კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის ტიპური მაგალითი თბილისის მერიაში

20 აპრილი, 2012

ნინო ცაგარეიშვილი

ქალაქ თბილისის მერია, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოს წარმოადგენს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2012 წლის 2 თებერვლის მონაცემებით, თბილისის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემას, როგორც წესი, თავს არიდებს.

„თბილისის მერიის პასუხები საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე, როგორც ყოველთვის, სტანდარტული და არასრულყოფილია. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, საპასუხო წერილებში ხდება ჩვენი გადამისამართება სხვადასხვა წყაროებზე, მაგალითად - გვირჩევენ, მოვიძიოთ ინფორმაცია ვებ-გვერდზე ან მივმართოთ  სხვა დაწესებულებებს“, – აღნიშნულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტუტუტის ვებგვერდზე განთავსებულ მერიის პასუხებზე თანდართულ დოკუმენტში.

2011 წლის 24 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ: 1) 2011 წ. 1 აპრილიდან 6 მაისის შუალედში, კონკრეტულად, რომელ რიცხვებში და სად იმყოფებოდა ქალაქ თბილისის მერი სამსახურებრივი მივლინებით და რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან; 2) ვინ ახლდა ქალაქის მერს სამსახურებრივი მივლინებისას და რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მათი მივლინებისას.

თბილისის მერიამ აღნიშნულ განცხადებას არ უპასუხა. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2011 წლის 20 დეკემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178 მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

თბილისის მერიამ ადმინისტრაციულ საჩივარს შემდეგნაირად უპასუხა: „თქვენი მოთხოვნა შეეხება ქალაქ თბილისის მერიაში დაცულ დოკუმენტებზე საჯარო ინფორმაციის გაცემას. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მიერ, შეუძლებელია, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილი იქნას იმავე დაწესებულებაში, შესაბამისად, მიმართეთ სასამართლოს“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წერილი არ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს - ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის კონკრეტულ მუხლს, რომელსაც ამჯერად თბილისის მერია დაეყრდნო.

2011 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. სასამართლო განხილვის დაწყებამდე ორი-სამი დღით ადრე, ორგანიზაციამ მოულოდნელად მიიღო თბილისის მერიის კიდევ ერთი წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის 24 ივნისის განცხადების პასუხად, თბილისის მერია ორგანიზაციას უგზავნის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2011 წლის 21 მარტის #383 განკარგულების ასლს.

გამოდის, რომ ამ განკარგულების გამოგზავნა მერიამ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცენტრმა სასამართლოს მიმართა. ეს კი მიუთითებს, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაციის გაცემა მერიისათვის პრობლემას თავის დროზე სულაც არ წარმოადგენდა, თუმცა, მან გადაწყვიტა, ამ ვალდებულებისათვის  თავი აერიდებინა და ცენტრისთვის ერჩია: „მიმართეთ სასამართლოს“.

აღნიშნული განკარგულება შეეხებოდა თბილისის მერის გიორგი უგულავას ისრაელში და თურქეთში მივლინებებს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისის მერი გიორგი უგულავა 28 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით იმყოფებოდა თელ-ავივში და 30 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ქ. სტამბულში, რაზედაც გამოიყო 3733 ლარი.

ასე რომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის მეორე შეკითხვაზე - ვინ ახლდა თბილისის მერს სამსახურებრივი მივლინებისას და რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან მათი მივლინებისას -  პასუხი კვლავ გაუცემელი დარჩა.

შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ სასამართლო განხილვაზე აღნიშნა, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის მერიის აღნიშნული წერილი არ წარმოადგენს სრულყოფილ პასუხს მათ განცხადებაზე.

მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თბილისის მერი არ იმყოფებოდა სხვა მივლენებებში. ხოლო, თანმხლებ პირებთან დაკავშირებით აღნიშნა: „ვინაიდან განკარგულებაში არ არის აღნიშნული, გამოდის, რომ მერს თან არავინ არ ახლდა“. ის ფაქტი, რომ აღნიშნული არ იყო გაცხადებული მერიის საპასუხო წერილში, ადვოკატმა მიიჩნია არასრულყოფილ ფორმულირებად. ნესტან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო საპასუხო წერილში.

სასამართლომ ჩათვალა, რომ თბილისის მერიის პასუხი ადამიანის უფლებათა ცენტრის შეკითხვაზე იყო სრულყოფილი.

სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: „სადავო ინფორმაცია არ არის მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან დაცული ქ. თბილისის მერიაში და ზემოთ მოყვანილი შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი“.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი დავობდა არა იმაზე, არსებობს თუ არა აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერიაში, არამედ - მერიის პასუხის არასრულყოფილების საკითხზე.

ახალი ამბები