ზუგდიდში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა , ჩაჩიბაია რამდენიმე საათის წინ ავტოგასამართ სადგურზე დააკავეს.
ჩიქოვანის თქმით, მას მოულოდნელად უცხო პირი მივარდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე განცხადებით, ჩაჩიბაიას ამ ფაქტზე არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა, ადგილზე მაშინვე გაჩნდნენ პოლიციელები და ის დააკავეს.
ჩიქოვანის თქმით, სერგო ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. „ჩვენ ზუგდიდის ყველა პოლიციის განყოფილება შემოვიარეთ, თუმცა, სერგო ჩაჩიბაია პოლიციის არც ერთ განყოფილებაში არ აღმოჩნდა. ჩვენ მივმართეთ სამხარეო პოლიციას თხოვნით, დადგინდეს ჩაჩიბაიას ადგილსამყოფელი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩაჩიბაიას დაკავებას მორიგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. ირაკლი ჩიქოვანი მოუწოდებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღნიშნულ ფაქტს ყურადღება მიაპყრონ.
ინტერპრესნიუსი