კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აშუქებს ქართული მედია რელიგიურ თემებს

30 აპრილი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ქართული მედია რელიგიურ თემაზე  ყველაზე ხშირად აშუქებს: მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს, ახალი მართლმადიდებლური ეკლესიების მშენებლობას და ძველების რეაბილიტაციას, საქართველოს საპატრიარქოს ღონისძიებებსა და მართლმადიდებლურ ცერემონიებს.

მედიამონიტორინგის კვლევა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შედეგების პრეზენტაცია კი გასულ კვირას გაიმართა.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევა 2011 წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში ხუთი სატელევიზიო არხის - „საზოგადოებრივ მაუწყებლის“, „რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „კავკასიისა“ და „მაესტროს“  დღის მთავარ საინფორმაციო გადაცემებში, რელიგიური თემების გაშუქების მონიტორინგის შედეგებს მოიცავს. გარდა ტელევიზიებისა,  საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სამ გაზეთს - „რეზონანსს“, „ახალ თაობასა“ და „24 საათს“ აკვირდებოდა.

მედიამონიტორინგის შედეგების მიხედვით, ტელევიზიებიდან რელიგიურ თემებს ყველაზე ხშირად „კავკასია“ აშუქებს (35%), ყველაზე ნაკლებად კი - „რუსთავი 2“ (8%).  რელიგიური თემებიდან ყველაზე მეტი დრო მართლმადიდებლური დღესასწაულების შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს დაეთმო (37%).

„როგორც მონიტორინგმა გამოავლინა, დიდია ტელევიზიების დაინტერესება  მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართ. რელიგიური საკითხებისადმი მიძღვნილი საერთო დროის 68% მართლმადიდებელ ეკლესიას ეთმობა, საერთო დროის 54% კი უშუალოდ პატრიარქსა და მის მიერ გამართულ ღონისძიებებს. პატრიარქზე საუბრისას ქართული მედია ძირითადად, მის ისეთ ყოველდღიურ საქმიანობებს მიმოიხილავს როგორებიცაა: საკვირაო წირვა, წარმოთქმული სიტყვა, ქადაგება, მასობრივი ნათლობა, ხალხის სხვადასხვა ჯგუფების (მათ შორის ქართული გვარების) დალოცვა“, - ვკითხულობთ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ანგარიშში.

რაც შეეხება გაშუქების ტონს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რელიგიური თემები ქართულ ტელესივრცეში ძირითადად ნეიტრალურად შუქდება. „მაისი-სექტემბრის თვეში ტელევიზიებში რელიგიური საკითხების გაშუქების ტონი, ძირითადად, ნეიტრალური იყო. ნეიტრალურად იყო მიმოხილული სომხეთის პატრიარქის ვიზიტი, რაც იმ დროისთვის აქტუალურ ახალ ამბავს წარმოადგენდა. შესაბამისად, სიუჟეტებიც სომხეთის ახალი ამბის ფორმატით მომზადდა. ჟურნალისტებს არ განუხილავთ არც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ისტორია და არც მისი ამჟამინდელი პრობლემები საქართველოში. არ გაკეთებულა მომზადებული მასალის ანალიზი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საკვლევ პერიოდში ძალიან დადებითი ტონით გაშუქების მხოლდო ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. „ძალიან დადებითი ტონის გამოყენების ერთი შემთხვევა მართლმადიდებელი მორწმუნის მიმართ დაფიქსირდა, რომელმაც რელიგიურ დღესასწაულზე თავისი ბედნიერება და ღმერთისადმი მადლიერება გამოხატა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, შერჩეული ტელევიზიები და ბეჭდური მედია ნეიტრალური ტონით აშუქებს: სომეხთა სამოციქულო, კათოლიკურ, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიებისა და მუსულმანურ ჯგუფებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიამონიტორინგის შედეგად, რელიგიური თემების გაშუქებისას, შერჩეული მედიასაშუალებები ხელისუფლებასაც ახსენებენ ხოლმე. კონტექსტი კი, ძირითადად ხელისუფლების მხრიდან მართლამდიდებლური ეკლესიისათვის გაწეული დახმარებაა.

„რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის გაშუქებისას აქცენტი მთავრობის მიერ ეკლესიისთვის გაწეულ დახმარებაზე კეთდებოდა. სიუჟეტები უმეტესწილად ეხებოდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი ტაძრების მშენებლობასა და ძველი ეკლესიების რეაბილიტაციაში. მთავრობა მხოლოდ ერთხელ იყო მოხსენიებული უარყოფით კონტექსტში, როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ მას ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების ბრალდება წაუყენა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კვლევის მიხედვით, რელიგიური საკითხები ქართულ მედიაში ხშირად შუქდებოდა. თუმცა, მასალები არ განიხილავდა პრობლემურ საკითხებს და ძირითადად, რელიგიური დღესასწაუკლების ან საეკლესიო ცერემონიების გაშუქებით შემოიფარგლებოდა. მასალები არ შეიცავდა ანალიტიკურ და კრიტიკულ ელემენტებს და უმეტესად „ნიუსის“ ტიპის იყო.

ახალი ამბები