კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ - სოლიდარობა „დაპატიმრებულ პრესას“

4 მაისი, 2012

თამთა ბელიაშვილი

3 მაისს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით, თბილისში რუსთაველის გამზირზე გაიმართა ინსცენირებული აქცია - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში!“ აქცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

აქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ძელსკამებზე მსხდომ რიგით მოქალაქეებს პირაკრულები და თვალახვეულები შეერივნენ. მავთულბადეში მოთავსებულ გაზეთებზე ხელბორკილით მიბმულმა უფლებადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს „დაპატიმრებულ პრესას“ და ყველა ჟურნალისტს, ვინც დღესდღეობით რაიმე ფორმით დევნას და ზეწოლას განიცდის. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა გამოხატეს პროტესტი ქართული მედიის მძიმე მდგომარეობის გამო და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიოს ჟურნალისტთა დევნისა თუ ზეწოლის ყველა ფაქტი. 

აქციაში მონაწილეობდნენ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები - „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და ადამიანის უფლებათა ცენტრი. ასევე - „საზოგადოებრივი დამცველი“, არჩევნებისა და პოლიტტექტონოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „ჯანმრთელი სამყარო“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გაზეთ Humanrights.ge-ს მთავარი რედაქტორის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, არასამთავრობო სექტორი მშვიდობიანი აქციით გამოხატავს შეშფოთებას გასულ წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით: „შარშან დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები გამოგონილი ბრალდებებით. ასევე, 26 მაისს დემონსტრანტებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც დაარბიეს და დააკავეს რამდენიმე საათით. ეს და ჟურნალისტების დევნისა თუ მათზე ზეწოლის სხვა ფაქტები თავმოყრილია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში და ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც. ეს კი გვაძლევს სერიოზული შეშფოთების საფუძველს“.

3 მაისს გამართული პერფორმანსით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები შეეცადნენ იმ ტენდენციისათვის გაესვათ ხაზი, რაც დღეს საქართველოში მკვეთრად შეინიშნება - ჟურნალისტების დევნა და მათზე ზეწოლა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქართული მედია დღეს, ფაქტობრივად, დაპატიმრებულია და ისინი სოლიდარობას უცხადებენ ყველა ჟურნალისტს, ვინც დღეს იდევნება. ამავე დროს, მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს დევნა და მედიას მიეცეს საშუალება, ემსახუროს სიმართლეს.

„დღევანდელი აქციით ავღნიშნავთ პრესის თავისუფლების დღეს, ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართავთ, გააქტიურდნენ და იბრძოლონ მედიის თავისულებისათვის“, - განაცხადა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების გარდა, აქციას მხარს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც უჭერდნენ. „საზოგადოებრივი დამცველის“ ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძე იზიარებს იმ აზრს, რომ დღეს ქართული პრესა შეზღუდული და შევიწროებულია: „ბოლო პერიოდში შეინიშნება პრესაზე დიდი გავლენა ხელისუფლების მხრიდან. მედია არის ის სფერო, რომელიც ობიექტურად უნდა აშუქებდეს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს მედიის დევნა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა თეონა კუბლაშვილმა გაიზიარა ის აზრი, რომ პრესა არ არის თავისუფალი. „ამიტომაც ჩვენ აქციაზე პირზე ახვეული ლენტა ნიშნავს პრესის იძულებით დუმილს იმ ფაქტებზე, რაც უნდა გაშუქდეს, ხოლო თვალებზე ახვეული ლენტა კი - მოჩვენებით სიბრმავეს“.

აქციას შეუერთდნენ ჟურნალისტები სხვადასხვა მედიასაშუალებიდან და აქტიური მოქალაქეები, რომლებმაც აქციის შესახებ სოციალური ქსელების საშუალებით შეიტყვეს.

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა პრესის თავისუფლების დღე გასულ წელსაც აღნიშნა. პარლამენტის წინ მოწყობილ ფლეშმობზე აქციის მონაწილეებმა ამობრუნებული გაზეთებით პროტესტი გამოუცხადეს სხვადასხვა სახის ზეწოლას ქართულ ბეჭდურ მედიაზე.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში მიიღეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობას, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლებას. 1993 წლის 21 დეკემბრიდან კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 3 მაისი პრესის თავისუფლების დღედაა გამოცხადებული.

ეს დღე შეახსენებს მსოფლიო საზოგადოებას, რომ არაერთ სახელმწიფოში ჯერაც უხეშად ირღვევა აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება და საკუთარი საქმის კეთილსინდისიერი კეთება ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ახალი ამბები