კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აკრძალვის მიუხედავად საჯარო სკოლებში სამლოცველოები ისევ არსებობს

18 აპრილი, 2012

სალომე აჩბა. www.religiebi.info 

სკოლის ეზოში ხალხმრავლობაა. მშობლები პატარა ჯგუფებად დგანან და სახეზე მოუთმენლობა ეტყობათ. როგორც ჩანს, პირველი სმენის გაკვეთილები დასრულდა და  შვილებს ელიან. მე სკოლის შენობაში არსებული ეკლესიის შესასვლელს ვეძებ. როგორც აღმოჩნდა, ეკლესიაში მოხვედრა არა ცენტრალური, არამედ სკოლის გვერდითა შესასვლელიდანა არის შესაძლებელი.

ეკლესიის შესასვლელთანაც უამრავი ხალხია, ძირითადად - დაბალი კლასის მოსწავლეები. ქაოტურად დარბიან აქეთ-იქით. ალბათ, დაჭერობანას ან რაღაც მსგავსს თამაშობენ. ვხედავ, ერთი ბიჭი თავქუდმოგლეჯილი მორბის. მას უკან მეორეც მოსდევს და მის დაჭერას ცდილობს. პირველი ეკლესიის შესასვლელს გაუსწორდა თუ არა, მომენტალურად შეჩერდა, ეკლესიისკენ მიიხედა, ქუდი საჩქაროდ მოიძრო თავიდან და პირჯვარი სამჯერ ძალიან სწრაფად გადაიწერა. მერე ქუდი ისევ დაიხურა და სირბილი განაგრძო. მეორემაც პირველს მიბაძა - შეჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და კვლავ დაედევნა მეგობარს.

ეკლესიაში მესანთლე ქალის გარდა არავინაა. რამდენიმე სანთელი ანთია და საკმევლის სასიამოვნო სუნი დგას. სანთლების გამყიდველ ქალბატონს ვეკითხები - მოძღვარი თუ არის, მინდა ვესაუბრო-მეთქი. დღეს არ იქნებაო, მპასუხობს და კეთილად მიღიმის. ვუხსნი, რომ ჟურნალისტი ვარ და სკოლებში ეკლესიებისა და სამლოცველო კუთხეების არსებობის შესახებ სტატიის დაწერა მსურს. ცოტათი გაკვირვებული მიყურებს, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. „შეიძლება ამ საკითხზე თქვენც დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა?“ - ვეკითხები ქალბატონს. მოძღვრის კურთხევის გარეშე კომენტარის მოცემაზე უარს მეუბნება. მაინც ვცდილობ, რამდენიმე კითხვის დასმას, მაგრამ ვხედავ კომუნიკაცია აღარ გამომდის. საბოლოოდ, ჩემი მცდელობის შედეგად, რაც გავარკვიე ისაა, რომ ეს ეკლესია თბილისის 186-ე საჯარო სკოლის შენობაში 1999 წლიდან ასრებობს. როგორც სანთლების გამყიდველმა ქალბატონმა მითხრა, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. მრევლის უმეტესობა კი, ამავე სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან.

ეკლესიიდან გამოვედი და კვლავ სკოლის ეზოში ვტრიალებ. ახლა მოსწავლეების მშობლებთან ვცდილობ გასაუბრებას. „რა აზრის ხართ სკოლის შენობაში ეკლესიის არსებობაზე?“- ვეკითხები ერთ ქალბატონს. გაიკვირვა - ეს რა კითხვაა, რა აზრის უნდა ვიყოო? რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, ჩემი შვილი ისეთ სკოლაში რომ დადის, სადაც ეკლესიაც არისო.

სკოლის შენობაში ეკლესიის არსებობით სკოლის მოსწავლეებიც კმაყოფილები არიან: როგორც მესამე კლასელმა მარიამმა მითხრა, შესვენებებზე და გაკვეთილების შემდეგ ხშირად დადის ამ ეკლესიაში, სანთლებს ანთებს და ლოცულობს.

192-ე საჯარო სკოლაში, 186-ე სკოლისგან განსხვავებით, ეკლესია არ არის. თუმცა, აქ ლოცვისთვის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სპეციალური სამლოცველო ოთახი აქვთ გამოყოფილი.

სკოლის შენობაში, ჩემდა გასაკვირად, უპრობლემოდ შევედი. სამლოცველოს ოთახი  პირველივე სართულზე, ფოიეში მდებარეობს. შიგნით არავინაა. ალბათ, მოსწავლეები და მასწავლებლები გაკვეთილზე არიან - ვფიქრობ ჩემთვის და გზას იმ კაბინეტისკენ ვაგრძელებ, რომლის აბრაზეც „სკოლის ადმინისტრაცია“ აწერია.  სკოლის დირექტოს ვუხსნი, ვინ ვარ და ვთხოვ, რამდენიმე კითხვაზე მიპასუხოს. თუმცა, როცა იგებს, რომ ჟურნალისტი ვარ და თანაც მათ სკოლაში არსებულ სამლოცველოზე სტატიის დაწერა მსურს, ძალიან ღიზიანდება. უხეშად მიმითითებს კარისკენ და სკოლის შენობის დაუყოვნებლივ დატოვებას მთხოვს.

უდაბნოსა შინა მღაღადებელი კანონი

ზოგადი განათლების შესახებ კანონით, საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის არააკადემიური მიზნებით განთავსება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, დღემდე საქართველოში ისევ არის ბევრი საჯარო სკოლა, რომელშიც არათუ რელიგიური სიმბოლიკებია არააკადემიური მიზნებითა განთავსებული, არამედ - ეკლესიები და სამლოცველოები. ბუნებრივია, ეს საკანონმდებლო აკრძალვა კერძო სკოლებზე არ ვცელდება და ადმინისტრაციას,  ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია.

როგორც საპატრიარქოსთან არსებული წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის თავმჯდომარე, მეუფე იოანე გამრეკელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, საპატრიარქო საჯარო სკოლებში რელიგიური სიმბოლიკის განთავსების საკითხში არ ერევა და ამ საკითხს, თავად სკოლის ადმინისტრაცია წყვეტს: „სკოლებში სამლოცველო კუთხეების მოწყობა და რელიგიური სიმბოლიკის განთავსება თავად სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ხდება. საპატრიარქო ამ საკითხში არ ერევა. ჩვენ საჯარო სკოლებს ვერ მივუთითებთ, გახსნან თუ არა ამგვარი სამლოცველო კუთხე. მოგეხსენებათ, ევროპის მრავალი ქვეყნის აეროპორტშიც არის სხვადასხვა სამლოცველო - ქრისტიანისთვის, მაჰმადიანისთვის, ებრაელისთვის. ყველას აქვს უფლება, დაიკმაყოფილოს თავისი რელიგიური მოთხოვნილებები, მათ შორის - სკოლის მოსწავლეებსაც. რაც შეეხება ზოგადი განათლების შესახებ კანონით დადგენილ აკრძალვებს, რომლის მიხედვითაც კლასებში რელიგიური სიმბოლიკის განთავსევაა აკრძალული, ეს სრულიად მისაღები აკრძალვაა, რადგან შეიძლება, კლასში ვინმე ურწმუნო, ურჯულო და უცნაური ფსიქიკის ადამიანი იყოს, რომელსაც რელიგიური სიმბოლიკა ეჯავრება. რაც შეეხება სკოლებში სამლოცველო ოთახებს, იქ შესვლა  ხომ ნებაყოფლობითია?! იქ არავინ არავის აიძულებს შესვლას და ლოცვას“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის იურისტის, გიორგი გოცირიძის განმარტებით, სკოლებში სამლოცველო კუთხეების, ოთახებისა თუ ეკლესიების არსებობა არ ემსახურება სასწავლო-აკამდემიურ მიზანს და აქედან გამომდინარე, ამგვარი რამ საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის დარღვევაა: „კანონის მიხედვით, საჯარო სკოლაში რელიგიური სიმბოლიკის განთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ის სასწავლო-აკადემიურ მიზნებს ემსახურება. მაგალითად, როცა ისტორიის მასწავლებელი  გაკვეთილს ხსნის  ქართველი ერის გაქრისტიანების შესახებ, მას შეუძლია კლასში წმინდა ნინოს ხატის, ან ჯვრის თვალსაჩინოებისთვის შემოტანა და მოსწავლეებისთვის ჩვენება. ამას კანონი არ კრძალავს, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ,რელიგიური სიმბოლიკის კლასში განთავსება სასწავლო-აკადემიურ მიზანს ემსახურება... მაგრამ ამ სიმბოლოების რელიგიური მიზნებით განთავსება და  გამოყენება, მაგალითად, მათზე ლოცვა, აკრძალულია. რაც შეხება სკოლაში გამოყოფილ ცალკე  სამლოცველო ოთახს, რომელშიც განთავსებულია ხატები, სანთლები და სხვა რელიგიური სიმბოლოები, ცხადია, ამ შემთხვევაში, ეს სიმბოლოები აკადემიური მიზნებისთვის არ გამოიყენება. სკოლაში სამლოცველოს არსებობის მიზანი არის არა სასწავლო-აკადემიური, არამედ რელიგიური. შესაბამისად, ამგვარი რამ, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, დარღვევად ითვლება“.

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონის იმპლემენტაციის კუთხით, პრობლემები კვლავაც გვაქვს. „სანამ სახელმწიფო ამ კანონს მიიღებდა, სკოლებში უკვე არსებობდა სამლოცველოები და ეკლესიები. გარდა ამისა, ჩვეულებრივი მოვლენა იყო სასულიერო პირების კლასებში შესვლა და სასწავლო პერიოდში რელიგიური ქადაგება. მოსწავლეები ჯგუფურად  დაჰყავდათ ხოლმე აღსარებებსა თუ ზიარებებზე. მახსენდება შემთხვევა, როცა მუსლიმი ბავშვი მართლმადიდებლად სკოლაშივე მონათლეს. დღეს, მართლმადიდიებელი ეკლესიის სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობა ასეთი ყოვლისმომცველი აღარაა, მაგრამ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის სრულფასოვანი დაცვა მაინც პრობლემად რჩება.  რელიგიურ რიტუალებში ჩასაბმელად ისევ მიჰყავთ ხოლმე ბავშვები ჯგუფურად სკოლებიდან, სასულიერო პირები კვლავაც შედიან კლასებში და ქადაგებენ. ამას გარდა, თავად პედაგოგებიც, გაკვეთილზე ხშირად ქადაგებენ მართლმადიდებლური რელიგიის, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი გზის შესახებ. ბევრ სკოლაში ისევ არის განთავსებული რელიგიური სიმბოლოები, კვლავაც გვხვდება სამლოცველო ოთახები თუ კუთხეები“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

უმცირესობის წარმომადგენელთა დისკრიმინაციისა და გარიყვის პრობლემა

ჩვენ ამ საკითხზე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელსაც ვესაუბრეთ. როგორც ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე ამბობს, სკოლებში არა მხოლოდ მართლმადიდებლური, არამედ ყველა სხვა რელიგიური სიმბოლიკის განთავსებაც აკრძალული უნდა იყოს.

„მე საჯარო სკოლებში ჩემი რელიგიური მრწამსის სიმბოლიკის რეპრეზენტირების წინააღმდეგიც კი ვიქნებოდი, რადგან მიმაჩნია, რომ საჯარო სკოლა არაა ის სივრცე, სადაც რელიგიური სიმბოლოებისა თუ გრძნობების რეპრეზენტირება უნდა ხდებოდეს. ჩემი შვილი გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. მისი კლასელი იეჰოვას მოწმეა. ჩემი შვილისგან ვიცი, რომ გაკვეთილები ლოცვით იწყება და ბავშვები ლოცვის შემდეგ პირჯვარს იწერენ ხოლმე. ეს ბავშვი, ყოველ გაკვეთილზე ტირის, რადგან მისი რელიგიისთვის პირჯვრის გადაწერა მიღებული არაა.  ბუნებრივია, მას იქ არავინ აიძულებს პირჯვრის გადაწრას, მაგრამ აბა, წარმოიდგინეთ, მთელი კლასი რომ დგება, იწყებს ლოცვას და იწერს პირჯვარს, როგორ გარიყულად გრძნობს თავს ის იეჰოვას მოწმე. ეს ყველაფერი ძალიან უშლის ხელს კლასში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მოსწავლეების ერთმანეთში ინტეგრაციას და ამაზე სკოლის დირექტორებიც და მასწავლებლებიც უნდა დაფიქრდენენ. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ სკოლებში რელიგიური სიმბოლების განთავსება და რელიგიური რიტუალების აღვლენა არ უნდა ხდებოდეს“, - ამბობს პასტორი შმაგი ჭანკვეტაძე.

ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის თქმით, საჯარო სკოლაში მართლმადიდებლური რელიგიის სიმბოლოების განთავსება დისკიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა რელიგიის წარმომადგენელ მოსწავლეებს.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში  მართლმადიდებლების გარდა, სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც სწავლობენ. გარდა ამისა, საჯარო სკოლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ბიუჯეტს მხოლოდ მართლმადიდებელი მოსახლეობა არ ავსებს. თუკი სკოლაში  მართლმადიდებლური სიმბოლიკა, ან სალოცავებია წარმოდგენილი, მაშინ სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება ყველა სხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელსაც უნდა ჰქონდეს, იქნება ეს სალოცავი კუთხეების მოწყობა, რიტუალების აღვლენა თუ თავიანთი რელიგიური სიმბოლოების  განთავსება. ბუნებრივია, ეს ძნელი განსახორციელებელი იქნება, რადგან საქართველოში უამრავი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფი არსებობს. გარდა ამისა, ამან შესაძლოა, პრობლემები წარმოშვას სასწავლო პროცესის აკადემიურ ხასიათთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, სეკულარულ სახელმწიფოში, სკოლა და რელიგია ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული უნდა იყოს და ჩვენი კანონმდებლობით ასეც არის“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რა გავლენას ახდენს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეზე სკოლაში დომინანტური რელიგიის სიმბოლოების რეპრეზენტირება? იწვევს თუ არა ეს ბავშვების გახლეჩას და უშლის თუ არა ხელს, განსხვავებული რელიგიური იდნეტობის მქონე ბავშვების ინტეგრაციას?! ამ საკითხებზე კომენტარი ვთხოვეთ ბავშვთა ფსიქოლოგს, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელს მაია ცირამუას.

„სკოლებში რელიგიური კუთხეებისა თუ სალოცავების არსებობა, მე ვფიქრობ, უტაქტობა და არატოლერანტული საქციელია. რელიგიური გრძნობები ძალიან ფაქიზი და საფრთხილო თემაა და ამიტომ მიმაჩნია, რომ სკოლა უნდა იყოს კოსმოპოლიტური სივრცე, სადაც ნებისმიერი რელიგიისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ინტეგრაციას თავისუფლად შეძლებს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტ რელიგიურ სიმბოლიკას განვათავსებთ სკოლებში, მით უფრო მეტი მოსწავლე, თუ ჯგუფი იქნება გამოყოფილი დანარჩენისგან. ბუნებრივია, გარიყვა ყოველთვის ხდება, როცა კლასში 20 ადამიანიდან 19 რაიმე რიტუალში, მაგალითად ლოცვაში, პირჯვრის გადაწერაში ერთვება და ერთი, თავისი განსხვავებული რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე, ამ ყველაფერში არ მონაწილეობს. ეს იწვევს ჯგუფის ორად გახლეჩას. ძალიან რთული გადასატანია ბავშვისთვის, როცა მას კლასი არ იღებს“, - ამბობს მაია ცირამუა და ამატებს, რომ  სამწუხაროდ, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია, როგორც წესი, წინ არ აღუდგება და არ აპროტესტებს ხოლმე სხვა რელიგიის წარმომადგენელი მოსწავლისადმი კლასის ამგვარ დამოკიდებულებას.

ახალი ამბები