კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა მოხდა თიანეთის პოლიციაში

21 მაისი, 2012

გელა მთივლიშვილი, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

20 მაისს, დილით, თიანეთში წავედი რეპორტაჟის მოსამზადებლად. გუშინ ტელეფონით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ სოციალური დახმარებები შეუწყვიტეს. ამასთან, მამა-შვილი შუშანაშვილები მეოთხე დღეა პოლიციას დაკითხვაზე დაჰყავდა და მათზე ზეწოლას ახდენდნენ.

„ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის-მენეჯერმა ქალბატონმა რუსუდან სისაურმა შუშანაშვილების საცხოვრებელი სახლი მიმასწავლა. მევლუდ შუშანაშვილმა ყველაფერი მიამბო. ისიც მითხრა, რომ გამომძიებელმა მას უთხრა - „ქართულ ოცნებას“ თუ ჩამოსცილდები, ყველაფერი მოგვარდება, თუ არადა, 5 ათასი ლარი ჯარიმა და 5 წელი პირობითი ზედ გაქვსო.
 
შუშანაშვილებთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, ვიდრე სოფელ დორეულებში წავიდოდი მომდევნო ოჯახის გადასაღებად, თიანეთის ცენტრში პოლიციის შენობა გადავიღე. შენობიდან 50 მეტრზე მეტით ვიყავი დაშორებული. მანქანაც თიანეთის ცენტრში მდებარე ეკლესიის შესასვლელთან მქონდა გაჩერებული. გადაღების დროს პოლიციის შენობის კიბეებზე მდგომმა მამაკაცმა ხელი დამიქნია და დაიყვირა, მოდი აქო. რადგან მე არ მივედი, თვითონ წამოვიდა ჩემი მიმართულებით. სამოქალაქო ფორმა ეცვა. საბუთები მომაწოდეო. ვინ ხარ მეთქი? დაჟინებით ითხოვდა, რომ საბუთები მიმეწოდებინა. ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან და მოვთხოვე, რომ წარმოედგინა, ვინ იყო და რატომ ითხოვდა ჩემგან საბუთებს.

ამ ყველაფერს კამერით ვიღებდი. „გიორგევიჩ“ ისევ იღებს და რა ვქნათო. „გიორგევიჩისგან“ (სავარაუდოდ პოლიციის უფროსისგან) დავალება მიიღო - წაართვით, წაათრიეთ და ჩააგდეთო. სწორედ ამ დროს დამწვდა პირველად და კამერის ჩამოგლეჯა სცადა. კატეგორიულად მოვთხოვე, კამერისთვის ხელი გაეშვა და შევეცადე კამერა მანქანაში ჩამეგდო. ამ დროს, სამოქალაქო ფორმაში მყოფ პირს ორი პოლიციელი მოუახლოვდა. ჩამავლეს ხელი და გამათრიეს. არ მივყავდი, მიმათრევდნენ. უშედეგოდ ვითხოვდი, განემარტათ, რატომ მიმათრევდნენ. თრევის პროცესში კამერა წამართვეს. პოლიციის შენობაში შემიყვანეს თუ არა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ორჯერ წიხლი ჩამარტყა მუცლის არეში, თავშიც რაღაც მომხვდა, რის გამოც თავი ამ დრომდე მტკივა, მაგრამ ვერ დავინახე, ვინ და რა ჩამარტყა. პოლიციის სხვა თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ.
 
პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირის მითითებით, სკამზე დამაგდეს და ფეხზე ადგომა ამიკრძალეს. როგორც გავარკვიე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვინმე მამუკა აღმოჩნდა. მამუკამ დავალება მისცა პოლიციის თანამშრომლებს, ვიღაც მოეყვანათ, სახელი აღარ მახსოვს, კამერასთან მუშაობა რომ იცისო, ეს კი დაამატა. ის პირი დაახლოებით 15 წუთში მოვიდა. ამ ხნის განმავლობაში ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას და პასუხს კითხვაზე, რის საფუძველზე ვიყავი დაკავებული. ვინმე „გიორგევიჩთან“ დარეკვის შემდეგ მამუკამ დამიყვირა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხარ დაკავებულიო. ადვოკატი კიდევ მოვითხოვე, თვითონ ვერ ვრეკავდი, რადგან ტელეფონი წამართვეს. ადვოკატი როცა საჭირო იქნება, საქმეში მაშინ ჩაერთვებაო. პოლიციის შენობაში ჩემი შეყვანიდან 10 წუთის შემდეგ სამორიგეოში ტელეფონი არ გაჩერებულა, არ ვიცი, საიდან რეკავდნენ, მაგრამ მორიგე პოლიციელი პასუხობდა, რომ „დაკავებული პოლიციის შენობაში ჰყავდათ და მამუკას ახლავე შეაერთებდნენ“. რამდენჯერმე სკამიდან წამოვდექი და პოლიციის თანამშრომლები მომვარდნენ - უხერხულ მდგომარეობაში ნუ გვაყენებ, სკამიდან ნუ დგებიო.
 
დაკავებიდან 30 წუთის შემდეგ ტუალეტში გასვლა მოვითხოვე, მამუკამ ისევ გამოსძახათ ზედა სართულზე მდებარე კაბინეტიდან - გაუშვით, ჩაიფსასო. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ხმამაღლა გამოვთქვი პროტესტი, რომ არაადამიანურად მეპყრობოდნენ, მამუკამ ისევ გადმოსძახათ, გაყევით, ოღონდ კარში ჩადექით, შიგნიდან არ ჩაიკეტესო. ჩემი დაკავებიდან უკვე 40 წუთი იყო გასული. ამასობაში პატარა ფოტოკამერები ჩაამწკრივეს კარადებზე და გადაღება დაიწყეს, რაც ასევე გავაპროტესტე და მოვითხოვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცნობა და ადვოკატთან დაკავშირება. ვუთხარი, რომ ისინი დაცვის უფლებას მიზღუდავდნენ, რაზედაც მამუკა ხმამაღლა ხარხარებდა.
 
რამდენიმე წუთის შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე, ავად გავხდი. წყალი და ექიმის მოყვანა მოვითხოვე. 5-წუთიანი თათბირის შემდეგ მორიგე პოლიციელმა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას დაურეკა. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, ადვოკატი ან ტელეფონის დაბრუნება კიდევ ერთხელ მოვითხოვე. სასწრაფოს მოსვლისთანავე, სანამ ექიმები პოლიციის შენობაში შემოვიდოდნენ, მეორე სართულიდან სწრაფად ჩამოვიდა მამუკა (პოლიციის უფროსის მოადგილე), ხელი ჩამავლო და ფიზიკური ძალის გამოყენებით გარეთ გამაგდო ისე, რომ მანამდე არ უთქვამთ პოლიციის შენობა დამეტოვებინა. 
 
გარეთ გასულს, სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის დახმარება დამჭირდა. ექიმებმა თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება გამიწიეს.
 
„ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის-მენეჯერისგან რუსუდან სისაურისგან მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი გაშვების შემდეგ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა კამერა მანქანაში ჩააგდო. კამერიდან ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც პოლიციის უფროსის მოადგილის მხრიდან ძალადობას, დაკავებას და არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებდა, სრულად იყო წაშლილი.

ახალი ამბები