კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

800-მილიონიანი სამინისტროსათვის გამოყოფილი „დახმარება“

10 აპრილი, 2012

ნოდარ სხირტლაძე, გორი, opinion.ge

ტრადიცია არც 2012 წელს დაირღვა და შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დასაფინანსებლად მნიშვნელოვანი თანხები გამოყო. როგორც ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე, „ლიდერი“ გორის მუნიციპალიტეტი აღმოჩნდა. გადასახადის გორელი გადამხდელებისაგან ვანო მერაბიშვილის უწყებისთვის 157 ათასი ლარი გადაირიცხა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას სულ 8 მილიონი ლარი აქვს განსაკარგი. დაახლოებით სამჯერ ნაკლები, ვიდრე გორს. ამის მიუხედავად, ხაშურის საკრებულომ 155 000 ლარი შსს–სთვის გამოყო და თავდაცვის ღონისძიებებისათვის კიდევ 102 000 ლარი გაამზადა.

შედარებით მოკრძალებულად, მაგრამ პოლიციისთვის თანხის გამოყოფა ქარელის მუნიციპალიტეტმაც შეძლო. დაახლოებით 60 000 ლარი ქარელის პოლიციის ადგილობრივი სამმართველოების მოვლა–პატრონობისათვის დაიხარჯება.

გამონაკლისი არც კასპის მუნიციპალიტეტი ყოფილა. ისევ როგორც გორის, ქარელისა და ხაშურის საკრებულოს წევრებმა, კასპის დეპუტატებმაც შსს–სათვის თანხის გამოყოფას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსების გადარიცხვა არაერთხელ გააპროტესტა. მაგალითად, ეროვნული ფორუმისა და ახლა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, სოსო ვახტანგაშვილსთვის გაუგებარია, რატომ უნდა ფინანსდებოდეს 800 მილიონი ლარის ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან.

სოსო ვახტანგაშილი: „ყველა მუნიციპალიტეტს დავალება აქვს მიცემული, რომ შსს–სათვის გარკვეული რაოდენობის ფინანსები მოიძიოს. ეს არ ეხება მარტო შიდა ქართლს, ასე მთელ საქართველოში ხდება. დააკვირდით, ყველა მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის პროექტში შინაგან საქმეთა სამინისტრო გათვალიწინებული იყო. რატომ მხოლოდ შსს, გაუგებარია. ასე ხომ ნებისმიერმა სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება“.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელიც აშშ–ის საელჩოს მხარდაჭერით ფუნქციონირებს, რამდენიმე თვეში ერთხელ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიცური მოძრაობების წარმომადგენლები დისკუსიას მართავენ. დაახლოებით ერთი კვირის წინ პოლიციისათვის თანხების გამოყოფის გამო „ქართული პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ღიად გააკრიტიკა. ხმალაძის პასუხი მარტივი იყო: პოლიციის დაფინანსებით კანონი არ ირღვევა. სამაგიეროდ შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის საფეხბურთო კლუბ „დილას“ განვითარებისათვის გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს.

ზვიად ხმალაძე: „როგორც მე და სხვა დეპუტატებსაც, საზოგადოების იმ ნაწილსაც, ალბათ, დარწმუნებული ვარ, ერთი თეთრიც არ დაენანებათ პოლიციისათვის, რათა მათ უფრო კარგად გასწიონ თავისი საქმე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ აქაც წმინდა პრაგმატული მიდგომაა. შსს მილიონს გადასცდა უკვე, ისეთი სერიოზული ინვესტიცია გააკეთა გორის „დილაში“, რასაც გორის მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა. მე პირადად არასწორად მიმაჩნია, რომ ბიუჯეტით ხდებოდეს გუნდის შენახვა. სამწუხაროა, რომ არ გამოუჩნდა სპონსორი. რა კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო შეფობა ამ გუდზე. პოლიციისათვის თანხის გამოყოფით ჩვენ არ ვარღვევთ კანონს, ვეხმარებით მცირედით, გვეხმარებიან მეტით. რა არ მოგწონთ ამაში?!“

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის თანხების გამოყოფა გასულ წლებშიც ხდებოდა. იმ დროს, როცა გორის საფეხბურთო კლუბი ჯერ კიდევ ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზე იყო. ოპოზიციური მოძრაობების წარმომადგენლების აზრით, შეუძლებელია, საქართველოს თითქმის ყველა საკრებულოს ყველა დეპუტატს ერთ დღეს დასიზმრებოდა, რომ საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება. ხელისუფლების ოპონენტები ამ ყველაფერში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ბრძანებას ხედავენ და ამ კონკრეტულ ფაქტზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ საქართველოში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს.

ახალი ამბები