კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილის კურსის თავისებურება

24 აპრილი, 2012

Opinion.ge

იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობა შეწყვიტეს, საქართველო ამ თანამშრომლობას სულ უფრო აღრმავებს. თუმცა, ოფიციალურად, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას დასავლური კურსი აქვს დეკლარირებული.

ცოტა ხნის წინ, ირანულმა საინფორმაციო საშუალებებმა თეირანსა და თბილისს შორის ეკონომიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ირანში თანამშრომლობის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოდან ჩასული იყვნენ საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკის სამინისტროს გადაზიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე.

ნაციონალურმა არხებმა, რომლებიც მსგავსი ვიზიტების და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციებს აქტიურად აშუქებენ, ირანთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ არაფერი თქვეს. ინფორმაცია არც ქობალიას უწყებას გაუვრცელებია.

opinion.ge შეეცადა გაერკვია რა სახის თანამშრომლობას ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ირანთან, კონკრეტულად რა ხელშეკრულებები ფორმდება და რატომ არ იცის ამის შესახებ ქვეყნის მოსახლეობამ. რამდენად ეთანადება საქართველოს მიერ გაცხადებულ დასავლურ პოლიტიკას ირანთან თანამშრომლობა.

ირანთან და დასავლეთთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაკონკრეტება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნინო კალანდაძეს ვთხოვეთ. opinion.ge -ს დასმულ კითხვაზე კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისთვის მნიშვნელოვანია მეზობლებთან ეკონომიკური ურთიერთობა, რომ შეფარულ პოლიტიკას ადგილი არ აქვს და ირანთან თანამშრომლობა არ ეწინააღმდეგება დასავლეთთან ურთიერთობას.

ნინო კალანდაძე: (სტილი დაცულია): „საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, იგი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ფორმით, ვისთან ითანამშრომლოს. ასევე, საქართველოს ღია დეკლარაციაა ის, რომ მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა სურს ეკონომიკურად მსხვილ სახელმწიფოებთან. იმ ფონზე, როცა ირანიდან მომავალი ტურისტული პოტენციალი დღითიდღე იზრდება საქართველოში, რასაკვირველია, ჩვენ მით უმეტეს რეგიონში მსხვილი ეკონომიკური პოტენციალის სახელმწიფოსთან, სურვილი გვაქვს, მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისმობს იმას, რომ ჩვენ საერთო სქემიდან ამოვარდნილი ვართ, ან წინააღმდეგობრივია ეს რაიმე სახით ჩვენს პოლიტიკასთან დასავლეთთან მიმართებაში. ეს ურთიერთობები სრულიად ღიაა, გამჭვირვალეა. ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ბუნებრივია, ამის თაობაზე საჯაროდ ინფორმირებულია. ასე რომ, საქართველოს ინტერესში შედის ყველა დიდ სახელმწიფოსთან ჰქონდეს მაქსიმალურად საინტერესო, დიდი სავაჭრო ბრუნვა და ურთიერთტურიზმის მოზიდვის პოტენციალი. რაც შეეხება ქართული საზოგადოების ინფორმირებულობას, ვერ გავიზიარებ, რომ საზოგადოება არაა ინფორმირებული. თანამშრომლობის შესახებ ახლაც საჯაროდ ვაცხადებ. ირანიდან საქართველოში დელეგაცია იყო ჩამოსული, თბილისში ეკონომიკური კომისიაც გაიმართა, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაშუქდა კიდეც. რაიმე შეფარულ პოლიტიკას არ აქვს ადგილი. ეს ღიად გაცხადებულია, მით უმეტეს იმ ჭრილში, როდესაც საქართველო მაქსიმალურად ცდილობს თავისი ეკონომიკური პოტენციალი გაზარდოს და დააინტერესოს საკუთარი ბაზრით სხვა ქვეყნის მოქალაქეები და პირიქით, ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნის ბაზარი გაუხსნას. ყველა სახელმწიფო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გადასახედიდან“.

არის თუ არა მინისტრის მოადგილის ეს ბუნდოვანი და ორაზროვანი პასუხი საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ირანთან გაფორმებულ კონკრეტულ შეთანხმებათაგან ერთ–ერთს – მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა თეირანში ხელი მოაწერა კერძო სექტორში ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმს. დოკუმენტს ხელი საქართველოსა და ირანის კერძო სექტორის წარმომადგენლების სხდომაზე მოეწერა. ამავე სხდომაზე ორი ქვეყნის ბიზნესმენების საერთო საბჭოს ჩამოყალიბების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ირანის ისლამური რესპუბლიკის მრეწველობისა და რესურსების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მუჰამედ ნაჰვანდიანმა მიღწეული შედეგი ასე შეაფასა: „საქართველოს ეკონომიკაში ქმედითი ნაბიჯებისა და რეფორმების გატარებით ამ ქვეყანაში ირანელი ბიზნესმენების მოღვაწეობისთვის შესაფერისი ნიადაგი მომზადებულია“.

კახა ბაინდურაშვილმა კი განაცხადა, რომ ირანელ ბიზნესმენებს საქართველოს გავლით დიდ ბაზარზე გასვლა შეუძლიათ. „ირანელი ბიზნესმენებისათვის ხელსაყრელ პირობად ორმაგი დაბეგვრისაგან გათავისუფლება ითვლება“ – აღნიშნა სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ირანთან კიდევ ერთი მიმართულებით მიაღწია შეთანხმებას. საქმე ეხება ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხს. ეკონომიკის სამინისტროს გადაზიდვების სააგენტოს პრეზიდენტი მიხეილ ხმალაძე და მისი ირანელი კოლეგა საიდ აბდალაჰიმი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

opinion.ge საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს კახა ბაინდურაშვილს დაუკავშირდა. ბაინდურაშვილის თქმით, მსგავს შეთანხმებებს პალატა სხვა ქვეყნებთანაც აქტიურად აფორმებს. შეთანხმებაა ირანის და საქართველოს პალატებს შორის ბიზნესურთიერთობებს შეეხება, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და ინფორმაციაც არავისთვისაა დაფარული.

თუმცა, როგოც ერთხელ უკვე აღინიშნა, ქართულ–ირანული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებს არ გაუვრცელებიათ. უწყებებს რომლებსაც მედიისთვის ინფორმაცია უნდა მიეწვდინათ (ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საგარეო საქმეთა სამინისტრო) გაუგებარი მიზეზით ეს არ გაუკეთებიათ.

ირანთან დაკავშირებით მსოფლიო თანამეგობრობა დღითიდღე აძლიერებს როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სანქციებს. მოსალოდნელია, რომ აშშ–ს და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ირანის საბანკო სისტემას ემბარგო ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გამოუცხადოს. თეირანმა, პრაქტიკულად, დაკარგა ტრადიციული საექსპორტო ბაზრები, რომლებზეც ნავთობი გაჰქონდა. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ევროკავშირში სრულად აიკრძალება ირანული „შავი ოქროს“ შემოტანა. მკვეთრად შეამცირეს ირანიდან ნავთობის შეძენა იაპონიამ და ჩინეთმა.

დღეისათვის ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური პარტნიორები მისი რეგიონალური მეზობლები სომხეთი და საქართველო არიან. ასევე მჭიდროა ეს ურთიერთობები რუსეთთან და ბელორუსიასთან. ქართული ბაზარზე ირანიდან უხვად შემოდის საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, პლასტმასის ნაკეთობები. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით რეაბილიტირებული და დაგებული ქართული გზები კი ირანული ბიტუმით შენდება.

მაშინ როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა განსაკუთრებით აშშ აქტიურად მოუწოდებს თეირანს შეაჩეროს ბირთული პროგრამის დაფინასება, საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ირანული ეკონომიკის გაძლიერებას და ხსენებულ ბიტუმს ამერიკული ფულით ყიდულობს. თუ გავითვალისწინებთ იმ მდგომარეობას, რომ ირანის ეკონომიკური ურთიერთობები ნელ-ნელა ჩიხში შედის და პოლიტიკურად არასახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნილ ქვეყანას მეგობრებიც გაურბიან, საქართველომ, შეიძლება ითქვას, რომ ირანის ეკონომიკას ბედად მოუსწრო.

ახალი ამბები