კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამერიკული გამოცდილება ქართული საზოგადოებისთვის

26 აპრილი, 2012

23 აპრილს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში პროგრამა „ღია სამყაროს“ მონაწილეების შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. მრგვალი მაგიდის თემა იყო: „საზოგადოებრივი ჩართულობის ამერიკული გამოცდილების რელევანტურობა საქართველოში“.

„ღია სამყარო“ არის პროფესიული გაცვლითი პროგრამა, რომელსაც „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ ახორციელებს და ფინანსდება აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ. მისი მიზანია, განავითაროს ღია, მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებს შორის. „ღია სამყაროს“ აქვს ათდღიანი სტაჟირებები სხვადასხვა თემატიკაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პროგრამის კოორდინატორის, ირმა ბარბაქაძის თქმით, მზადდება მეორე გაცვლითი ვიზიტი სოციალური ჩართულობის საკითხზე. პირველი დელეგაცია 2011 წლის შემოდგომაზე გაემგზავრა ფლორიდის შტატ ჯექსონვილში. კიდევ ერთი ჯგუფი 25 აპრილს მიდის ათდღიანი ვიზიტით ლოს-ანჟელესში, სადაც ისინი ინფორმაციას გაცვლიან, შეხვედრებსა და დისკუსიებს გამართავენ ამერიკელ წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების სოციალური ჩართულობის შესახებ.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ პირველი ვიზიტის დელეგატები საქართველოდან და აგრეთვე, 25 აპრილს მიმავალი ჯგუფის წევრები. შეხვედრას რამდენიმე გამომსვლელი ჰყავდა, რომლებიც შემდეგ თემებს განიხილავდნენ: „სიძულვილის ენა - საერთო მიმოხილვა და არსებული პრაქტიკა“, „ადამიანის უფლებათა მიმოხილვა - ეთნიკური უმცირესობების უფლებები“, „მეთოდები და მიდგომები საზოგადოების განათლებისთვის - შედარებითი ანალიზი“, „პარტნიორობა ცვლილებებისათვის - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობა არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დასაძლევად“, „სოციალური ერთობა - წარუმატებლობის მიზეზები და წარმატების საწინდარი“. 

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა ზაურ ხალილოვმა, რომელიც 25 აპრილს მიემგზავრება აშშ-ში, ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა ე.წ. სიძულვილის ენის პრობლემას საქართველოში. მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობების პრობლემების აღმოსაფხვრელად მედიასა და სამოქალაქო სექტორის გააქტიურებას დიდი როლი აკისრია.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობები იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, რითაც სხვა მოქალაქეები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება და ინფორმაცია, ისაუბრეს დასავლურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე. ყველამ გაიზიარა ის აზრი, რომ აუცილებელია, აშშ-ის მსგავსად, საქართველოშიც წარმატებით მოხდეს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებების სოციალური ჩართულობა და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში.

თამთა ბელიაშვილი

ახალი ამბები