კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ

4 აპრილი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info

იეჰოვას მოწმეებს ომარ აზნაურაშვილსა და ბონდო ჯავახიშვილს, ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო კომისარიატში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.  აზნაურაშვილი და ჯავახიშვილი წვევამდელები არიან. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობა, რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს. მიუხედავად ამისა, ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო განყოფილებამ მათ შეიარაღებულ ძალებში გაწვევის  უწყება  მაინც გაუგზავნა.

როგორც თავად აზნაურაშვილი და ჯავახიშვილი აცხადებენ,  გამგეობაში მათ ცინიკურად და აგდებულად ექცეოდნენ და ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი შეუქმნეს. მათივე თქმით, პრობლემა საქმის კურსში სახალხო დამცველის აპარატისა და ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის ჩაყენების შემდეგ მოგვარდა.

„კომისარიატში განვაცხადე, რომ იეჰოვას მოწმე ვიყავი და შესაბამისად, კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლისგან მათავისუფლებდა. მათ მომთხოვეს, მიმეტანა დამადასტურებელი ცნობა, რომ ნამდვილად იეჰოვას მოწმე ვიყავი. ეს ცნობა წარვუდგინე, მაგრამ გაუგებარი მიზეზით, ცნობა არ მიიღეს და მისი ხელმეორედ წარდგენა მომთხოვეს. ასე მეუბნებოდნენ - აფერისტი ხარ და უნდა დაგიჭიროთო. ბოლოს, როგორც იქნა, ცნობა ჩაიბარეს. თუმცა, მითხრეს, რომ ეს არ იყო საკმარისი და სამხედრო სამსახურის გავლა მაინც მომიწევდა - 4 აპრილს, შეიარაღებულ ძალებში გასაწვევად, შემკრებ- გამანაწილებელ პუნქტში გამოცხადდიო“, - ამბობს ომარ აზნაურაშვილი.

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის, ბონდო ჯავახიშვილის თქმით, კომისარიატში მასაც შეექმნა აზნაურაშვილის მსგავსი პრობლემები: „კომისარს ვუთხარი,  რომ  რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურში ჩემი წაყვანა არ შეიძლებოდა. წარვადგინე შესაბამისი ცნობები, რომლებიც ადასტურებდა, რომ  ნამდვილად იეჰოვას მოწმე ვარ. სამხედრო განყიფილების უფროსმა ეს ცნობა რომ წაიკითხა, საბუთები მომიყარა და უხეშად მითხრა: რატომ არ მიდიხარ ჯარში, რა, სამშობლო არ უნდა დაიცვაო?!“

ჯავახიშვილისა და აზნაურაშვილის ადვოკატი და იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის იურისტი მანუჩარ ციმინტია, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქმე  ისანი-სამგორის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის ბეჟან მზექალაშვილის მხრიდან, უფლებამოსილების გადამეტებასთან გვაქვს: „საქმე საჯარო მოხელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან გვაქვს. ისანი-სამგორის რაიონის სამხედრო განყოფილების კანცელარიის თანაშმრომლებმა, მოქალაქე ჯავახიშვილსა და აზნაურაშვილს, იმ განცხადებისა და თანდართული ცნობის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი უთხრეს,  რითაც მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო ალტერნატიურლი შრომითი სამსახურის გავლას ითხოვდნენ. ჯავახიშვილსა და აზნაურაშვილს დიდი ძალისხმევა და გამგეობაში არაერთხელ მისვლა დასჭირდათ, რომ მათი განცხადება რეგისტრაციაში ოფიციალურად გაეტარებინათ. სამხედრო განყოფილების თანამშრომლებმა აზნაურაშვილისა და ჯავახიშვილის მიმართ ცინიკური, დამცინავი დამოკიდებულება გამოხატეს და სრულიად უმიზეზოდ უკვე წარდგენილი ცნობების ხელმეორედ წარდგენა მოითხოვეს. ომარ აზნაურაშვილი, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თაობაზე განცხადების შეტანიდან მეორე დღეს, სამხედრო განყოფილებაში დაიბარეს და მისი განცხადების განხილვის ნაცვლად, მისივე ნების საწინააღმდეგოდ, ხელი მოაწერინეს უწყებაზე, რითაც 4 აპრილს, შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში გამოცხადება დაევალა“.

ამ საკითხზე religiebi.info ისანი-სამგორის რაიონის სამხედრო სამსახურის უფროსს, ბეჟან მზექალაშვილსაც ესაუბრა. იგი, იეჰოვას მოწმეებისა და მათი ადვოკატის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს: „ჩვენ მათთვის არანაირი ბიუროკრატიული ბარიერი არ შეგვიქმნია. ჯავახიშვილმა პირველ ჯერზე, მოუწესრიგებელი, დაკუჭული ცნობა წარმოადგინა, თანაც განაცხადი ბოლომდე არ ჰქონდა შევსებული. აქედან გამომდინარე, მას მივუთითეთ, რომ რელიგიური მრწამსის შესახებ ცნობა ხელმეორედ წარმოედგინა. რაც შეეხება აზნაურაშვილს, მის მიერ წარმოდგენილ ცნობაში ეწერა, რომ იგი იეჰოვას მოწმეებთან დაახლოებული პირი იყო. ჩვენ ვერ გავიგეთ, რას ნიშნავდა „დაახლოებული პირი“. წარმოდგენილი ცნობიდან გარკვევით არ იკვეთებოდა, რეალურად იყო თუ არა ეს პიროვნება იეჰოვას მოწმე. სწორედ ამიტომ, ცნობის ხელმეორედ მოტანა მასაც მოვთხოვეთ. არ მესმის, რა ბიუროკრატიულ ბარიერებზეა საუბარი“.

თუმცა, საინტერესოა, რომ აზნაურაშვილმა მეორედაც ზუსტად იგივე შინაარსის ცნობა წარადგინა, რაც პირველ ჯერზე. მიუხედავად ამისა, მეორედ წარდგენილი ცნობა კომისიამ უპრობლემოდ მიიღო. მანუჩარ ციმინტიას თქმით, პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც საქმის კურსში სახალხო დამცველის აპარატი და ისანი-სამგორის გამგებელი ჩააყენეს.

„დიახ, მეორედ წარდგენილ ცნობაშიც იგივე ეწერა რაც პირველში - რომ აზნაურაშვილი იაჰოვას მოწმეთა ორგანიზაციასთან დაახლოებული პირი იყო. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, გავაკეთეთ მოკვლევა და ამის შემდეგ ცნობა მივიღეთ“, - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ბეჟან მზექალაშვილმა. მან იეჰოვას მოწმეებისადმი ცინიკურად და არაეთიკურად მიმართვის ბრალდებაც კატეგორიულად უარყო: „მიმაჩნია, რომ სამშობლოს სამსახური მხოლოდ სამხედრო ფორმის ჩაცმა და სამხედრო სამსახურში ყოფნა არაა. ამ ადამიანებმა ალტერნატიული სამსახურითაც შეიძლება დიდი სიკეთე მოუტანონ თავის ქვეყანას. აქედან გამომდინარე, კატეგორიულად უარვყოფ მათ ბრალდებას. არც მე და არც ჩემი განყოფილების რომელიმე თანამშრომელს მათთვის შეურაცხმყოფა არ მიგვიყენებია“.

მისივე თქმით, აზნაურაშვილისა და ჯავახიშვილის პირადი საქმეები მოქალაქეთა არასამხედო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას გადაეგზავნა. ეს ინფორმაცია აზნაურაშვილისა და ჯავახიშვილის ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამაც დაგვიდასტურა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, ალტერნატიულ არასამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილებას, სწორედ ეს კომისია მიიღებს.

ორიგინალი

ახალი ამბები