კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა ინსტიტუციური დევნა საქართველოში

27 აპრილი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი,  humanrightshouse.org

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და უფლებადამცველები საქართველოში ადვოკატთა ინსტიტუციურ დევნას აპროტესტებენ. საპარლამენტო უმრავლესობა ამ თემაზე საუბარს გაურბის. უმცირესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს საყვედურობს, რომ მის ყოველწლიურ ანგარიშში ადვოკატთა უფლებების დარღვევის ფაქტები არ ასახულა.  

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ 2003 წლიდან დღემდე, ახლანდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში, 140–მდე ადვოკატი გაასამართლეს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ შორის – 18 ქალი.

„ეს კატასტროფული მაჩვენებელია ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირში ან თუნდაც ნატოში ინტეგრაცია სურს. ამდენი ადვოკატი ბელარუსში და რუსეთშიც არ დაუპატიმრებიათ. არც ჩვენ მეზობელ კავკასიურ სახელმწიფოებში – სომხეთსა და აზერბაიჯანში არ დევნიან ასე ადვოკატებს. ყოველ წელს საშუალოდ 20-25 ადვოკატს აპატიმრებენ – ძირითადად მათ, ვინც კლიენტების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს, ან იმ საქმეების მოგებას ახერხებს, რაზეც ხელისუფლებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ცდილობს, ამ პრობლემებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპის ადვოკატთა პროფესიულ გაერთიანებებს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის სტრუქტურებს. ზაზა ხატიაშვილს მიაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რითაც ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებას აიძულებენ, შეწყვიტოს დევნა. „ადგილობრივ დონეზე, გინდა პრეზიდენტს მიმართე, გინდა - იუსტიციის სამინისტროს, გინდა - პროკურატურას, აზრი არა აქვს, რადგან ეს არის ერთი სისტემა - რეჟიმი, რომელსაც სურს ადვოკატების დაჩოქება და დამორჩილება. ამიტომ, ვცდილობთ, საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, რათა მოახდინოს ზეწოლა ამ რეჟიმზე და აიძულოს, შეწყვიტოს ადვოკატების განადგურება“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედების ამ ტაქტიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო. ასოციაციის პრეზიდენტის მიმართვების საფუძველზე, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ 2010 წელს საქართველოში სპეციალური მისია მოავლინა ადვოკატთა უფლებების მდგომარეობის შესასწავლად. მისიის ანგარიში 2010 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. მასში დაწვრილებით არის ასახული საქართველოში ადვოკატებთან დაკავშირებული არაჯანსაღი სამართლებრივი ვითარება. მისიამ შეისწავლა და ანგარიშში შეეხო ისეთ მწვავე საკითხებს, როგორიცაა: ადვოკატთა პრობლემები დაკავებულებთან შეხვედრისას; ადვოკატის მიერ ციხეში განხორციელებული ინტერვიუების, შენიშვნებისა და საქმის დოკუმენტების კონფიდენციალობის დაუცველობა; ზეწოლა დაკავებულებზე, რომლებსაც სურთ საჩივრის შეტანა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში; ციხეებში ადვოკატთა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ჩხრეკა და ა.შ.   

2010 წლის 21 დეკემბერს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის იურიდიული საზოგადოების საბჭოს (CCBE) პრეზიდენტმა ხოსე-მარია დავო-ფერნანდესმა წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სადაც CCBE–ს სახელით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ადვოკატთა პრობლემებთან დაკავშირებით: „ჩვენ გვესმის, რომ ადვოკატები ციხეში მყოფი კლიენტების მონახულებისას ხშირად ხდებიან შეურაცხყოფისა და დამამცირებელი ფიზიკური მოპყრობის მსხვერპლნი. ქალი ადვოკატები უსაფრთხოების შემოწმების გავლისას ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების სამიზნეები ხდებიან. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ციხის თანამშრომლები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რათა ადვოკატებს ციხეში მყოფი კლიენტების მონახულება აუკრძალონ. ადვოკატებს საათობით უწევთ რიგში დგომა, ან იძულებულნი არიან, რამდენიმე დღე ელოდონ პატიმარი კლიენტების მონახულების ნებართვას. ჩვენ, აგრეთვე, შეგვატყობინეს, რომ ადვოკატებს არა აქვთ უფლება, დაეხმარონ კლიენტებს და კონფიდენციალურად გაუწიონ მათ კონსულტაცია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მრავალი ადვოკატი ამჟამად ციხეში იმყოფება. CCBE შეშფოთებულია ამ ფაქტით“.

CCBE არის ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ადვოკატთა პროფესიას ევროკავშირში. CCBE პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „მიიღოს დაუყოვნებელი და ქმედითი ზომები“ ადვოკატთა დევნის ფაქტების გამოსაძიებლად და „გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული ადვოკატები, თუ მათ არ წაუყენებენ დასაბუთებულ სისხლის სამართლებრივ ბრალს“. CCBE ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ადვოკატთა წინააღმდეგ მიმართული ყველანაირი ქმედება და მუქარა, რაც მათ ხელს უშლის პროფესიული მოვალეობების კანონიერ განხორციელებაში. 

ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნების მიუხედავად, ქართველი ადვოკატების დევნა-შევიწროების ტენდენცია კვლავ გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობა კი ადვოკატთა პრობლემებს განხილვის ღირსადაც არ თვლის. ეს პრობლემები ჯერჯერობით საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც არ ასახულა. 2011 წლის ანგარიშში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დეტალურად შეეხო პატიმარ ნუგზარ თ.-ს საქმეს. ამ პატიმარმა არაერთხელ მიმართა ომბუდსმენის აპარატს და ითხოვა, დაეცვათ იგი საპატიმროში არაადამიანური მოპყრობისაგან და ძალადობისაგან. თავის მხრივ, ომბუდსმენმა მიმართა  პროკურატურას და სასჯელასღსრულების სამინისტროს თხოვნით, გამოეძიებინათ პატიმრის მიერ განცხადებაში აღწერილი ვითარება და უზრუნველეყოთ მისი უსაფრთხოება საპატიმროში. სახალხო დამცველის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ნუგზარ თ.-ს ადვოკატის ირინა საღინაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატ ირინა საღინაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ იმიტომ მიაყენეს, რომ მას საპატიმროდან კლიენტის ახსნა-განმარტება გამოჰქონდა, სადაც პატიმარი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ჩიოდა: „წარმოიდგინეთ, ადვოკატი ქალი ასრულებდა პროფესიულ ვალდებულებას და მხოლოდ ამიტომ სცემეს და ცდილობდნენ, დაეპატიმრებინათ გამოგონილი ბრალდებით. მან მოახერხა ტელეკომპანია „მაესტროში“ და ჩემთან დარეკვა. იქიდან „მაესტროს“ ჯგუფმა წამოიყვანა. ჩვენ კი საავადმყოფოში მივიყვანეთ და დავაფიქსირეთ ის დაზიანებები, რაც ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად აღენიშნებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ირინა საღინაძე ისევ შეეცადა იმავე პატიმრის ახსნა-განმარტების გამოტანას საპატიმროდან. ამჯერად მას გაუპატიურებით დაემუქრნენ და კვლავ ჩამოართვეს პატიმრის წამების ამსახველი მტკიცებულება. ჩვენ იუსტიციის მინისტრისგან მოვითხოვეთ ამ ინციდენტების გამოძიება. მინისტრს იგივე თხოვნით მიმართა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯომარემ. თუმცა, ინციდენტები ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული“.  

საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში არაერთხელ მოითხოვა, განეხილათ ადვოკატების პრობლემები. მაგალითად, 2011 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენამდე, კარგი იქნებოდა, თუკი კომიტეტი გაეცნობოდა ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დეკემბრის მისიის ანგარიშს. მან კოლეგებს შეახსენა, რომ ეს სწორედ ის საერთაშორისო ინსტიტუციაა, რომელიც  მონიტორინგს უწევს ადვოკატების საქმიანობას. ბიუროს სხდომაზე ვეფხვაძემ ობსერვატორიის ანგარიში გასაცნობად კომიტეტის თავმჯდომარეს, ლაშა თორდიას გადასცა და ყველაფერი ამით დასრულდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს ობსერვატორიის მისიის ანგარიშზე არ უმსჯელია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოპორტალის, http://www.hridc.tv/ -ს ჟურნალისტი შეეცადა, დაკავშირებოდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს და მათგან მოესმინა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უგულვებელყოფენ ადვოკატთა პრობლემებს. დეპუტატი ანდრო ალავიძე ინტერვიუზე დათანხმდა, მაგრამ შეხვედრა რამდენჯერმე გადადო. ბოლოს ჟურნალისტმა ინტერვიუს ჩაწერა წინასწარ შეუთანხმებლად სცადა და პარლამენტში მივიდა. სამუშაო საათებში თავის ოთახში მხოლოდ იურიდიული კომიტეტის წევრი ზვიად კუკავა იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ „იგი არ არის კომპეტენტური“ ამ თემაზე სასაუბროდ, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული კომიტეტის წევრია.  

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძე წუხს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ადვოკატთა პრობლემების განხილვისაგან თავს პოლიტიკური მოტივით იკავებს: „დამოუკიდებელ ადვოკატთა საქმიანობა ხელისუფლებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორია და მათ ამიტომაც დევნიან. ეს არის ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მიდგომა, რაც იმ სავალალო სტატისტიკაშიც ვლინდება, რომლის თანახმად, ბოლო წლებში 140 ქართველი ადვოკატი დააპატიმრეს სხვადასხვა მიზეზით. ადვოკატები ძალიან ხშირად ხდებიან პროკურატურის მიერ დაგეგმილი პროვოკაციების მსხვერპლნი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ადვოკატთა დევნა ინსტიტუციურ ხასიათს ატარებს და მიმართულია დათრგუნონ ყველა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამ დამოუკიდებელ პროფესიას წარმოადგენს“.

დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, იგი სახალხო დამცველის ანგარიშში  ადვოკატთა დევნის თემას ელოდებოდა, მაგრამ „სამწუხაროდ, ანგარიშში არა მხოლოდ ეს, არამედ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი თემაც არ არის ასახული. ამიტომ მინდა, თქვენი საშუალებით, ბატონ გიორგის ზომიერად ვუსაყვედურო და ისიც შევახსენო, რომ მას ამ თემაზე ცალკეც შეუძლია სპეციალური ანგარიშის მომზადება“.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატთა ინსტიტუციურმა დევნამ საქართველოში ძალიან რთული პრობლემის სახე მიიღო: „თუკი ვსაუბრობთ, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, ამ შემთხვევაში, ადვოკატის როლი, ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად მართლმსაჯულების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. სახელმწიფო პატივს უნდა სცემდეს ადვოკატთა ინსტიტუტს და, რა თქმა უნდა, ასეთი დიდი რაოდენობით ადვოკატები არ უნდა იდევნებოდნენ სისხლის სამართლის წესით“.

ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის მისიის ანგარიშით, საქართველოში ადვოკატებს ყველაზე ხშირად თაღლითობის, მოწმეებზე ზეგავლენის, სასამართლო სხდომების გაცდენებისა და ცუდი ხარისხის იურიდიული მომსახურების ბრალდებით დევნიან.

„ადვოკატი თუ დანაშაულს ჩაიდენს, იგი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჩვენთან ადვოკატებს სასჯელებს უსჯიან იმიტომ, რომ მან პროცესი მოიგო და მერე მოითხოვა გასამრჯელო. ამ ბრალდებით დაიჭირეს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.  ბრალდების თანახმად, მისმა კლიენტმა ხელშეკრულებაზე ხელი ისე მოაწერა, რომ იგი წაკითხული არ ჰქონდა. გამოდის, ადვოკატი კლიენტს ხელშეკრულებას რომ გაუფორმებს, მასთან მთელი ღამით უნდა დარჩეს და იგი ზეპირად შეასწავლოს. ადვოკატ მარიანა იველაშვილს იმიტომ მიუსაჯეს 7 წელი, რომ მან ცუდად დაიცვა კლიენტი. მსგავსი საკითხები ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ უნდა განიხილოს და არა პროკურატურამ“, - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ადვოკატთა ინსტიტუციური დევნის თემას მრგვალ მაგიდას მიუძღვნის. ამ ფორმატით დისკუსია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე - ადვოკატები.

ახალი ამბები