კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Amnesty International საჯარო მიმართვა - ონტროლის პალატამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შემოწმების დროს

20 მარტი, 2012

Amnesty International შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა ცნობები, რომ ეს ხდებოდა სამართლებრივი გარანტიების დარღვევით და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებით.

11 მარტის შემდეგ,  სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში, 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო უწყება ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში მისვლის შესახებ; უწყებები გაიგზავნა კონტროლის პალატის პარტიათა დაფინანსების მონიტორინგის სამსახურის  მიერ. კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, აღნიშნული ოპერაციის მიზანია, გამოიძიონ ყველა შესაძლო დარღვევა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საქმეში და შეადარონ პარტიების ფინანსური დეკლარაციები მათ მიერ რეგიონებში რეალურად დახარჯულ თანხას. უწყებები მხოლოდ მთავარი ოპოზიციური გაერთიანება „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კერძო პირებმა მიიღეს; აღნიშნული კოალიცია აერთიანებს რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია, „საჭიროების შემთხვევაში, პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით“. მას ასევე შეუძლია, „საჭიროების შემთხვევაში პირებისგან მოითხოვოს ინფორმაცია მათ მიერ პარტიებისთვის და იმ პირებისთვის გადაცემული ან მათგან მიღებული ქონების წარმომავლობის შესახებ, რომლებსაც გაცხადებული აქვთ პოლიტიკური მიზნები ან ამოცანები“.

კონტროლის პალატის უწყება რამდენიმე ათეულ ადამიანის მიუვიდა. უწყებაში ეწერა, რომ მოქალაქეები უნდა გამოცხადებულიყვნენ პალატის წარმომადგენლებთან. ამ ადამიანებს შორის იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები და მხარდამჭერები. ამას გარდა, კანონის მოთხოვნების საპირისპიროდ, ბევრმა კერძო პირმა, რომელიც არაა პოლიტიკურად აქტიური, მაგრამ ითვლება ოპოზიციის მხარდამჭერად, ასევე მიიღეს უწყებები.

მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად.

Amnesty International–მა მიიღო ცნობები, რომ დაკითხვა ხშირად აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, პოლიციის უამრავი წარმომადგენლის თანდასწრებით, ხდებოდა ადამიანების არასასურველი ჩხრეკა და მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობების შესახებ კითხვების დასმა და ხშირად ეს ხდებოდა ადვოკატის ყოლის უფლების არქონის ფონზე. როგორც დაკითხული ადამიანები ასევე მათი ადვოკატები, აცხადებენ, რომ დაკითხვის დროს განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე და საქმიანობაზე, ვიდრე ფინანსურ გადარიცხვებზე, რომლის მონაწილე შესაძლოა, ისინი გამხდარიყვნენ. ადვოკატმა გიორგი ჭიქაბერიძემ, რომელიც ოთხ ადამიანს იცავდა დაკითხვის დროს ქუთაისში, Amnesty International-თან საუბარში განაცხადა, რომ მის არც ერთ დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ აუხსნეს, რა ეჭვის, სავარაუდო უკანონო ქმედების, ან დარღვევის საფუძველზე იკითხებოდნენ.

დაკითხვის საშუალო დრო დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა, რას დროსაც ერთი და იგივე ძირითადი კითხვები ისმეოდა. ზოგიერთი დაკითხული, განსაკუთრებით ისინი, ვინც ადვოკატის გარეშე დაიკითხა, საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და ზეწოლის ფაქტებზე. ერთ-ერთ ადვოკატს დაემუქრნენ და ძალით დაატოვებინეს დაკითხვის ოთახი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრმა 19 წლის თეონა ფხაკაძემ განაცხადა: „მკითხეს, როგორ და რატომ მივიღე მონაწილეობა ახალგაზრდული ფრთის პოლიტიკურ საქმიანობებში; რამდენჯერ ვეწვიე ოპოზიციური პარტიის მთავარ ოფისს თბილისში; მოვაწერე თუ არა ხელი პეტიციას, ან თუ შევაგროვე ხელმოწერები ოპოზიცური პარტიების სახელით... როდესაც მათ ვკითხე - რატომ დამიბარეს დაკითხვაზე, მათ მიპასუხეს, რომ არ არსებობს რამე კონკრეტული მიზეზი“.

12 მარტს რესპუბლიკური პარტიის საგარეჯოს ოფისის წარმომადგენლის მუბარიზ მამედოვის დაკითხვა სამი საათი გაგრძელდა საგარეჯოს გამგეობის შენობაში; ის საქართველოს მოქალაქე და ეროვნებით აზერბაიჯანელია. მან Amnesty International-თან საუბარში განაცხადა: „მე დამიბარეს ადგილობრივი ხელისუფლების შენობაში, რომელსაც იცავდნენ პოლიციელები. მათ დამისვეს უამრავი კითხვა თუ ვის ვუჭერ მხარს არჩევნებში და რა ტიპის საქმიანობებში ვმონაწილეობ, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი. ბოლოს, როდესაც დაკითხვა უფრო მკაცრი გახდა, მათ მითხრეს - ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან მე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში მომიწევს ქვეყნის დატოვება“.

Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური პირების დაკითხვის კუთხით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები მხოლოდ კანონის მიზნებისთვის და მის ფარგლებში გამოიყენებოდეს.

ოპოზიციური პარტიების წევრებისა და სავარაუდო მხარდამჭერების ფართომასშტაბიანი დაკითხვები მათი პოლიტიკური მოსაზრებებისა და საქმიანობების შესახებ დაშინების ეფექტს იძლევა და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის.

Amnesty International მოუწოდებს კონტროლის პალატას და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებს, უზრუნველყონ ისეთი გარემო, რომ კონტროლის პალატაზე მინიჭებული კერძო პირების დაკითხვის უფლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ კანონის ფარგლებში; დაკითხვა კი მიმდინარეობდეს მხოლოდ ადამიანის უფლებების სრული დაცვით და ამ ადამიანებმა შეუზღუდავად შეძლონ, ისარგებლონ ადვოკატის დახმარებით მათი სურვილის მიხედვით.

2012 წლის 16 მარტი

მიმართვის სრული ქართული თარგმანი ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცენტრს

ორიგინალი 

ახალი ამბები