კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოუმზადებლობის გამო გადაიდო

20 აპრილი, 2012

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის ანზორ ქოქოლაძის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოუმზადებლობის გამო 1 მაისისთვის გადაიდო.

19 აპრილს სასამართლო სხდომას მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი უძღვებოდა. ანზორ ქოქოლაძის ინტერესებს კი ადვოკატები ლილი გელაშვილი და მაია ხუციშვილი იცავდნენ.

სასამართლო პროცესი იმ ეტაპზე იყო, როცა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. პროკურორის განცხადებით, იგი მზად არ იყო ბრალის წარსადგენად და ამ მოტივით მან პროცესის ორი კვირით გადადების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სასამართლო სხდომნა 1 მაისს, 12:00 საათზე დანიშნა.

ქოქოლაძის ადვოკატის, მაია ხუციშვილის განმარტებით, ახალი ბრალდებით, რომელიც პატიმრობაში მყოფ ქოქოლაძეს დეკემბერში წარედგინა, მას ბრალი სისხლის სამართლის 180-ე თაღლითობისა და სისხლის სამართლის 134-ე უკანონო ფულის ლეგალიზაციის მუხლებით წარედგინა.

„ბრალდების მოტივი ასეთია: ისინი ამბობენ, რომ „ელიტ ელექტრონიქსიდან“ წამოსვლის შემდეგ როცა ქოქოლაძემ „ტექნო ბუმი“ დააარსა, ამ საქმეში მან „ელიტ ელექტრონიქსისგან“ წამოღებული ფული ჩადო. ბრალდების მხარის მტკიცებით, ქოქოლაძე „ელიტ ელექტრონიქსიდან“ დავალიანებით წამოვიდა და შესაბამისად, მას ახალი საქმის წამოსაწყებად ფული არ უნდა ჰქონოდა. თუმცა, საქმეში არსებობს სესხის ოფიციალური ხელშეკრულებები, საიდანაც ირკვევა, თუ ვინ ჩადო „ტექნო ბუმში“ ფული. ამ ხელშეკრულებებს ბრალდების მხარეც იცნობს. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ ეს არა სესხი, არამედ მაინც ანზორ ქოქოლაძის ფულია. აღნიშნულ საქმეზე 54 მოწმე უნდა დაკითხულიყო. სასამართლომ კი მხოლოდ 14 დაკითხა. სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა დაეკითხა კიდევ 40 ადამიანი, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ „ტექნო ბუმში“ ფული პირადად მათ ჩადეს. სწორედ ამ საქმეზე დაკავებულნი არიან ქოქოლაძის ბიძაშვილები - მალხაზ და თენგიზ ნარგევაძეები, სიძე არჩილ დუმბაძე და არის კიდევ ერთი ბრალდებული არჩილ ლობჟანიძე“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ამასთან, ქოქოლაძის კიდევ ერთი ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, ქოქოლაძის თხოვნით, ისინი რამდენიმე დღეში სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ და გაასაჩივრებენ პირველ ბრალდებას კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც ქოქოლაძეს თავისუფლების 7 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე 2010 წლის აგვისტოში 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავა. 2010 წლის 21 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

2010 წლის 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55% „თიბისი ბანკმა“ „თიბისი ბროკერის“ საშუალებით 116 000 ლარად ფარულად შეისყიდა. „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქოქოლაძის პატიმრობაში ყოფნა სწორედ აღნიშნულ დავას უკავშირდება.

მოგვიანებით სასამართლომ დავა „თი-ბი-სი ბანკის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

ახალი ამბები