კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რელიგიური უმცირესობა ქართული ბიუროკრატიის ლაბირინთებში

25 აპრილი, 2012

„ამდენი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვაწვალეს - ჩვენ რელიგიურ უმცირესობას წარმოვადგენთ“

სალომე აჩბა, მანონ ბოკუჩავა, www.religiebi.info 

როგორც ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რუსთავში არსებულ სალოცავთან დაკავშირებით, ქალაქის ადმინისტრაციისგან ბიუროკრატიული ბარიერები ექმნებათ. ამ საკითხზე, ევანგელისტურ-პრრიტესტანტული ეკლესიის პასტორი გიორგი ჩიტაძე გვესაუბრა.

- ჩვენ სამლოცველოები მთელი საქრთველოს მასშტაბით გვაქვს. როგორც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ძალიან ბევრ სირთულეს ვაწყდებით ხოლმე. კომუნისტების დროიდან მოყოლებული, მუდმივ დევნას განვიცდით.

რუსთავში, 2004  წელს შენობა შევიძინეთ. როგორც კი ქალაქის ადმინისტრაცია, მიხვდა,  რომ ამ შენობაში სამლოცველო უნდა მოგვეწყო, იმ დღიდან გადაულახავ ბარიერებს ვაწყდებით.  სამლოცველოდან 2 მეტრში, ჩვენივე ტერიტორიაზე, სარდაფის გაკეთება დავიწყეთ. ზედამხედველობის სამსახურმა გვითხრა,  რომ ეს მიწა თქვენი არ არისო და სრულიად უმიზეზოდ, 3 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს.  წყლის ავზი გვედგა სამლოცველოს სახურავზე და გვითხრეს, ეს აკრძალულიაო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს. თუ ეს ასე გაგრძელდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავთ და არ მგონია ეს  ყველაფერი კარგად აისახოს ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. 

თავის დროზე, სამლოცველო შენობის ლეგალიზაციის გამოც ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. ყველანაირ საბუთი მოვამზადეთ და  რუსთავის აქრიტექტურის სამსახურის მაშინდელ უფროსს  შევუტანეთ. ერთი კვირის შემდეგ, დაგვიბარეს მერიაში, პასუხის გასაგებად მივედით და თვალებს არ დავუჯერე - ჩვენ მიერ ჩაბარებული აკინძული საბუთები გადავშალე და ვნახე რომ 3-4 ფურცელი ამოხეული იყო. არქიტექტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი მეუბნება, ამ შენობის ლეგალიზაციის უფლება როგორ მოგცეთ, როცა ყველა საჭირო საბუთი წარმოდგენილი არ გაქვთო. არადა, ჩვენ აბსოლუტურად ყველა საბუთი მიტანილი გვქონდა. უბრალოდ, ვიღაცამ, მერიაში ეს საბუთები ამოხია, რათა საბაბი ჰქონოდათ, ეთქვათ - საბუთები სრულად არ წარმოგიდგენიათ და ამიტომ ვერ გაძლევთ ლეგალიზების უფლებასო.

მიუხედავად ამისა, ხარვეზი 15 წუთში გამოვასწორეთ. გაოცდა არქიტექტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი. არ მოელიდა, ასე მალე თუ გამოვასწორებდით ხარვეზს და ჩვენი საქმე ზედამხედველობის სამსახურს გადაუგზავნა. აქაც ბევრი ბარიერი შეგვიქმნეს. ერთი სიტყვით, ლეგალიზება ვერ მოვახერხეთ. მათი გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ და როგორც იქნა, უამრავი ბიუროკრატიული ბარიერის შემდეგ, შენობის ლეგალიზება მოვახერხეთ.

- დღეს რა პრობლემა გაქვთ?

- ზემოთ მოგახსენეთ, რომ ჩვენი სამლოცველოს ეზოშივე სარდაფის გაკეთება გადაწყვიტეთ. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ამის გამო 3 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს, ეს თქვენი მიწა არ არისო. ჩვენ ვიცოდით, რომ შენს ტერიტორიაზე მიწისქვედა სამუშაობის ჩატარებას, თუკი ის არ ცდებობდა 70 სანტიმეტრით მიწას,  არ ჭირდებოდა მერიის ნებართვა, მაგრამ თურმე აღმოჩნდა რომ ჭირდება. ამის გამო 3 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს.

იმისთვის, რომ პირდაპირი ლეგალიზების წესით გვეყიდა ეს სარდაფი, უნდა მიგვემართა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისისას და მივმართეთ კიდეც. უნდა ითქვას რომ ზუსტად, ანალოგიური სიტუაცია გვქონდა ხაშურის სამლოცველოშიც, და იქ ეს პრობლემა ზუსტად ერთ კვირაში მოგვარდა. ხაშურში არავინ იცოდა, რომ სამლოცველოს შენობაზე იყო საუბარი. რუსთავის შემთხვევაში, კი ეს ყველამ იცოდა და ალბათ ამიტომ შეგვიქმნეს ამდენი ბარიერი. თუკი ხაშურის პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდა, რუსთავში ზუსტად იგივე საკითხი დღესაც არაა გადაწყვეტილი, მიუხედავად იმისა რომ უკვე სამი წელია გასული. მოკლედ, დღემდე ვიბრძვით დ ამ სარდაფის დაკანონებაზე უარს გვეუბნებიან, აღარ ვიცით რა ვქნათ.

- სასამართლოსთვის არ მიგიმართავთ?

- დიახ, რა თქმა უნდა მივმართეთ. სასამართლოში მერიამ ლეგალიზებაზე უარის თქმის მიზეზად დაასახელა ის, რომ მიწის საბუთი არ გაქვთო. მოსამართლემ ეს რომ გაიგო, გაუკვირდა, რამე უფრო სერიოზული მოგეფიქრებინათო. საბუთს რომ ითხოვდნენ, იმიტომ მოგმართათ თქვენო. სასამართლომ გააუქმა ის აქტი, რომლის საფუძველზე მერიამ უარი გვითხრა სარდაფის დაკანონებაზე და დაავალა მათ, რომ ახლიდან შეესწავლათ საქმე და ახალი გადაწყვეტილება მიეღოთ.

- კომისიამ ხელმეორედ განიხილა თქვენი საქმე?

- დიახ და კვლავაც უარი გვითხრა სარდაფის დაკანონებაზე. ახალი მიზეზი მოგვიძებნეს: 2007 წლამდე რომ თქვენ გეკუთვნოდათ ეს ტერიტორია, ამას ვერ ადასტურებთო. არადა, მთელმა რუსთავმა იცის, რომ ჩვენ იმ შენობაში 2004 წლიდან ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილებაც გავასაჩივრეთ. სასამართლო პროცესზე წარმოვადგინეთ მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ჩვენ ამ შენიბაში ნამდვილად 2007 წლამდე ვიმყოფებოდით. სასამართლომ მეორე ჯერზეც გააუქმა მერიის გადაწყვეტყილება და კვლავ დაავალა მათ ისევ შეესწავლათ საქმე და მიეღოთ ახალი გადაწყვეტილება.

- რა გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ?

- კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, სასამართლოს წერილი გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, განემარტათ, რა მიზეზით მიიღეს ეს გადაწყვეტილებაო. სანამ პასუხი არ მოვა, დაკანონების საქმე არ მოგვარდებაო.

ერთი სიტყვით, საქმის კვლავ გაჭიანურებას ეცადნენ. შეგახსენებთ, საქმის წარმოებიდან თითქმის სამი წელია გასული. ჩვენ სხვა გზა აღარ გვქონდა და მივმართეთ სახალხო დამცველს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კანცელარიას, პარლამენტს და ვთხოვეთ დახმარება ამ უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთადერთი, ვისგანაც პასუხი მივიღეთ, სახალხო დამცველი იყო. მათ თავიდანვე განგვიმარტეს, რომ მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, საქმეში პირდაპირი ჩარევა არ შეეძლოთ და დაგვპირდნენ, რომ მონიტორინგს განახორციელებდნენ და ამას მეტ-ნაკლებად, დღემდე აკეთებენ.

სახალხო დამცველის ოფისის დახმარებითა და რჩევით, ამ პრობლემის თაობაზე  მივმართეთ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს უმცირესობის საკითხებში, თამარ კინწურაშვილს. მისი უშუალო ჩარევის შედეგად,  საქმეში ცოტა ძვრები იგრძნობა - შევხვდით ქვემო ქართლის გუბერნატორს, დავით კიკრკიტაძეს. მან გვითხრა, რომ სახალხო დამცველის ოფისიდან დამირეკეს და თქვენს პრობლემას სულ რამდენიმე დღეში მოვაგვარებთო.

თუ ასე მარტივად შეიძლებოდა ამის მოგავრება, ამდენ ხანს რატომ გვაწვალეს და რატომ შეგვიქმნეს ამდენი ბიუროკრატიული ბარიერი, არ მესმის.  ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამდენი მხოლოდ ერთი მიზეზის გამო გვაწვალეს: ჩვენ რელიგიურ უმცირესობას წარმოვადგენთ.

ამ საქმის გახმაურება  იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ გვინდა მომავალში სხვასაც მსგავსი პრობლემები შეექმნათ.

- თავად რუსთავის მოსახლეობას რა დამოკიდებულება აქვს იმ ფაქტთან, რომ რუსთავში სამლოცველო გაქვთ და მსახურებთ?

- რუსთავში მსახურება 2004 წელს დავიწყეთ და მაშინ, გარკვეული პრობლემები მოსახლეობასთან  მართლაც შეგვექმნა. თუმცა, ბოლო წლებში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პრობლემები ამ კუთხით მოგავრდა და დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ადგილობრივ მართლმადიდებლებთან. უფრო მეტსაც გეტყვით,  ჩვენ სამლოცველოსთან ახლოს, მართლამდიდებლური ტაძარი შენდება და ამ ეკლესიის მოძღვართანაც ძალიან კარგი, მეგობრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა.

www.religiebi.info ამ პრობლემასთან დაკავშირებით, კომენტარისთვის რუსთავის მერიის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ხელმძღვანელს, ამირან ცანდლიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, კომისიამ  საკითხი დადებითად გადაწყვიტა და ბატონ ჩიტაძეს მოთხოვნები დაუკმაყოფილა: „მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ყველა საკითხი კოლეგიალურად განიხილება. იქ არის 7 წევრი და გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით ვიღებთ. კომისიაში არიან საკრებულოს წევრები და სპეციალისტები. ბ-ნ გიორგის საქმესთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა და არგუმენტები, რაც განაპირობებდა უარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ახლა კი ამ საქმესთან დაკავშირებით მე-3 სხდომა შედგა, მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით და კომისიამ  ჩიტაძეს მოთხოვნა დაუკმაყოფილა. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ეს მიწა და გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ. შემიძლია გითხრათ, რომ მოქალაქე ჩიტაძის საქმე კომისიამ ისევე განიხილა, როგორც სხვა მოქალაეებისა. უამრავი საქმე შემოდის კომისიაში, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება არ დგება. ჩვენთვის პირის რელიგიურ, ეთნიკურ კუთვნილებას და სხვა მსგავს საკითხს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“.

ახალი ამბები