კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უნდა ისჯებოდეს თუ არა საჯარო სიძულვილი?

16 მაისი, 2012

სალომე აჩბა, www.religiebi.info 

უნდა ისჯებოდეს თუ არა „სიძულვილის ენა“ კანონით?! ეს კითხვა სქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის. საჯაროდ გავრცელებული სიძულვილის შემცველი მოსაზრებებისადმი თანამედროვე მსოფლიოში ორგვარი მიდგომა არსებობს -ამერიკული და ევროპული. ევროპული მიდგომის მიხედვით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია და ის საერთოდ არაა გამოხატვის თავისუფლებით დაცული. ამერიკული მიდგომით კი, სიძულვილის ენის ტირაჟირება კანონით არ ისჯება.

აშშ-ის კანონმდებლობაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ პირის გამოხატვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოხატვის თავისუფლებით შექმნილი საფრთხე მყისიერი და არსებითია.

თავად ტერმინი - „სიძულვილის ენა“,  ადამიანის ვერბალურ დისკრიმინაციას ნიშნავს, მისივე იდენტობის - რელიგიური მრწამსის, ეთნიკური მიკუთვნების, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, კანის ფერის და სხვა ნიშნის მიხედვით.

ქართული კანონმდებლობით, სიძულვილის ენა კრიმინალიზებული არ არის. თუმცა კანონი „გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ, ლიცენზიის მფლობელ მედიასაშუალებებს ისეთი ტერმინების გამოყენებას უკრძალავს, რომელიც რომელიმე ჯგუფს შეურაცხყოფს. ამ კანონის მიხედვით, ასეთ დარღვევებზე მედიასაშუალებამ თავად უნდა მოახდინოს რეაგირება და თვითრეგულირების ორგანოს ფარგლებში უნდა განიხილოს საჩივრები. სიძულვილის ენის ტირაჟირების ფაქტის დადგენის შემთხვევაში კი, გარკვეული ზომები უნდა მიიღოს. „სანქციები“, როგორც წესი, მედიასაშუალების მიერ ბოდიშის მოხდით შემოიფარგლება ხოლმე.

საკმარისია თუ არა  „გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი ნორმები და ხომ არაა საჭირო სიძულვილის ენის კუთხით კანონის უფრო მეტად გამკაცრება? ამ საკითხზე ქართული საზოგადოება ორად იყოფა. ნაწილი ამერიკულ მიდგომას იზიარებს, და ამბობს, რომ სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგობა. შესაბამისად, ის კანონით არ უნდა ისჯებოდეს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია დამატებითი სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედება, ევროპული მიდგომის გაზიარება და სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია. ჩვენ ამ საკითხზე უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს ვესაუბრეთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის ხელმძღვანელის, ნაზი ჯანეზაშვილის აზრით, სიძულვილის ენა კანონით უნდა ისჯებოდეს: „ვფიქრობ, საქართველოში, ამ კუთხით, დღეს შექმნილი მძიმე  რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სიძულვილის ენა კნონით ისჯებოდეს. მიმაჩნია, რომ ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებისთვის ქართული საზოგადოებაც მზადაა, რადგან, მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა გარკვეული ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენა გამოიყენა. ქართულმა საზოგადოებამ კი ამ ფაქტებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატა. რასაკვირველია, თუკი სიძულვილის ენის კრიმინალიზება მოხდება, კანონის იმპლემენტაციის კუთხით, შესაძლოა, მართლაც შეიქმნას გარკვეული პრობლემები. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს პრობლემები მხოლოდ პირველ ეტაპზე იარსებებს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საკითხი: ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში, ძალიან რთული იქნება სიძულვილის ენის კონტროლი, თუმცა ამ მხრივაც შეიძლება გარკვეული მეთოდების მოფიქრება. ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნების გამოცდილება, სადაც სიძულვილის ენა კრიმინალიზებულია, ვფიქრობ, მათი გამოცდილების  გამოყენებაც ძალიან გამოგვადგება“.

„ქალთა ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა აღდგომელაშვილიც მიიჩნევს,  რომ სიძულვილის ენა, აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს, თუმცა არა კანონით, არამედ ჟურნალისტური ეთიკის ნორმებით: „მიმაჩნია, რომ  სიძულვილის ენის რეგულირების  საუკეთესო მექანიზმია  არა კანონი, არამედ  ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი.  ჩვენი მიზანი კი, ამ ეტაპზე  მედიაეთიკის ამუშავება და პრაქტიკაში უფრო კარგად გამოყენება უნდა იყოს.  მე სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის საკითხს ცალსახად ვეწინააღმდეგები, რადგან ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა,  მედიის თავისუფლების ხარისხი ისედაც საკმაოდ დაბალია.  სიძულვილის ენის კრიმინალიზაცია კი, შესაძლოა,  არასწორად იქნას გამოყენებული და  მედიაზე ცენზურის ერთგავრ მექანიზმადაც იქცეს“.

სიძულვილის ენის ქართულ საჯარო სივრცეში ტირაჟირების საკითხს სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს  „საქართველოს მედია-კლუბის“  თავმჯდომარე,  ჟურნალისტი მაგდა პოპიაშვილიც. თუმცა, აღნიშნავს რომ სიძულვილის ენის სისხლისსამართლებრივად დასჯა დაუშვებელია.

„სამწუხაროდ,  საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და ჟურნალისტები,  ხშირად იყენებენ ხოლმე სიძულვილის ენას.  რაც თავისთავად ადეკვატურად აისახება  საზოგადოებაზეც და სამწუხაროდ, საზოგადოებაც, სხვადასხვა ჯგუფებზე საუბრისას  სიძულვილის ენის გამოყენებას იწყებს. მიუხედავად ამისა, სიძულვილის ენის კრიმინალიზაციის მომხრე მაინც არ ვარ. როცა ვსაუბრობთ ისეთ შემხთხვევებზე, სადაც ჟურნალისტები იყენებენ სიძულვილის ენას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ეს საკითხი ეთიკის კოდექსით უნდა დარეგულირდეს“ - ამბობს მაგდა პოპიაშვილი და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკოსი იყენებს სიძულვილის ენას, გარკვეული „სანქციების“ შემუშავებაც შესაძლებელია. ერთ-ერთ ასეთ სანქციად, ჟურნალისტი ამ კონკრეტული პოლიტიკოსისთვის გარკვეული დროით საეთერო სივრცის შეზღუდვას მიიჩნევს.

საქართველოში სიძულვილის ენა უმეტესწილად ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიმართ გამოიყენება.

ახალი ამბები