კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის ინვესტორს საგადასახადო შეღავათები ექნება

19 აპრილი, 2012

ოლიმპიური სოფლის მშენებლობისთვის ინვესტორს საგადასახადო შეღავათები ექნება. აღნიშნულ საკითხებს პარლამენტში ინიცირებული "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის" შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, ინვესტორმა საქართველოში ოლიმპიური სოფელი, აგრეთვე, ოლიმპიადის, მათ შორის ახალგაზრდული ფესტივალის ორგანიზებისთვის აუცილებელი სხვა დამხმარე ნაგებობები მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა ააშენოს.

ხელშეკრულებით კი, ინვესტორს შეეძლება, ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და საბაჟო საწყობის სპეციალური სავაჭრო ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ნაგებობებიც ააშენოს და, შესაბამისად, ასეთი ზონები შექმნას.

ამას გარდა, ინვესტორს შეეძლება, ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რითაც საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები სარგებლობენ, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებლად განახორციელოს მშენებლობისთვის დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და სხვა.

ინვესტორს ხელშეკრულებაში თავიდანვე განესაზღვრება, თუ ვის უნდა გადასცეს ოპლიმპიური ნაგებობები უსასყიდლოდ, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში.

რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, ინვესტორი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში გათავისუფლდება დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების – მსუბუქი მანქანების გარდა და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას.

ასევე, ინვესტორი ოლიმპიური სოფლის, ოლიმპიადის ორგანიზებისთვის აუცლებელი სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშკრულებით გათვალისწინებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების იმპორტის გადასახადსაც არ გადაიხდის. თუმცა, სასტუმროსთან მიმართებაში, იმ ავეჯისა და მოწყობილობების სიას, რომელთა იმპორტისას შეღავათი იმოქმედებს, მთავრობა განსაზღვრავს.

ინვესტორი გათავისუფლებული იქნება მოგების გადასახადისგან და დივიდენდის დაბეგვრისგან.

ამას გარდა, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ინვესტორს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით დაუბრუნდება საქართველოში შესყიდულ საქონელსა თუ მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი. ხოლო, ქონებისა და მიწაზე ქონების გადასახადი იმ ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ დადგენილი განაკვეთით დაიბეგრება. თუმცა, ქონების და მიწაზე ქონების გადასახადს ინვესტორი მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში არ გადაიხდის.

საგადასახადო შეღავათი ექნება ინვესტორის კონტრაქტორსაც, რომელიც უშუალოდ შეასრულებს სამუშაოებს. კონტრაქტორი სამუშაოების წარმოების შედეგად ინვესტორისგან მიღებული/მისაღები ანაზღაურების ნაწილში, მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში, მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. თუმცა, 10 წლის შემდეგ ინვესტორს და კონტრაქტორს უფლება არ ექნებათ, წინა პერიოდის აუნაზღაურებელი ზარალი გამოქვითონ.

ინვესტორის მიერ ქონების გასხვისების შემთხვევაში ქონების ახალ მესაკუთრეზე, შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი მხოლოდ მშენებლობის პროცესში გავრცელდება.
კანონპროექტის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა. პროექტის განხილვა პარლამენტს ჯერ არ დაუწყია.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 2015 წელს უნდა გაიმართოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები