კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში“ ცვლილებები შევიდა

26 აპრილი, 2012

ინტერპრესნიუსი

„საქართველოს საზღვრის მართვის სტრატეგიაში“, რომელიც 2008 წლის 4 თებერვალს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული, ცვლილებები შევიდა. ცვლილებები „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა.

2008 წლის 4 თებერვლის დოკუმენტში, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ნაწილში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისია აწარმოებს ორმხრივ მოლაპარაკებებს ყველა სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან და მიაღწია კიდეც გარკვეულ პროგრესს. აზერბაიჯანთან და სომხეთთან სასაზღვრო მონაკვეთის 65-65% უკვე შეთანხმებულია, რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, საზღვრის 40%-ია შეთანხმებული.

ახალ დოკუმენტში კი, იმავე ნაწილში დაკონკრეტებულია, რომ „სომხეთის რესპუბლიკასთან სასაზღვრო მონაკვეთის 71%, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან – 66% უკვე შეთანხმებულია. რაც შეეხება საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან, სადელიმიტაციო კომისიებისა და ექსპერტთა ჯგუფების დონეზე შეთანხმებულია მთლიანი საზღვრის 86%. 2008 წელს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს მიღწეულ შეთანხმებებს“.

ორივე დოკუმენტში – ძველშიც და ახალშიც მითითებულია, რომ სახელმწიფო საზღვარი დადგენილია და სამართლებრივად გაფორმებულია მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკასთან.

ცვლილებებია საზღვრის გეოგრაფიულ მონაცემებშიც. ძველის ვარიანტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე 2 135,5 კილომეტრია, საიდანაც სახმელეთო საზღვარი 1826,5 კმ–ია, ხოლო საზღვაო საზღვარი - 309 კმ.

კერძოდ, რუსეთთან სახმელეთო საზღვრის სიგრძედ მითითებული იყო 894 კილომეტრი, აზერბაიჯანთან – 445 კილომეტრი, სომხეთთან 224 კილომეტრი, ხოლო თურქეთთან 263,5 კილომეტრი.

ცვლილებებით კი, საზღვრის საერთო სიგრძე 2 148 კილომეტრია, საიდანაც სახმელეთო საზღვრის სიგრძე 1839 კილომეტრია, ხოლო საზღვაო სივრცის სანაპირო ზოლი კვლავ 309 კილომეტრია.

რაც შეეხება კონკრეტულ კილომეტრებს, მოქმედ დოკუმენტში მითითებულია, რომ საზღვარი რუსეთის ფერდერაციასთან კვლავ 894 კილომეტრია, სომხეთთანაც კვლავ 224 კილომეტრი, თუმცა ცვლილებებია აზერბაიჯანთან და თურქეთთან.

კერძოდ, გეოგრაფიული მონაცემებით, აზერბაიჯანთან საზღვარი 446 კილომეტრია, თურქეთთან კი - 275 კილომეტრი.

ორივე დოკუმენტში მინიშნებულია, რომ ზემოთ აღნიშნული მონაცემები მიახლოებითია და სახელმწიფო საზღვრის სიგრძე დაზუსტდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნებში ნათქვამია, რომ მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დასრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აღნიშნული პროცესის გაჭიანურება არა მხოლოდ საზღვრის მართვაზე ახდენს გავლენას, არამედ საფრთხეს უქმნის მთელი ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობას.

აქედან გამომდინარე, საზღვრებზე საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების მიზნით. რუსეთის ფედერაციასთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი კი გაგრძელდება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ.

ახალი ამბები