კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბოკერიას დუმილი

3 აპრილი, 2012

www.opinion.ge 

დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ბოდვად“ მონათლეს და ალასანიას მიმართ ცინიკური რეპლიკებიც არ დაიშურეს, უფრო მეტიც, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეროვნული უშიშროების საბჭომ არასერიოზულ განაცხადად ჩათვალა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის წარდგენილ დოკუმენტაციას წინ ირონიული შესავალი დაურთო და საკუთარ ვებ გვერდზე განათავსა.

თუმცა, ცოტა საკამათოა, რომელი საქციელი უფრო არასერიოზულია - ის, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული საფრთხის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელი რამდენიმეგვერდიან ვრცელ სიას აწვდის თუ ის, რომ უშიშროების საბჭო მიღებულ ინფორმაციას ერთ დღეში გადამოწმების გარეშე ასაჯაროებს.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამეგრელოში რეზერვისტთა გუნდი ქვეყნის დასაცავად და ეროვნული ინტერესების გამო იქმნება, არ ავიწყდება იმის შეხსენებაც, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია. თუმცა, არაფერს ამბობს, იმის შესახებ თუ რა სია წარმოადგინა ალასანიამ და რატომ მოხვდნენ ამ სიაში კრიმინალური წარსულისა და სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილე პირები, თავდაცვის და შსს უწყების თანამშრომლები ერთად.

ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს 20 მარტს მიმართა. იმავე დღეს საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ღიბრაძემ გარკვეული განმარტებები გააკეთა. ღიბრაძემ რეზერვის ახალ კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას შეიცავს. პირველი, სავალდებულო სახმელეთო ჯარების რეზერვია. მეორე, ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი. ის კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დაკომპლექტდება და მის მოვალეობაში კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენაც შევა. თუმცა, სანამ კონცეფციას ქართველი კანონმდებლები განსაზღვრავენ, საბოლოოდ კი პრეზიდენტი დაამტკიცებს, საინტერესოა თუ რა დახმარება უნდა გაუწიონ შეიარაღებულმა რეზერვისტებმა სამოქალაქო ხელისუფლებას კრიზისულ სიტუაციებში და რა ტიპის კრიზისებზეა საუბარი.

„ალასანიას სიაში“ ადგილობრივი ხელისუფლების და ძალოვნების გარდა კრიმინალური წარსულის და სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანები აღმოჩდნენ. საგულისხმოა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის სახელზე გამოქვეყნებულ წერილში გიგა ბოკერიამ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირები მართლაც იმყოფებიან რეზერვში. მაშინ როდესაც კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ ნასამართლეობის მქონე პირების მიღებას კრძალავს – (კანონი სამხედრო სარეზერვო სამსხურის შესახებ, მუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება) პუნქტი 2 : „პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება“.

თუ რატომ არღვევს ხელისუფლება კანონში მითითებულ ვალდებულებას, ამის შესახებ ბოკერიას წერილში არაფერი წერია.

opinion.ge გთავაზობთ ინფორმაციას ზოგიერთი იმ პიროვნების შესახებ, რომლებიც სამეგრელოში დისლოცირებულ სარეზერვო ჯგუფებში ფიქსირდებიან.

დავით შენგელია. „მხედრიონის“ ერთ-ერთი გავლენიანი წევრი. ხელმძღვანელობდა „ტყის ძმების“ პარტიზანულ შენაერთს. 1998 წლის გალის მაისის მოვლენების შემდეგ, ამ დაჯგუფების წევრების საქმიანობა აფხაზეთიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანას დაუკავშირდა.

2002 წლის ივნისში შენგელია უსიამოვნებაში გაეხვა, რომლის შესახებაც იმდროინდელი პრესა ასე წერდა: „ცხრა ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, სამი რაკეტგასაშვები დანადგარი, სამიც ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ცეცხლმტყორცნი – ასეთი არსენალი აღმოაჩინეს ნატახტარის საგზაო საგუშაგოს პოლიციელებმა გაჩერებულ „ლენდ კრუიზერში“. ჯამში, დაახლოებით, 300 ათასი დოლარის ღირებულების იარაღი უშიშროების სამინისტროს გარე დაცვის განყოფილების მე-11 ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილეს, სიმონ მჭედლიძესა და მასთან ერთად მანქანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეს, ვინმე არტურ ლუდკოვს ცხინვალიდან მოჰქონდათ. სიმონ მჭედლიძემ სამართალდამცველებს დაუფარავად განუცხადა, რომ სამხედრო შეიარაღება კალაშოვისა იყო. რაც შეეხება მასთან ერთად მანქანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეს არტურ ლუდკოვს, ჩვენი ინფორმაციით, ლუდკოვიც შავი სამყაროს ავტორიტეტია.

სიმონ მჭედლიძე წარმოშობით ცხინვალის რეგიონიდან, სოფელ ზემო ნიქოზიდანაა; სამართალდამცველებმა უკვე მოასწრეს მჭედლიძის სიმამრის ბინის გაჩხრეკა და იქ ორი პისტოლეტი აღმოაჩინეს, აქედან ერთი – მაყუჩიანი. იქვე იპოვეს დიდი რაოდენობით ვაზნები. მოგვიანებით, პარტიზანული დაჯგუფების „ტყის ძმების“ ლიდერმა დათო შენგელიამ იარაღი თავის საკუთრებად გამოაცხადა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ტყის ძმების“ ლიდერმა აღიარება შაქრო კალაშოვის თხოვნით გააკეთა. კალაშოვმა შუამავლობა სთხოვა კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტს, რომელიც დათო შენგელიას დიდი ხნის მეგობარია. გარიგების სცენარით, დათო შენგელიას თვითაღიარება კალაშოვსა და მის ქართველ პარტნიორებს სააშკარაოზე გამოყვანისგან იხსნის“ (გაზეთი „24 საათი“).

2006 წლის დეკემბერში დავით შენგელია ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დააპატიმრეს. მას 24 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2011 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით“.

ვახტანგ ზარანდია. ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ტყვიის სროლაში. კონტრაბანდულ ბიზნესში წარმოქმნილი უთანხმოების გამო სოხუმელმა ტუნა ხიბამ საკუთარ სახლში რამდენიმე დღით საწოლზე ხელბორკილით მიაბა. ხიბა მას კუთვნილი თანხის მოტანას აიძულებდა. ზარანდიამ ტუნა ხიბას შესთავაზა, რომ ფულის მოსატანად სამეგრელოში წავიდოდა, ხოლო მის ნაცვლად მძევლად ძმას დატოვებდა. ხიბა დათანხმდა.

ვახტანგ ზარანდიას თანხის მოძიება არ დაუწყია. მეგობრებთან ერთად ოჩამჩირეში მალულად ჩავიდა და ოჩამჩირის გამგებლის მოადგილე სამეგრელოში გაიტაცა. გატაცებული აფხაზი ჩინოვნიკი ტუნა ხიბას და გახლდათ!

და-ძმა ენგურის ხიდზე „გაცვალეს“.

ვახტანგ ზარანდია იარაღის უკანონო ტარება-შენახვის ბრალდებით 2005 წელს დააპატიმრეს.

ბეჟან გვაზავა. 2006 წელს წალენჯიხის რაიონში, პატრიოტულ ბანაკ „შუქურას“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას აქტიური მომხრე ბეჟან გვაზავა დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ინფორმაციით, ბეჟან გვაზავა რამდენიმე ადამიანთან ერთად ბანაკთან ახლოს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა.

ბეჟან გვაზავა 9 წლის განმავლობაში ტყეში იყო გახიზნული და მისი შემორიგება 2004 წელს – „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, გია ბარამიძის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მოხდა.

სლავიკ ბიგვავა. 2004 წელს შსს–ს მინისტრმა გიორგი ბარამიძემ სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების წევრების დასაპატიმრებლად სპეცოპერაცია ჩაატარა.

გიორგი ბარამიძის თქმით, „ტყის ძმების“ წევრები სეპარატისტებთან კრიმინალურ გარიგებაში იყვნენ. ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს 30-მდე პირი, მათგან სამი დაიჭრა. ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები.

სპეცოპერაცია ჩატარდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირშიც, სადაც იერიში სლავა ბიგვავას საცხოვრებელ სახლზე განხორციელდა. ბიგვავა პარტიზანული შენაერთის „ტყის ძმების“ წევრი იყო. თუმცა, დათო შენგელიასთან უთანხმოების შედეგად, საკუთარი მომხრეების შენგელიას მომხრეებისგან გამოცალკევება მოუხდა. სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბიგვავას სახლის ტერიტორიაზე ინახებოდა აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული ბენზინი. არსებობდა ინფორმაცია ყოფილი პარტიზანების ხელში არსებული იარაღის შესახებაც.

სლავა ბიგვავა დააპატიმრეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით. აღმკვეთ ღონისძიებად პოლიციის ზედამხედველობა შეეფარდა და გაუშვეს, თუმცა პოლიციამ იგი იმ დღესვე ხელმეორედ დააპატიმრა. მას ახალი ბრალდება წაუყენეს: ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცება. ბიგვავას ბრალს სდებდნენ ბიზნესმენ შალვა ფონიას გატაცებაში. ფონია გალის რაიონში დაატყვევეს. სამი კვირის მანძილზე თვალახვეული საწოლზე ჰყავდათ მიბმული და საპირფარეშოში გასვლის საშუალებასაც არ აძლევდნენ. წამების დროს ფონიას ხმას მის ძმას ტელეფონით ასმენინებდნენ.

ეროვნული უშიშროების საბჭო ამ ფაქტებზე საუბარს დუმილს ამჯობინებს, თუმცა, თუკი ისინი მართლაც შედიან ნებაყოფლობით რეზერვში, ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ნდობა იმ პირებისათვის, რომლებსაც დიდ სამხედრო გამოცდილებასთან ერთად სამოქალაქო დაპირისპირებაში მონაწილეობის სტაჟიც აქვთ.

ორიგინალი

ახალი ამბები