კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვნებათაღელვა აზიზიეს მეჩეთის გარშემო

21 მარტი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info 

თურქეთში არსებული ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით, თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, ამჟამად მხარეები ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტზე მუშაობენ და მას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ. 

მოლაპარაკებები ეხება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ტაძრების - ოშკისა და იშხნის აღდგენის სანაცვლოდ, ახალციხეში არსებული აჰმედიეს მეჩეთის რესტავრაციასა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებას. საპატრიარქოსა და საზოგადოების ერთი ნაწილის ნეგატიური გამოხმაურება  სწორედ  აზიზიეს მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

აზიზიეს მეჩეთი ბათუმში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებში, თურქეთის სულთანის, აბდულ აზიზის ბრძანებით, ბათუმში დისლოცირებული თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშენდა. მეჩეთი, რომელსაც აზიზიეს ჯამესაც უწოდებდნენ, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე მდებარეობდა. ისტორიული ცნობების მიხედვით ჯამე მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. დღეს ძველი მეჩეთი აღარ არსებობს. მის ადგილზე  საცხოვრებელი სახლები დგას. 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მხარე ქართული ტაძრების - ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ, ახალციხეში არსებული მეჩეთის რესტავრაციასთან ერთად, ბათუმში, მეოცე საუკუნეში დანგრეული აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებასაც ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად შეთანხმება გაფორმებული არ არის, ქართული მხარე თურქეთის ამ წინადადებას დათანხმდა. სამინისტროს ინფორმაციით, მეჩეთი ისტორიული მასალების საფუძველზე აღდგება, ასაშენებელი ადგილის გამოყოფა კი ქართული მხარის პრეროგატივაა.

„აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისათვის მთლიანად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისათვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ცენტრებად“, - ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხზე თურქულ-ქართულმა მოლაპარაკებებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს საპატრიარქო მოლაპარაკებებს უკანონოს უწოდებს, რადგან მასში საპატრიარქო ჩართული არ ყოფილა.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები ორ წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით, რადგან საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში; მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩვენი პრინციპული, მაგრამ, ამავე დროს, კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა“, - ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ ამ მოლაპარაკებით ხელისუფლება არათუ არღვევს კონსტიტუციურ შეთანხმებას, არამედ პირიქით, ასრულებს შეთანხმებიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს: „ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საპატრიარქოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები უკანონოა და დაირღვა კონსტიტუციური შეთანხმება.  ამ მოლაპარაკებებით სახელმწიფო არათუ არღევევს, არამედ პირიქით - ასრულებს კონტიტუციური შეთანხმების მოთხოვნას, რომელიც სქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს,  იზრუნოს საქართველოს ტერიტორიის მიღმა არსებულ ქართულ, კულტურულ, რელიგიურ ხუროთმოძღვრების ძეგლებზე“, - აცხადებს ბექა მინდიაშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს გაუმართლებლად მიაჩნია იშხნისა და ოშკის რესტავრაციის სანაცვლოდ აჭარაში მუსულმანური მეჩეთის მშენებლობა. მეჩეთის აშენების საპირწონედ საქართველოს საპატრიაქრო ლაზეთის მხარეში ბაზილიკის აშენების ნებართვას და მოლაპარების პროცესში ჩართვას ითხოვს. „ხოლო თუ ამის განხორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკის და იშხანის გადარჩენის საბაბით ბათუმში ჩვენი ისტორიის მძიმე პერიოდის სიმბოლოს, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა“, -  ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს ბრალდებების პასუხად კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საპატრიარქო მუდმივად ინფორმირებული იყო მოლაპარაკებების ყველა ეტაპის შესახებ. „საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყო მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე. უკანასკნელი შეხვედრა ამ თემაზე კულტურის მინისტრმა საპატრიარქოში ამ ორიოდე დღის წინ გამართა, ვინაიდან საკითხი ეხება ეროვნულ საქმეს, ჩვენი ძეგლების გადარჩენას და შესაბამისად, საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მომავალშიც – სამინისტრო მზად არის, ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს“, - აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ 10 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთ-სქართველოს შორის წარმოებული მოლაპარაკებების მიმართ ნეგატიურად განწყობილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ეს საკითხი ხელისუფლებას სავაჭრო თემად არ უნდა ექცია; პრობლემა საერთაშორისო სამართლის ნორმებით უნდა დარეგულირებულიყო და არა ამგვარი შეთანხმებით. ამავე აზრზეა საქართველოს საპატრიარქოც. „არა აქვს გამართლება იმ პოზიციასაც, თითქოს ეს კეთდება ოშკისა და იშხანის გადარჩენის მიზნით, რადგან, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა თურქეთის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, ხელისუფლებას ამ მიზნით წლების წინ უნდა მიემართა იუნესკოსთვის (რაც არაერთხელ შევახსენეთ) და ეს თემა დღეს განხილვის საგნად არ უნდა ექცია“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს, ბუბა კუდავას. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ძეგლების რესტავრაცია არანაირ კავშირში არაა იუნესკოსთან. იუნესკო თავისი ბუნებისა და მოქმედების პორინციპებიდან გამომდინარე, არ აწარმოებს ძეგლების რესტავრაციას. რაც შეეხება იუნესკოს ნუსხაში ძეგლის შეტანის საკითხს, ამის თაობაზე განაცხადი უნდა გააკეთოს იმ ქვეყანამ, რომლის ტერიტორიაზეცაა ძეგლი. ამ შემთხვევაში, ეს ქვეყანა თურქეთია. მოდით, ვიყოთ რეალისტები და ნუ დაგვავიწყდება, რომ თურქეთს თავის ტერიტორიაზ მარტო ქართული ძეგლები არა აქვს. გარდა ქართულისა, თურქეთში არის უამრავი  ისლამური, ძველი ხეთური, რომაული, ბერძნული, სომხური და ა. შ. ძეგლი. ამ ძეგლების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია. ხოლო მათი კულტურული ღირებულება კი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. ამ ფონზე, არ მესმის, რატომ ვფიქრობთ, რომ აი, ამდენი ძგელიდან თურქეთი მაინცდამაინც იმ ძეგლებს წარადგენს იუნესკოს ნუსხაში შესატანად, რომელიც ჩვენ გვინდა რომ შეიტანოს?! ბუნებრივია, თურქეთისთვის ჯერჯერობით არაა და კარგა ხანი არც იქნება პრიორიტეტული თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლები. თურქეთს აქვს თავისი პრიორიტეტები და ეს კარგად უნდა გვესმოდეს“.
 
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ქართულ-თურქული მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ეხება, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის შესაძლო დაპირისპირებას ეხება.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანების შორის დაძაბულობის პროვოცირება; არადა, საქართველოში მუსლიმები, რომელი ერის წარმომადგენლებიც არ უნდა იყვნენ ისინი, ისევე, როგორც სხვა რელიგიის აღმსარებელნი, არასოდეს იზღუდებოდნენ, პირიქით - ყოველთვის კარგად გრძნობდნენ თავს და ამიტომაც იყო, რომ არაერთმა მათგანმა შესწირა სიცოცხლე საქართველოს დაცვას; ეს დღესაც ასეა და ამას პირველ რიგში ქართველი ადამიანის შემწყნარებლური ქრისტიანული ბუნება განაპირობებს“, - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაპირისპირების  საფრთხეს ვერ ხედავს რელიგიათმცოდნე ბექა მინდიაშვილი.  „მე რეალურ საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ ხელმოცარული პოლიტიკოსები იყენებენ ამ საფრთხილო თემას პლიტიკური ქულების დასაწერად. ისინი ადამიანების რელიგიურ და ნაციონალურ გრძნობებზე თამაშს ცდილობენ. მეორე მხრივ, ვხედავ იმის საფრთხესაც, რომ საქართველოს მართლადიდებელი ეკლესია ვერ გაერკვევა ამ სიტუაციაში და ხელს შეუწყობს ამ ემოციების გაღვივებას. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ ამ საკითხით დაინტერესებული იქნება რუსეთიც. მოგეხსენებათ, თურქეთი ნატოს წევრი, დემოკრატიული ღირებულებების მიმდევარი ქვეყანაა. ცხადია, რუსეთის ინტერესებში შედის ქართულ-თურქულ ურთიერთობებში ბზარის გაჩენა. მე ეს საფრთხეები უფრო რეალური მგონია“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

საზოგადოების იმ ნაწილის კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც აზიზიეს მეჩეთის  აშენების წინააღმდეგია, არის ის, რომ 1868 წლისთვის, ანუ მაშინ, როცა აზიზიეს მეჩეთი აჭარაში სულთან აბდულ აზიზის ბრძანებით აშენდა, აჭარა თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო და შესაბამისად, აღდგენილი მეჩეთი თურქული ოკუპაციის სიმბოლო იქნება. ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი ინტერნეტგამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში - „აზიზიეს მეჩეთი - თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლი“, წერს: „თბილისში სააკაშვილის მიერ გახსნილი «ოკუპაციის მუზეუმის» მთელი ექსპოზიცია რუსეთს ეძღვნება, თითქოს სხვა ოკუპანტი საქართველოს არ ენახოს!  აჭარა,  რომელიც  სწორედ რუსული სამხედრო კამპანიის შედეგად დაუბრუნდა დედასამშობლოს, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის შემთხვევაში თურქული ოკუპაციის ცოცხალ ძეგლს მიიღებს“, - წერს ნანა დევდარიანი.

ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ბუბა კუდავას: „სულთანი აბდულ აზიზი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარუმატებელი სულთანი,  რომლის დროსაც ოსმალეთმა მარცხი განიცადა საერთაშორისო არენაზე: დაკარგა ბელგრადი, თითქმის დაკარგა გავლენა ეგვიპტეზე, დიპლომატიური მარცხი განიცადა საბერძნეთთან და ა.შ. საბოლოო ჯამში, აბდულ აზიზი იძულებული გახდა, ტახტიდან გადამდგარიყო  და ბოლოს, როგორც ფიქრობენ, მოკლეს კიდევაც. მე არ მესმის, რატომაა ამ ერთი წარუმატებელი სულთნის მიერ აშენებული მეჩეთი ბათუმის დაპყრობის სიმბოლო. თანაც გავიხსენოთ,  რომ მეცხრამეტე საუკუნისთვის, ანუ იმ დროისთვის, როცა აზიზიეს მეჩეთი აშენდა, ოსმალეთს ბათუმი უკვე სამ საუკუნეზე მეტი ხნის დაპყრობილი ჰქონდა. გაუგებარია, რატომაა თურქეთის მიერ ბათუმის დაპყრობის სიმბოლო მეჩეთი, რომელიც დაპყრობიდან სამი საუკუნის შემდეგ აშენდა?! მაშინ, როცა სქართველო რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა, რუსეთი საქართველოში უამრავ რუსულ ტაძარს აშენებდა. ასეთია, მაგალითად, ალექსანდრე ნეველის ეკლესია თბილისში. ეს ტაძარი აშენდა რუსების მიერ მაშინ, როცა საქართველო დაპყრობილი ჰქონდათ. გაგიგიათ ვინმესგან, რომ ეს ტაძარი არის რუსული ოკუპაციის სიმბოლო?! აბსოლუტურად იგივე სიტუაციაა აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით, მხოლოდ - იმ განხვავებით, რომ რუსეთის შემთხვევაში, საუბარია ქრისტიანულ ნაგებობებზე, თურქეთის შემთხვევაში კი - მაჰმადიანურზე. თუკი რუსული ოკუპაციის დროს, რუსული კანონიკით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებს არ ვარქმევთ რუსული ოკუპაციის სიმბოლოს, რატომ ვარქმევთ თურქული ოკუპაციის სიმბოლოს აზიზიეს მეჩეთს?!“ - ამბობს ბუბა კუდავა religiebi.info-სთან საუბრისას.

აზიზიეს მეჩეთთან დაკავშირებით religiebi.info-სთან საუბრისას თავის პოზიცია გამოხატა ერთ-ერთი მუსულმანური ორგანიზაციის წარმომადგენელმა. მისი თქმით, არც ერთი სალოცავი არ არის და არც შეიძლება იყოს რომელიმე ქვეყნის დაპყრობის სიმბოლო: „ისტორიული ძეგლების დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ვალია. არა აქვს მნიშვნელობა, რომელ კულტურას მიეკუთვნება ესა თუ ის ძეგლი. რაც შეეხება აზიზიეს მეჩეთის კულტურულ ფასეულობას,  იგი  ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვანი მუსულმანური რელიგიური კულტურის ძეგლი იყო. აზიზიეს მეჩეთი „კურირებდა“ სხვა მეჩეთებსაც. დღეს კი ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსი და მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი აზიზიეს მეჩეთს  თურქების მიერ საქართველოს დაპყრობის სიმბოლოდ აცხადებს. მე, როგორც ადგილობრივი მუსულმანი, ვთხოვ ყველას - როცა მეჩეთს ვახსენებთ, ნუ გამოვაცხადებთ მას რომელიმე ქვეყნის დაპყრობის სიმბოლოდ, რადგან ყველა სალოცავი უფლის სახლია, ყველა სალოცავი უფლის მოძღვრების სომბოლოდ შენდება და არა ოკოპაციის სიმბოლოდ“.

მოგვიანებით ჩვენმა რესპოდენტმა თავისი კომენტარის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შესაძლოა, პირადი პრობლემა შექმნოდა მართლმადიდებელ თანამოქალაქეებთან. religiebi.info-ს რედაქციას მიაჩნია, რომ ეს კომენტარი არ შეიცავს რაიმე საფრთხეს და აუცილებლობად ჩავთვალეთ მისი გამოქვეყნება. თუმცა, რესპოდენტის ვინაობას არ ვამჟღავნებთ.

საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  ოშკისა და იშხნის რესტავრაციის სანაცვლოდ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების, ხოლო ახალციხეში უკვე არსებული მეჩეთის რესტავრაციის საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ამის შესახებ14 მარტს პარლამენტის ტრბუნიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმაც ხაზგასმით განაცხადა: „საქართველოს წარსულის, აწმყოსა და მომავლისათვის ამ ძეგლების დაცვა ისეთ ღირებულებას წარმოადგენს, რომ ამ უდიდეს შესაძლებლობას ჩვენ ვერ დავთმობთ“. ოშკისა და იშხნის რეაბილიტაციის პროცესის დაწყების ზუსტი  თარიღი სავარაუდოდ მხარეების მიერ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

ორიგინალი

ახალი ამბები