კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„უფლებების ჩამორთმევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება” - 2011 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

1 აპრილი, 2012
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიში „უფლებების ჩამორთმევა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“ ასახავს 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ძირითად ტენდენციებს. ანგარიში მიმოიხილავს წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ზედმეტად ფართო ფორმულირებებით, ბუნდოვანი ტერმინოლოგიითა და გაუმართლებლად მკაცრი სანქციებით არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე. ანგარიში ასკვნის, რომ აღნიშნული ცვლილებები არ არის ნათლად აღქმადი და გაუმართლებელ პასუხისმგებლობლებს აკისრებს რიგით ამომრჩეველსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

ანგარიშის თანახმად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ბუნდოვანი ტერმინოლოგია საფრთხეს უქმნის სენსიტიური მონაცემების დაცვას. კანონის უზენაესობას არღვევს „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შეტანილი ბოლო ცვლილებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ანგარიში ასევე ასახავს 2010 წლის სექტემბერში „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში“ შეტანილ ცვლილებებს, რომლის ბუნდოვანი ფორმულირება დახურული ინტერნეტურთიერთობების მონიტორინგის საშუალებას აძლევს საგამოძიებო ორგანოებს სასამართლოს ნებართვის გარეშე.

ანგარიში განიხილავს წლის განმავლობაში გამართული აქციების დაშლისას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებს, რაც ყველაზე თვალსაჩინოდ გამოვლინდა 26 მაისის აქციის დაშლისას. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ძალის გადამეტების სხვა ფაქტებს, მათ შორის ვეტერანთა და ქარხანა „ჰერკულესის“ მუშების აქციებზე, რომლებიც სამართალდამცავებმა არალეგიტიმურად დაშალეს, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების უხეში დარღვევით. ანგარიშის თანახმად, სისტემატურად ირღვეოდა აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საპროცესო უფლებები. ანგარიშში ასევე ასახულია პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოვლენილი აგრესიის შემთხვევები და დაუსჯელობის სინდრომი დაზარალებული მედიის წარმომადგენლების საქმეებში.

„პოლიტიკური რეპრესიები“ - ანგარიშის აღნიშნული თავი აერთიანებს ბიზნესმენ/აწ უკვე პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილისათვის შექმნილ წინააღმდეგობებს; მოქალაქეობის ჩამორთმევას, მისი კუთვნილი კომპანიებისათვის სამართლებრივი პრობლემების შექმნას, მასთან დაკავშირებული პირების დაკავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე მისი კოალიციის დაჯარიმებებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაპატიმრებებსა და 2012 წლის დასაწყისში მასობრივი დაკითხვების სერიებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებზეც დაფიქსირდა დაკითხულთა დაშინებისა და აგრესიული მოპყრობის ფაქტები.

ანგარიში ასევე მიმოიხილავს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემებს, მათ შორის, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის საგანგაშო სტატისტიკასა და არაადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასამართლო სისტემის პრობლემების, დევნილთა გამოსახლებისას დაფიქსირებული დარღვევებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებების აღწერა ასრულებს 56 გვერდიან ანგარიშს, რომელიც ინგლისურ ენაზე არის შედგენილი. 

ახალი ამბები