კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერაქტების საქმის მთავარი ფიგურანტი სააპელაციო სასამართლომ ხელახლა არ დაკითხა

25 აპრილი, 2012

სივილ ჯორჯია

სააპელაციო სასამართლომ 24 აპრილის სხდომაზე არ დააკმაყოფილა ტერაქტების საქმეში მსჯავრდებული ერთ–ერთი მთავარი ფიგურის მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად „კოჭოიას“, თხოვნა ხელახალ დაკითხვაზე, რა დროსაც მას გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენების შეცვლა სურდა.

ყოლბაიას ადვოკატმა, მათე ხარჭამაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩვენებები „წამების, მუქარის და არაადამიანური მოპყრობის ქვეშ“ ქონდა მიცემული და ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ამ გარემოებების შესახებ, მისი თქმით, ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი.

თავად ყოლბაიამ სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მას პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა ჰკითხა - მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობას, უპასუხა, რომ დაკავებისას 8 ტყვია ესროლეს ქვედა კიდურებში, საავადმყოფოში „წამების მეტი არაფერი უნახავს“ და რას წერდა ჩვენების მიცემის დროს, კარგად არ იცოდა.

ამის შემდეგ მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილმა ყოლბაიას შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოკვლევის დროს კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინააღმდეგი იყო პროკურორიც.

ყოლბაიამ პირველად 12 აპრილის სხდომაზე განაცხადა, რომ ჩვენების შეცვლა სურდა. თუმცა მაშინ ის სხდომა გადაიდო, ხოლო მომდევნო ორი სხდომა მსჯავრდებულების სასამართლოზე არ მიყვანის მიზეზით ვერ შედგა.

აღნიშნული საქმე ეხება 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ რამოდენიმე აფეთქებას და ასევე აფეთქების მცდელობას, რომლებიც ხელისუფლების მტკიცებით, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ევგენი ბორისოვის დავალებით განხორციელდა. საუბარია 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ–ის საელჩოს ტერიტორიის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაზე; 21 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის სადგურთან ორ აფეთქებაზე; 2 ოქტომბერს ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობაზე; 28 ნოემბერს მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებზე. ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონი ემსხვერპლა.

საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მერაბ ყოლბაია ქართველმა სამართალდამცველებმა გალის რაიონში 2011 წლის თებერვალში დააკავეს. იმავე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოა, ყოლბაია, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ტერორისტული აქტების განხორციელებაში დამნაშავედ ცნო და მას 30–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ყოლბაიამ აღიარებითი ჩვენება მისცა. თუმცა მან, სხვა რამდენიმე მსჯავრდებულთან ერთად, განაჩენი გაასაჩივრა.

24 აპრილს სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს ამ საქმის სხვა მსჯავრდებულებმა: ნუკრი შონიამ, დავით კეკუტიამ, გოჩა ხურცილავამ, ჯონი აბულაძემ, რომელთაც თავიანთ შესავალ სიტყვაში განაცხადეს, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობენ.

თავის შესავალ სიტყვაში პროკურორმა, რომელმაც სასამართლო დარბაზში დამონტაჟებული ეკრანის გამოყენებით წარადგინა საქმის მასალები, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების ძალაში დატოვება მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმდინარეობისას მხოლოდ ოთხ მსჯავრდებულთან, მარიამ ნიკოლავასთან, ლელა ხურცილავასთან, გოდერძი არქანიასთან და გოჩა ზურაბიანთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

24 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეში ერთ–ერთი მსჯავრდებული ჯენერი მატკავა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა, რომელიც თავდაპირველად დახურულ რეჟიმში იგეგმებოდა, ღიად მიმდინარეობს და მას 5 ვიდეოკამერა იწერს. ადვოკატების ვარაუდით, ეს შესაძლოა, დოკუმენტური ფილმისთვის ან რომელიმე სატელევიზიო შოუსთვის კეთდება.

შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოადგენენ, 3 მაისს გაიმართება.

ორიგინალი

ახალი ამბები