კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნინო კალანდაძე: „ტერიტორია, რაზეც ახლა საუბრობენ, აზერბაიჯანის საკუთრებაა“

17 მაისი, 2012

www.news.ge -ს მიხედვით

6 მაისის შემდეგ, დავით გარეჯში, კერძოდ - მონასტერ უდაბნოში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან.  ტერიტორიაზე, სადაც ადრე მომლოცველები  და ტურისტები უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ, ახლა მიმოსვლა აკრძალულია.

დავით გარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონ კირიონის ცნობით, 6 მაისს, გიორგობას, როდესაც ბერები წირვაზე იმყოფებოდნენ, მომლოცველებისგან შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ისინი უდაბნოს მონასტერში აღარ შეუშვეს. მომხდარის შესახებ ბერებმა საპატრიარქოს შეატყობინეს, საპატრიარქომ კი  - საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩააყენა საქმის კურსში.

მღვდელმონაზონის ცნობით, მონასტერი უდაბნო დავით გარეჯის მონასტრის მომიჯნავეა და უფრო მაღლა მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროები, მონასტრის ბერების გარდა, უკვე არავის აღარ უშვებენ. ქართველი მესაზღვრეები ტერიტორიის მხოლოდ პატრულირებას ახდენენ და გარეჯის ლავრასთან ახლოს დგანან, სასაზღვრო ზოლთან პერიოდულად მიდიან და უკან ბრუნდებიან.
 
ამ საკითხის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო უწყებაში მოულოდნელად განაცხადეს, რომ გარეჯის კომპლექსის ის ნაწილი, რომელიც პრობლემის წყარო გახდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს საზღვრებში არ არის. ის აზერბაიჯანის ტერიტორიაა. მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ამბობს, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის  საზღვრის დემარკაციის პროცესი. მისივე თქმით, ორივე მხარის ინტერესებში შედის, რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პრობლემა და დელიმიტაციის საკითხები გადაიჭრას.

„თუმცა, ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც საუბარი ახლა მიდის, სადავო არ არის და ის აზერბაიჯანის საკუთრებაა“, - ამბობს ნინო კალანდაძე.

ამავე დროს, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა და მონასტერი უდაბნო ალბანური კულტურის ძეგლია. „აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის ინტერესებსა და პოლიტიკას ახორციელებენ. ჩვენ რას ვშვრებით, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენსას და არ ვდგავართ პრინციპულ პოზიციაზე?! ჩვენი სახელმწიფო, ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას უწმინდესი ადგილი, ისტორიული მიწა - წყალი, სადაც 6 ათასი გარეჯელი ბერი მოისრა“, -ამბობს მამა კირიონი.

მისივე თქმით, სასურველია ხელისუფლებამ მიიღოს გადამჭრელი ზომები და ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი და მთელი ერი. „ადრე, როდესაც გარეჯში პოლიგონი იყო, ვამბობდით, რომ აფეთქებები სენაკებს აზიანებენ. ამის გამო მაშინ მთელს იმპერიას დავუპირისპირდით. დღეს, გარეჯი არა თუ ზიანდება, არამედ მას საერთოდ ვკარგავთ“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა კირიონმა.

მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ თუ ამ პრობლემას რეაგირება არ მოჰყვება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დროთა განმავლობაში მონასტერ უდაბნოში ბერებსაც აღარ შეუშვებენ.

დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარი, მამა ილარიონი კანონიერად მხოლოდ საქართველო-აზერბაიჯანის 1921 წლის საზღვარს აღიარებს და არსებული საზღვრის „საზღვრად“ გამოცხადებას ღალატის ტოლფასად აფასებს.

წინამძღვრის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება წყვეტს, ვინ უნდა შეუშვას ტერიტორიაზე და ვინ არა. მაშინ, როდესაც ტერიტორია საქართველოს ეკუთვნის.

მამა ილარიონი ამბობს, რომ მინისტრების მხრიდან არ უნდა კეთდებოდეს იმგვარი განცხადებები, რომ ტერიტორია თავიდანვე აზერბაიჯანს ეკუთვნოდა: „სამწუხარო ფაქტია ქალბატონი კალანდაძის გამონათქვამი აიტაცეს სხვა მინისტრებმაც, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ეკუთვნის. მინისტრების მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს“, - ამბობს მამა ილარიონი.

მამა ილარიონის თქმით, სასულიერო პირები მონასტრის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებიან, მომლოცველებისათვის კი უდაბნოს მონასტრამდე მიღწევა დღეს შეუძლებელია. სწორედ ამ მონასტერში მდებარეობს „გარეჯული სკოლის“ უნიკალური ფრესკები.

ვიდეო

ახალი ამბები