კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მობილურ ტელეფონზე როცა ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს, რომ სახლში ხანძარი გვაქვს!

12 აპრილი, 2012

თამთა ბელიაშვილი, http://humanrightshousetbilisi.wordpress.com

11 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრეზიდენტ სააკაშვილს მთავრობის მიერ 2011 წ. 27 დეკემბერს გამოცემული #489 დადგენილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. მთავრობის ამ დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „112“-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი“.

#489 დადგენილების საფუძველზე 2012 წლის იანვრიდან მოქალაქეთა სააბონენტო ნომრების სადეპოზიტო ანგარიშებიდან 0.20 ლარის დაქვითვა დაიწყო. არადა, მოქალაქეებს, რომლებსაც ეს თანხები ჩამოეჭრათ, მთავრობის #489 დადგენილების გამოცემის დღიდან „112“-ს მომსახურებით არ უსარგებლიათ. უფრო მეტიც - დაქვითვა განხორციელდა იმ დროს, როდესაც შსს-ს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „112“, ფაქტობრივად, არ არსებობდა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმატიული აქტით დადგენილი რეგულაცია ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, კერძოდ - თანასწორობის ძირითად უფლებებს, რომლებიც აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 38-ე მუხლებით, ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმით.

საქართველოს მთავრობის დადგენილების სადავო პუნქტი არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან „112“-ის მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ფლობენ მობილურ ტელეფონებს და თვის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო მომსახურების შესაძენად ხარჯავენ 5 ლარზე მეტს, ასევე - ფიქსირებული სატელეფონო ნომრების მფლობელებს, რომელთა ტელეფონი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული ან ისარგებლა ფასიანი მომსახურებით და ა.შ.

„კონსტიტუცია არ მოითხოვს ყოვლისმომცველ, ტოტალურ გათანაბრებას. ის მხოლოდ მოითხოვს, ადამიანთა ორ ჯგუფს შორის დიფერენცირება შეესაბამებოდეს მათ შორის რეალურ განსხვავებას და არ უნდა იწვევდეს მნიშვნელოვნად თანასწორთა მიმართ არათანასწორ მოპყრობას. შესაბამისად, ადამიანთა ორი ჯგუფის დიფერენცირების ისეთი კრიტერიუმი, როგორიცაა ტელეფონით სარგებლობა და თვის განმავლობაში მობილური ოპერატორის მომსახურებაში დახარჯული თანხის ოდენობა, არაგონივრულია. ტელეფონით სარგებლობა არ ნიშნავს, რომ მობილურის მფლობელი უფრო მეტად საჭიროებს 112-ის დახმარებას, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არა აქვს ტელეფონი ან საუბრისას მომჭირნედ ხარჯავს თანხებს“, - ნათქვამია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებით, დისკრიმინაცია და არათანასწორი მოპყრობა უფრო ნათლად იკვეთება, თუ განვიხილავთ იმ პირთა მდგომარეობას, ვინც რამდენიმე მობილურ სააბონენტო ნომერს ფლობს: „პირი, რომელიც ფლობს 3 მობილურ ნომერს, თვის განმავლობაში მის მიერ „112“ -სთვის გადახდილი თანხა სამჯერ აღემატება იმ პირის მიერ გადახდილ თანხას, რომელიც ფლობს ერთ ნომერს, მიუხედავად იმისა, აღემატებოდა თუ არა ჯამში სამივე ნომრიდან დახარჯული თანხა სხვა პირის მიერ ერთი ნომრიდან გახარჯულ თანხას და ეს არ ნიშნავს, რომ ის რაიმე უპირატესობით ისარგებლებს „112“-ის მომსახურებისას ან უკეთ იქნება დაცული“.

შესაბამისად, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში სთხოვს, გააუქმოს 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #489 დადგენილება.

დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 15 მარტს ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასაც მიმართა და სარჩელთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოიწვია.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, #489 დადგენილებით შელახულ უფლებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „სახელმწიფო სხვადასხვაგვარად ეპყრობა საზოგადოების ორ ჯგუფს, რითაც კონსტიტუციური თანასწორობის პრინციპი ირღვევა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციისა და მოქალაქეთა დიფერენცირების თვალსაჩინო მაგალითი. ხელისუფლება ერთნაირად უნდა ეპყრობოდეს ხალხს ყოველგვარ გადასახადებთან დაკავშირებით“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, გარდა თანასწორობის პრინციპისა, საკუთრების უფლებაც ირღვევა: „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ არ ვსარგებლობთ რომელიმე კონკრეტული სამსახურის მომსახურებით, სახელმწიფო არ უნდა გვიდგენდეს მასზე გადასახადს. თანხის რაოდენობას, ამ სიტუაციაში, არა აქვს მნიშვნელობა. აღნიშნული დადგენილებით  მომსახურებისა და საკუთრების უფლება ხელყოფილია. კანონის თანახმად, მთავრობის დადგენილება უნდა გამოიცემოდეს კონსტიტუციაზე და სხვა ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ირღვევა პროპორციულობის პრინციპი. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის თანახმად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, საჯარო და კერძო ინტერესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს“.

მთავრობის დადგენილებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრი ეკონომიკის ექსპერტებს გია ხუხაშვილსა და დავით ნარმანიას გაესაუბრა.

გია ხუხაშვილმა დაწესებულ გადასახადს ანტიკონსტიტუციური უწოდა: „ტელეფონზე ლაპარაკი სულაც არ ნიშნავს, რომ ყოველ მეორე დღეს სახლში ხანძარი მაქვს. ლოგიკისა და სამართლიანობის თვალსაზრისით, ამ გადასახადის დაწესება და მითუმეტეს, მისი მობილურ საუბრებთან მიბმა, ყოვლად გაუმართლებელია. ბოლო დროს ეს ტენდენცია ყველა მიმართულებით შეიმჩნევა. ავიღოთ, თუნდაც, დასუფთავების მუნიციპალური გადასახადის ელექტროენერგიის საფასურზე მიბმა. მთავრობა წარმოუდგენელ უკანონო მანიპულაციებს მიმართავს“.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ნარმანიას თქმით, როცა მოქალაქეს ან კომპანიას მომსახურება არ მიეწოდება და სახელმწიფო დაუკითხავად აჭრის ანგარიშიდან თანხას, ეს პირდაპირ მის ჯიბეში ხელის ჩაყოფაა, რაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში დასჯადია.

დავით ნარმანიამ განავრცო საფასურის თემა და ისაუბრა, რა შემთხვევაში იქნებოდა ეს გადასახადი გამართლებული. მისი თქმით, დახარჯული თანხის პროპორციულად დაწესებული ტარიფი უფრო ნაკლებად გამოიწვევდა საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებას, თუ მხოლოდ 112-ით მოსარგებლეს ჩამოეჭრებოდა გარკვეული თანხადა. ამ შემთხვევაში ეს გადასახადი გამართლებულიც იქნებოდა. „უკეთეს შემთხვევაში, ხელისუფლებას საერთოდ არ უნდა დაეწესებინა 112-ის სერვისის არსებობისთვის განკუთვნილი გადასახადი, რადგანაც ამგვარი საჯარო მომსახურებები უფასოა ყველა სხვა ქვეყანაში და მათ არსებობას მოსახლეობის მიერ გადახდილი სხვადასხვა სახის გადასახადები უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა http://www.commersant.ge-სთან/  საუბრისას აღნიშნა, რომ დაწესებული გადასახადი ხალხს არ დააზარალებს: „იმ ადამიანებს, რომლებიც უმწეოთა პროგრამაში არიან შესულნი, ეს თანხა არ დაერიცხებათ. გადასახადისგან ასევე გათავისუფლებულნი არიან პირები, რომლებიც თვეში მობილურ კავშირში 5 ლარზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ. ყველა დანარჩენისთვის კი, ჩემი აზრით, თვეში 20 თეთრის გადახდა პრობლემა არ არის. ეს თანხები საგანგებო სამსახურების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავად საგანგებო სამსახურების მომსახურება უფასოა. ამასთან, შარშან მობილური კავშირის ტარიფები საგრძნობლად შემცირდა. ასე რომ, 20-თეთრიანი გადასახადის დაწესება ხალხს პრობლემას ნამდვილად არ შეუქმნის“.

ფაქტია, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ამ სიახლის გარშემო უარყოფითია და „112“-ის მომსახურებაზე გადასახადის დაწესება მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მიუღებელია. მითუმეტეს, იურისტებისა და ექსპერტების განცხადებით, დადგენილება არაკანონიერია და უნდა გაუქმდეს.

www.article42.ge -ს ფოტო: „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტის კანცელარიასთან, 2012 წ. 11 აპრილი 

ახალი ამბები