხვის საქმეებს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC