კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილები დევნილთა ამბების შესახებ

20 აპრილი, 2012

თამარ ფარადაშვილი, media.ge

როგორია დევნილთა  ცხოვრების პირობები, რა ხდება მათი საცხოვრებლის პრივატიზებასთან დაკავშირებით, მიიღეს თუ არა კომპენსაცია, ადაპტირდნენ თუ არა განსახლების ახალ ადგილას, როგორ ებრძვიან უმუშევრობას, იღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას - ამ საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გადაცემათა ციკლიდან „დევნილთა ამბები“.

დევნილების ისტორიების შესახებ რადიოსიუჟეტებს დევნილი აქტივისტები სამეგრელო-ზემო სვანეთიდან და შიდა ქართლიდან ამზადებენ. ჯამში ათი სიუჟეტი ხუთი რეგიონალური რადიოსადგურის - „ჰერეთის“, „ათინათის“, „ჰარმონიის“, „ძველი ქალაქის“ და „თრიალეთის“ ეთერით თვეში ერთხელ გადის. პოდკასტების სახით იგივე მასალა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე geo.regionalreporters.net.

„დევნილთა ამბები“ ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IWPR) პროექტია და 2010 წლიდან ხორციელდება.

IWPR -ის პროექტების კოორდინატორი შორენა ლათათია განმარტავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმი შეიქმნა, პროექტის მიზანიც, კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გაშუქება იყო, რასაც ასეთი ინტენსივობით და ჩაღრმავებით ადგილობრივი მედია ვერ გააშუქებდა, „რადგან მას ამის ფუფუნება არ აქვს“. ამიტომ გადაწყვიტეს, დევნილთა ამბები თავად დევნილებს მოეყოლათ, რომელთაც ჟურნალისტურ პრინციპებსა და გაშუქების მეთოდებში ტრენინგი ჩაუტარდათ.

„ამ პროექტში მეძლევა შესაძლებლობა დევნილებს დავეხმარო, თუნდაც იმით, რომ მათი პრობლემა გავახმოვანო“, - ამბობს 28 წლის ნათია ხერკენაშვილი. ის 2008 წელს ლიახვის ხეობიდან იძულებით გახდა დევნილი და ამჟამად კარალეთის დასახლებაში ცხოვრობს, რაც მას დევნილთა ამბების შიდა მხრიდან დანახვის შესაძლებლობას აძლევს. ნათია ამბობს, რომ დევნილის სტატუსი ხელს არ უშლის ობიექტურად გააშუქოს ის პრობლემა, რაც მასაც ეხება. რადგან მის მიერ მომზადებულ მასალებში ჟურნალისტური პრინციპები დაცულია და ამბის მონაწილე ყველა მხარეა წარმოდგენილი.

„ადრე ჭირდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მამასახლისებთან დაკავშირება. გვეუბნებოდნენ, რომ ცენტრალური მთავრობიდან აკრძალული ჰქონდათ ჟურნალისტებთან საუბარი. შემდეგ ნახეს, რომ ობიექტურად ვაშუქებთ და ახლა უკვე კონტაქტის შესაძლებლობა გვაქვს“, - ამბობს ხერკენაშვილი.

„დევნილთა ამბები“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ორი რეგიონით. მიმოიხილავენ 2008 წლამდე არსებული დევნილების მდგომარეობასაც. აქ კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენებიც შუქდება, - მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები.

„ვცდილობთ დევნილთა პრობლემების შესახებ ინფორმაცია კომპეტენტურ პირებს მივაწოდოთ“, - ამბობს ლათათია.

შედეგი, რომელიც „დევნილთა ამბების“ გაშუქებას მოჰყვა, იყო, მაგალითად, შეშის დარიგება კომპაქტურ დასახლებებში, როცა ამის საჭიროება იყო - აღნიშნავს IWPR-ის რედაქტორი, გიორგი კუპატაძე.

geo.regionalreporters.net.-ზე აგრეთვე თავსდება ვიდეოები, როგორც დევნილთა პრობლემების, ისე საქართველოს სხვა აქტუალური საკითხების შესახებ - შიდსის პრობლემა, აჭარაში მეჩეთის მშენებლობის საკითხი. ვიდეოებზე, რომლებიც თვეში ორჯერ მზადდება რეგიონალური მედის ჟურნალისტები მუშაობენ. მასალას ინგლისური ტიტრები ედება და IWPR-ის საიტზე იდება, რომელსაც ათი ათასზე მეტი ადამიანი საქართველოს ფარგლებს გარეთ ნახულობს.

geo.regionalreporters.net.  იგივე  რეგიონული მედიის ქსელია, პროექტი, რომელიც  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდებოდა და 2007-დან 2009 წლამდე მუშაობდა. გიორგი კუპატაძის  განმარტებით, პროექტში ათეულობით რეგინალური ჟურნალისტი იყო ჩართული, რომლებიც მუშაობდნენ ისეთი თემების გაშუქებასა და წინ წამოწევაზე, რომლებიც ცენტრალური მედიის ყურადღების მიღმა რჩებოდა. მათ მიერ მომზადებული მასალა გადიოდა რეგინალურ რადიოსადგურებში და ბეჭდურ მედიაში, შემდეგ თავსდებოდა რეგიონალური მედიის  ქსელის ვებ გვერდზე.

„ეს პროექტი დასრულდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ბაზა როგორც საიტი ამ პროექტისთვის გამოგვეყენებია. პრეტენზია არ გვაქვს, რომ  ტრანსლირების ცენტრალიზებულ სისტემას ავაგებთ, მაგრამ სოციალურ ქსელებში დაშეარებით ვცდილობთ გადაცემების მასებში გატანას“, - ამბობს კუპატაძე.

ორიგინალი

ახალი ამბები