კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამაზ თამაზაშვილის და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

24 აპრილი, 2012

ნათია დანელიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის და - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. თამარ თამაზაშვილი დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლაში ფორტეპიანოს მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა.

როგორც თამარ თამაზაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„ათი დღის წინ, სკოლის დირექტორმა აკაკი მერაბიშვილმა დამიბარა და მითხრა: ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელი ხარ, ამიტომ განცხადება უნდა დაწერო და წახვიდეო. ზემოდან გამაფრთხილეს, განცხადება დააწერინე და გაუშვიო. მე ვუთხარი, რომ არ დავწერდი განცხადებას. ოთხშაბათს, 18 აპრილს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება, სასწავლო წლის დამთავრებამდე 2 თვით ადრე სკოლაში რეორგანიზაციის შესახებ. გააუქმეს სასწავლო ნაწილის შტატი და ასე გამომიშვეს სამსახურიდან. მე ფორტეპიანოს პედაგოგადაც ვმუშაობდი და არც პედაგოგად დამტოვეს. დირექტორი ამბობს, მე წესის და კანონის მიხედვით ვიმოქმედე, არაფერი დამირღვევიაო. იგივე წესით და კანონით ზის ჩემი ძმა ციხეში უსამართლოდ. თამაზაშვილების ოჯახს გვდევნიან“, - განაცხადა თამარ თამაზაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი კომენტარისთვის სკოლის დირექტორს აკაკი მერაბიშვილს დაუკავშირდა. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ თამარ თამაზაშვილის გათავისუფლებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ტელეფონი გათიშა.

„არავითარი ირაკლი ღარიბაშვილი, უბრალოდ გადანაცვლება მოხდა... ერთი სიტყვით, ამას პოლიტიკური სარჩული არა აქვს და თუ გაინტერესებთ, გამგეობაში პრესსამსახურს დაუკავშირდით“, - აღნიშნა აკაკი მერაბიშვილმა.

რის საფუძველზე განხორციელდა დედოფლისწყაროს სახელოვნებო სკოლაში რეორგანიზაცია, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ბაღაშვილს ვერ დაუკავშირდა.

შეგახსენებთ, რომ გათავისუფლებული პედაგოგის თამარ თამაზაშვილის ძმა, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომრებს დააკავეს. მას ბრალი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ედება. თამაზ თამაზაშვილი ბრალს არ აღიარებს. 2011 წლის 11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. სახლს ხანძარი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა, მეხანძრეები კი შემთხვევის ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ.

თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი. ის დედოფლისწყაროს გამგეობაში სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა. ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ თამაზაშვილის სიძე - ქალიშვილის ქმარია. ის ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელი და „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრია. დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ რაიონულ შტაბს თამაზ თამაზაშვილის შვილი, ლექსო თამაზაშვილი ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები