კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ქალბატონის აღიარებით ჩვენებებში თბილისის მერისა და ვიცე-მერის გვარები ფიგურირებდა

18 აპრილი, 2012

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კორეელი ინვესტორის შელ ო პაკის 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონების მითვისების ხმაურიანი საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, შპს „ბარნოვის“ ხელმძღვანელი ნანა ესეკია შეიწყალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „პირველს“ წყარომ უამბო, ესეკია იმ 7 ქალბატონს შორის აღმოჩნდა, რომლებიც პრეზიდენტმა შემოდგომაზე, გიორგობისთვის შეიწყალა. წყარო იმასაც ყვება, რომ აღნიშნული ფაქტი თავად ესეკიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან იგი თავს „მთავრობის  კადრად“ თვლიდა.

საქმე კორეელი ინვესტორის კუთვნილი დაახლოებით 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქონების მითვისების ფაქტს ეხება, რომლის ლეგალიზაციაც, პროკურატურის ინფორმაციით, ესეკიამ დანაშაულის შენიღბვის მიზნით მოახდინა.

სამართალდამცველებმა შპს „ბარნოვის“ ხელმძღვანელი გასული წლის 20  აგვისტოს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 180-ე და 194-ე მუხლებით აღიძრა, რაც თავისუფლების 12 წლით აღკვეთას ითვალისწინებდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ნანა ესეკიამ გამოძიებასთან წარმატებით ითანამშრომლა, რამაც მისთვის დაბალი სასჯელის მიყენება და მოგვიანებით შეწყალებაც განაპირობა.

როგორც წყარო გვიყვება, მის ჩვენებებში ქალაქის მერის გიგი უგულავასა და ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის გვარები ფიგურირებდა.

წყაროს ცნობით, ესეკიამ საკუთარ ჩვენებაში თბილისის მერიასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორეელი ინვესტორისთვის გამოძალული თანხიდან წილი ქალაქის მერისთვის იყო „გადადებული“, მაგრამ გამოძიება ამ მიმართულებით არ გაგრძელებულა, ყოველ შემთხვევაში - ოფიციალურად. ესეკიას კი „ჩუმად ყოფნის“ სანაცვლოდ დაბალ სასჯელს და მოგვიანებით - გათავისუფლებას დაჰპირდნენ.

 ნანა ესეკია ყოფილი პარლამენტარის, ნიკოლოზ კვეზერელის „დანაშაულებრივი დაჯგუფების“ წევრად მოიაზრებოდა.

ნიკოლოზ კვეზერელს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 90-იან წლების დასაწყისში იგი აშშ-ში გაწვრთნილი პირველი ქართული სპეცრაზმის - „ომეგას“ მეთაური იყო. მოგვიანებით უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელებთან და გასამხედროებულ დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერებთან ერთად, ექს-პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გაასამართლეს. საქმე ეხებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტს „იმელის“ შენობასთან, როდესაც ბოროტმოქმედებმა ედუარდ შევარდნაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შევარდნაძე და მისი თანმხლები პირები - ვახტანგ რჩეულიშვილი და პეტრე მამრაძე სასწაულებრივად გადარჩნენ. ნიკოლოზ კვეზერელი კი ე. წ. საუკუნის პროცესის მონაწილე განსასჯელი გახლდათ. მასთან ერთად გაასამართლეს - „მხედრიონის“ დამფუძნებლები - ჯაბა იოსელიანი და გიგა გელაშვილი, შს მინისტრი, თემურ ხაჩიშვილი, სპეცრაზმ „ალფას“ მეთაური, გურამ პაპუკაშვილი და სხვები. ნიკოლოზ კვეზერელმა სასჯელი ვადაზე ადრე მოიხადა და ცოტა ხანში საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ეს საზოგადოებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან მაშინდელი საარჩევნო სისტემის პირობებში, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, არჩევნებში გამარჯვებას ვერავინ შეძლებდა. 

2011 წლის 6 აგვისტოს ნიკოლოზ კვეზერელი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, კვეზერელმა კორეელ ინვესტორ შელ ო პაკს კუთვნილი ნაკვეთის გასაყიდად მოწყობილი აუქციონის ჩაშლის სანაცვლოდ 10 000 ამერიკული დოლარი გამოსძალა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2009 წელს კვეზერელი თაღლითურად დაეუფლა იმავე ინვესტორის „ინფინიტის“ მარკის ავტომობილს, რომლის საბაზრო ღირებულება 40 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. დაკავებისას ნიკოლოზ კვეზერელმა სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია.

ნიკოლოზ კვეზერელისა და ნანა ესეკიას საქმეებზე ძიება სხვადასხვა მიმართულებით წავიდა.

„რამდენადაც მე ვიცი, ესეკიას საქმეზე ძიება თავდაპირველად საკმაოდ მძიმედ მიდიოდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და იმ სასჯელის სანაცვლოდ, რასაც მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესაბამისი მუხლები ითვალისწინებდა, თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთა განესაზღვრა. ჩემი ინფორმაცით, იგი უკვე თავისუფალია“,- განუცხადა „პირველს“ კვეზერელის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ.

თავად კვეზერელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლოში კი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კვეზერელმა, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალს არ აღიარებდა, დანაშაული აღიარა და სასჯელი 5 წლიან პატიმრობამდე შეუმცირდა. იგი სასჯელს ამჟამად თანამშრომლებისთვის  განკუთვნილ საპატიმრო დაწესებულებაში იხდის.

ახალი ამბები