04:00, Wednesday, 30.07.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

იეჰოვას მოწმეთა დევნა სახალხო დამცველის ანგარიშში

10.04.2012

თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი

რამდენიმე თვეა, ქარელის რაიონულ პროკურატურაში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რელიგიური დევნის მუხლით. საქმე ეხება მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ  28 მარტს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშით.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წელს სახალხო დამცველის სახელზე რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული დევნის შესახებ მხოლოდ ერთი განცხადება შევიდა, რომლის თანახმად, რელიგიური გაერთიანება იეჰოვას მოწმეთა მიმდევრებს - გ.ხ.–ს,  გ.შ.–ს, ე.ხ.–ს და თ.ხ.–ს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში სამქადაგებლო–სამისიონერო საქმიანობის აღსრულებისას მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა,  მღვდელმა რ.–მ არაერთგზის მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცადა მათთვის რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ–ერთი ასეთი თავდასხმა 2011 წლის 16 დეკემბერს მოხდა. მღვდელი ავტომანქანით წამოეწია ე. ხ.–ს და თ. ხ.–ს,  სიტყვიერად შეურაცხყო და შეეცადა მათთვის პირადი ნივთები წაერთმია. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის (დევნა რელიგიურ ნიადაგზე) საფუძველზე.

საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო ერემაშვილის თქმით, ომბუდსმენის ოფისში იეჰოვას მოწმეთა განცხადება კონფიდეციალურობის დაცვის მოთხოვნით შევიდა, ამიტომ ომბუდსმენმა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის სახელისა და გვარის ნაცვლად ინიციალები გამოიყენა და შესაბამისად, მათ ვინაობას ომბუდსმენის ოფისი არ ამჟღავნებს.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურსა და სამდივნოში აცხადებენ, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ ზემოთ აღნიშნულ ინციდნეტში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ. მომხდარის შესახებ, ასევე, ვერაფერი გაიხსენეს რუისის მონასტრის მონაზონმა დედა მავრამ და ამავე სოფლის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა მამა დავითმა.

„რუისი ძალიან დიდი სოფელია, 12 ათასამდე კაცი ცხოვრობს და არ გამოვრიცხავ რომელიმე ქუჩაზე თუ მოხდა ეს ფაქტი,“ - უთხრა მამა დავითმა „ნეტგაზეთს”.

„ნეტგაზეთი” შეეცადა იუსტიციის სამინისტროში გაერკვია, რა ეტაპზეა გასული წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიება და ბრალი წაუყენეს თუ არა მართლმადიდებელ სასულიერო პირს. სამინისტროს პრესსამსახურისგან ამ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ შევძელით.

გაეროს რასობრივი დისკრიმინაცის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს 2001 წლის სექტემბერში მისცა რეკომენდაცია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აიკრძალება რასისტული გამონათქვამები, რასისტული დისკრიმინაციის გამოწვევა, ასევე, რასისტული, რელიგიური, ეროვნული, ან ეთნიკური საფუძვლით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა.

საქართველოს პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში 2012 წლის მარტის ბოლოს შეიტანა ცვლილება, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას რელიგიური და ეთნიკური, ასევე, სექსუალური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ 2011 წლის ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის სახელზე რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დევნის ერთი, დისკრიმინაციის ორი და სიტყვიერი შეურაცხყოფის ერთი განცხადება შევიდა.

გიორგი ტუღუშის ცნობით, წინა წლების მსგავსად, ისევ იყო ადმინისტრაციული ბარიერების ხელოვნურად შექმნის ფაქტები იეჰოვას მოწმეთა რელიგიური გაერთიანების მიერ კანონიერი მშენებლობის ნებართვის მოპოვების მცდელობისას. 2011 წლის ანგარიშში, ასევე, მოხვდა იეჰოვას მოწმეთა შეურაცხყოფის ერთი ფაქტი - ლაგოდეხის საავადმყოფოს ექიმმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პაციენტის ოჯახის წევრებს და მათ „მახინჯი იეღოველები” უწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი კანონდარღვევების რაოდენობამ იკლო, აღნიშნული ოთხი ფაქტი, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიუთითებს, რომ რელიგიურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეებს, საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების ნაწილი ვერ აღიქვამს საზოგადოების სრულფასოვან და თანასწორუფლებიან წევრებად, შედეგად, ხშირია მათ მიმართ პირდაპირი თუ ირიბი დისკრიმინაცია.

„ვარდების რევოლუციის” შემდეგ გამოქვეყნებულ 2004 წლის ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი წერს, რომ რელიგიური უმცირესობების დარბევა, ცემა და შეურაცხყოფა საქართველოს სამარცხვინო ლაქა იყო, რომელსაც თან ახლდა, ასევე, „სამარცხვინო შოუდ ქცეული სასამართლოები”. მაშინ ომბუდსმენი წერდა, რომ ბასილ მკალავიშვილის დაკავებამ, რომელიც აქტიურად დევნიდა იეჰოვას მოწმეებს, დადებითი შედეგი მოიტანა და იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმის ფაქტებმა იკლო.

იეჰოვას მოწმეთა დევნის 6 ფაქტი დაფიქსირებულია საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში, ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება კი საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა და არც ერთი პირისთვის არ დაუკისრებიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

იეჰოვას მოწმეთა დევნის 6 ფაქტი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიც მოხვდა. საქმე ეხებოდა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმას, რელიგიური რწმენის გავრცელებისათვის ხელის შეშლასა და დევნას.

ომბუდსმენის ცნობით, აღნიშნულ შემთხვევებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლით (რელიგიური დევნა) დაიწყო, რასაც სახალხო დამცველი წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის ძალადობრივ ქმედებებს, როგორც წესი, რელიგიური დევნის ან რელიგიური რიტუალისთვის ხელის შეშლის ნაცვლად მხოლოდ ხულიგნობისა და სხვისი ქონების ხელყოფის კვალიფიკაცია ეძლეოდა. ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებში არაერთხელ გაესვა ხაზი. ამ პროგრესული ტენდენციის მიუხედავად, 2010  წელს,  წინა წლების მსგავსად, ამ ფაქტების გამო დაწყებული გამოძიება ხშირ შემთხვევაში გაჭიანურებულია ან შეწყვეტილია,” - წერია 2010 წლის ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 წლის აგვისტოში გამოიტანა გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა გლდანის კონგრესის 97 წევრის საჩივარზე, რომელიც ევროსასამართლოში წლების წინ გაიგზავნა.

იეჰოვას მოწმეებს რელიგიური შეკრების დროს 1999 წლის ოქტომბერში თავს დაესხა მართლამდიდებელი მღვდელი ბასილ მკლავიშვილი მრევლის წევრებთან ერთად და ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ იეჰოვას მოწმეებს. იეჰოვას მოწმეებმა შიდა სახელმწიფოებრივი რესურსების ამოწურვის შემდეგ ევროსასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ კი მათ მიმართ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC