კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩოჩელების საამქროს უფროსი ჟურნალისტს აგინებს და „ცხვირ-პირის დანგრევით“ ემუქრება

20 მარტი, 2012

გელა მთივლიშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

შპს „ინტერპლასტის“ საამქროს უფროსი მიშა ბერიანიძე გაზეთ „რეზონანსის“ და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტს მარი ოთარაშვილს ცხვირ-პირის დანგრევით ემუქრება. „ინტერპლასტის“ მფლობელები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და მის ძმა იაგო ჩოჩელი არიან.

„მიშა ბერიანიძის გვარი და სახელი პირველად გასული წლის ნოემბერში გავიგე. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წინასაარჩევნო პერიოდში, ბერიანიძე წეროვანში მცხოვრებ ახალგორელებში აგიტაციას ჯერ დე ფაქტო ვიცე-მერს ალან კოტაევს უწევდა, შემდეგ კი - ოპოზიციონერს - ალა ჯიოევას. ნამდვილად ასე იყო თუ არა, რა თქმა უნდა, გადამოწმება ბერიანიძესთან ვცადე და დავურეკე. ეს იყო გასული წლის 10 ნოემბერს“.

„რომელმა გითხრა, რომ მე აგიტაციას ვეწევი? მე იმის დედა!.. მეტი საქმე არ გაქვს?! თუ თქვენი პირადი იმის გულისთვის, რომ თქვენ კარგად იყვეთ, სხვისი არ გაინტერესებთ, ვის რა მოუვა?! რომელმა გითხრა, მე იმის ოჯახი!.. რომელ კორექტულობაზე მელაპარაკები მე შენი!..“ - ბერიანიძემ ჟურნალისტი უწმაწური სიტყვებით შეურაცხყო და დედა აგინა.

მარი ოთარაშვილი ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მუშაობას ახერხებს. იგი იქ არის ჩაწერილი.
 
16 მარტს მარი ოთარაშვილმა გაზეთ „რეზონანსში“ სტატია გამოაქვეყნა -  „წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ახალგორში“. სტატიაში იგი წერს: „შარშან დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები ახალგორში ცხინვალის დე ფაქტო ვიცე მერმა - ალან კოტაევმა მოიგო, რომელსაც აგიტაციას, როგორც ადგილობრივები და ასევე დე ფაქტო ჩინოვნიკები ამბობდნენ, წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ცეზარ ჩოჩელთან დაახლოებული პირი, მიშა ბერიანიძე უწევდა. თავად ბერიანიძე კი ამას „რეზონანსთან“ საუბრისას კატეგორიულად უარყოფდა“.
 
19 მარტს საღამოს მიშა ბერიანიძემ მარი ოთარაშვილს დაურეკა. „რაზე წერ ჩემზე, გამაგებინე! ვინ გაძლევს ინფორმაციას, მითხარი! მიცნობ, გიცნობ, რა გინდა?! ან ვინ რას გეუბნება, მე იმის დედის... გამაგებინე, რა გინდა, გამაგებინე! მაინც და მაინც უნდა გნახო სადმე და გხიო?! მე... შენი ...“

ჟურნალისტმა მას ტელეფონი გაუთიშა.
 
„რაზე გამითიშე ტელეფონი?!.. მე ვარ ცეზარას მარჯვენა ხელი?! მელაპარაკე ერთი, რა გინდა?! ვინ გაძალებს მაგას, რასაც წერ?!“ - ბერიანიძემ ჟურნალისტს და მთლიანად გაზეთ „რეზონანსს“ აგინა და ასევე დაემუქრა მას, რომ ახალგორში და წეროვანში ვერ ჩაესვლებოდა.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიშა ბერიანიძეს დაუკავშირდა. ჩვენთან სატელეფონო საუბარში მან უცენზურო სიტყვებით გინება გააგრძელა.
 
- ბატონო მიშა, მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან გირეკავთ. ჟურნალისტ მარი ოთარაშვილს შეურაცხყოფა რატომ მიაყენეთ და რატომ დაემუქრეთ?
 
- მაგას რომ მეკითხები, რატომ იმას არ ეკითხები რაზე წერს ჩემზე?
 
- რას ნიშნავს რაზე წერს თქვენზე? არ შეიძლება თქვენზე დაწეროს?

- არა, არა და არა. აი, ძმაო, კაცურად, ამის დედა ვატირე, მაგ.... ჯერ რაღაცა დაწერა ადრე, ახლა კიდე, რატომ მიქმნით პრობლემებს, რა გინდათ? დევნილი ვარ, არ მაინტერესებს პოლიტიკა, თქვენმა პოლიტიკამ მაქცია დევნილად... მე მაგათი დედა მოვ... იქიდან გამომაქციეთ, წეროვანში ვარ, აქაც არ მასვენებთ. შემეშვით რა საერთოდ, ამის დედა ვატირე. ვინმეს რამე უნდა დავუშავო, რომ შემეშვათ? რა უფლება გაქვთ ჩემზე რომ წერთ? მეკითხებით რამეს? უნდა ჩამომიყვანოთ და ცხოვრება გაგიმწაროთ? ცხვირ-პირი უნდა დავუნგრიო, თავი რომ დამანებოს?...
 
- ცეზარ ჩოჩელთან ნამდვილად მეგობრობთ?
 
- ვისი რა ტრ.... საქმეა, ვისთან ვმეგობრობ. ჟურნალისტების დედა შევე.... შემეშვით რა!
 
- მუშაობთ თუ არა ჩოჩელების ქარხანა „ინტერპლასტში“
 
- კი.
 
- რაზე?
 
- ცეხის უფროსი ვარ“.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს ვერ დაუკავშირდა. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
 
ცეზარ ჩოჩელს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2011 წლის 20 მაისს აქვს შევსებული. გუბერნატორი დეკლარაციაში განმარტავს, რომ შპს „ინტერპლასტს“ 2008 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 19 197 ლარი ასესხა. გასესხებული თანხიდან სარგებლის სახით ჩოჩელს 4 132 ლარი აქვს მიღებული. ჩოჩელს დეკლარაციაში შეტანილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებაც. ამ ხელშეკრულების თანახმად, გუბერნატორმა კორპორაცია „რემაქს ენდ კოს“ შპს „ინტერპლასტის“ წილი მიჰყიდა. ამ გარიგებიდან, ჩოჩელს 1 წლის განმავლობაში 7 013 907 ლარი უნდა მიეღო (ხელშეკრულება 2009 წლის 29 იანვარს არის დადებული და მისი ვადა 2012 წლის 29 იანვარს იწურებოდა). დეკლარაციაში მითითებულია, რომ დოკუმენტის შევსების დროისთვის ამ გარიგებიდან ჩოჩელს შემოსავალი მიღებული არ აქვს. ცეზარ ჩოჩელს ქონების მართვის უფლება მინდობილობით საკუთარ ძმაზე, იაგო ჩოჩელზე აქვს გადაფორმებული. დეკლარაციაში მითითებულია, რომ იაგო ჩოჩელმა შპს „მიქსორსა“ და შპს „ლარმაქსში“ კუთვნილი წილი ცეზარ ჩოჩელს დაუთმო შპს „ინტერპლასტის“ 9,9992% წილის სანაცვლოდ.
 
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველს და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ჟურნალისტზე ზეწოლის და მის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

ორიგინალი სრულად

Humanrights.ge-ს რედაქციამ თავი შეიკავა მცეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის სტატიაში შპს „ინტერპლასტის“ საამქროს უფროსის, მიშა ბერიანიძის მხრიდან გამოყენებული უწმაწური სიტყვებისა და გინების ტექსტის სრულად ტირაჟირებაზე. თუმცა, მიგვაჩნია, რომ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მხრიდან გამართლებულია ასეთი ზუსტი და ნატურალისტური სახით მუქარის გამოქვეყნება, რადგან ერთი მხრივ, მკითხველს სრული წარმოდგენა შეექმნას, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, მეორე მხრივ კი ეს ტექსტი პირდაპირი სამხილია პროკურატურისათვის. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს პროკურატურას, დაკითხოს მიშა ბერიანიძე და მისცეს იგი პასუხისგებაში.

ახალი ამბები