კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილს დიტერ ბოდენთან მაღალ დონეზე შეხვედრა არ უნდა

5 აპრილი, 2012

ინტერპრესნიუსი

„დიტერ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა მიეღო დელეგაცია, თუკი მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი იქნებოდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „მარშალის ფონდმა“ ქართულ მხარეს აცნობა, რომ მათ თავად მიიღეს ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება და მიზეზად დელეგაციაში დიტერ ბოდენის არსებობა დასახელდა. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ჩვენ რაიმე სახით შევაფერხეთ დელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და რაღაც ფორმით დაიბლოკა მათი ვიზიტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის „მარშალის ფონდთან“, ისევე, როგორც რობერტ ბოშის ფონდთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ქართული მხარე მზადაა, შესაბამის დელეგაციებს სათანადო დონეზე უმასპინძლოს.

რაც შეეხება დიტერ ბოდენს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის საჯაროდ აკრიტიკებს ქართული მხარის ინიციატივებს, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. კალანდაძის თქმით, ბოდენი ილუზორულს და ხორცშეუსხმელს უწოდებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ბოდენი თავის საჯარო გამოსვლებში საქართველოს ხელისუფლებას ადარებს მესამე რაიხს და ფაშისტურ გერმანიას. „ის ამბობს, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიაროს თავისი შეცდომები საკუთარი მტრებისა და მსხვერპლის წინაშე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ნაცისტურმა გერმანიამ“, - აცხადებს ნინო კალანდაძე.

მისივე თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ქართული მხარისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის. კალანდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოდენთან ნებისმიერი ფორმით ოფიციალურ დონეზე თანამშრომლობა შეზღუდული იქნება. „ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რა ფორმით შეიძლება ამ ადამიანთან თანამშრომლობა განხორციელდეს“, - აცხადებს კალანდაძე.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია, ნებისმიერი სტატუსით ჩამოვიდეს საქართველოში. მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი პირობა, ყველა არგუმენტის გათვალისწინებით, იყო ის, რომ დიტერ ბოდენის დელეგაციაში არსებობის პირობებში ქართული მხარე დელეგაციასთან მაღალი დონის შეხვედრებისგან თავს შეიკავებდა.

კალანდაძის თქმით, ფონდმა გადაწყვიტა, რომ დელეგაციის შემადგენლობისთვის გადაეხედა და ვიზიტი სხვა დროს განეხორციელებინა.

„ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დელეგაციებს ვუმასპინძლოთ, მათ შორის, ისეთი შემადგენლობითაც, რომლებშიც არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები, აქვთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისისგან განსხვავებული პოზიციები, თუმცა, საკითხი არ უნდა ეხებოდეს ისეთ პრინციპულ და ფუნდამენტურ თემებს, რომელიც იქნება საქართველოსთვის სრულიად მიუღებელი. თუ იქნება საუბარი კვლავ დიტერ ბოდენზე, ჩვენი არჩევანი იმის თაობაზე, რომ მას მაღალ დონეზე არ შევხვდეთ, იქნება კვლავ ძალაში“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მედიაში გავრცელდა დიტერ ბოდენის კომენტარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მიეღო „მარშალის ფონდის“ დელეგაცია, თუკი მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი იქნებოდა.

ორიგინალი

ახალი ამბები