11:00, Wednesday, 22.10.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრის პრესკონფერენცია - „საქართველოში ფოტოს გადაღებაც კი სერიოზული პრობლემა ხდება“

24.05.2012

თამთა ბელიაშვილი

21 მაისს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართული პრესკონფერენცია 20 მაისს თიანეთის პოლიციაში კახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარი რედაქტორისა და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემისა და არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს მიეძღვნა. პრესკონფერენციას თავად დაზარალებული ჟურნალისტი და ასევე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი დაესწრო.

გელა მთივლიშვილი პოლიციის შენობაში 1 საათით ჩაკეტეს. მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაართვეს კამერა და წაუშალეს გადაღებული მასალა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ინციდენტთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

გელა მთივლიშვილის მონათხრობიდან ირკვევა, რომ იგი თიანეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად იყო ჩასული, რისთვისაც გარე ხედით პოლიციის შენობის გადაღება დასჭირდა. ამ დროს, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირმა, რომელსაც არაფრით ეტყობოდა პოლიციის თანამშრომელი თუ იყო, მას ხელი დაუქნია და დაუძახა - მოდი აქო. ჟურნალისტმა უცნობი პირის მოთხოვნა არ შეასრულა, რის შემდეგაც მოქალაქე თავად მივიდა გელა მთივლიშვილთან და პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა.

როგორც პრესკონფერენციაზე გელა მთივლიშვილმა განაცხადა,  მოთხოვნაზე მან მოქალაქეს აჩვენა პირადობის დამადასტურებელი ყველა საბუთი, რაც კი თან ჰქონდა. კერძოდ - ჟურნალისტის მოწმობა, პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა. საპირისპიროდ, მოქალაქეს, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა, მისთვის თავისი პოლიციელობის დამადასტურებელი საბუთები არ წარუდგენია. ცოტა ხნის შემდეგ სამოქალაქო ტანსაცმლიან მოქალაქეს კიდევ ორი, ამჯერად პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მიუახლოვდა. სამივემ ჟურნალისტი ძალის გამოყენებით 50-60 მეტრის მანძილზე ათრიეს პოლიციის შენობამდე. ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლის შედეგად, გელა მთივლიშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, რომელიც ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 20 მაისს მომხდარი ინციდენტი სისხლის სამართლის დანაშაულია. ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა გაერთიანდნენ, ერთად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა და ამ გზით დაიცვან არა მარტო გელა მთივლიშვილი, არამედ საკუთარი თავიც.

„მე მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად ცნობა და მისი ევროკავშირის ტერიტორიაზე არშეშვება. თქვენ, ჟურნალისტებმა, იგივე უნდა მოიმოქმედოთ, რადგან გელა მთივლიშვილით ეს პროცესი არ დასრულდება. აქ პრობლემა არის არა კონკრეტული შემთხვევა, არამედ ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი მთელი სისტემა. ამიტომ მედიის წარმომადგენლებმა უნდა შეძლოთ გაერთიანება და ერთმანეთის უფლებების დაცვა. მთივლიშვილის შეურაცხყოფაზე მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ ამ ფაქტს არავინ გამოიძიებს. ჟურნალისტები გაჩუმდებით, ვიდრე მსგავსი ახალი ფაქტი არ დაფიქსირდება და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. თქვენ ხელი უნდა ჩასჭიდოთ ერთმანეთს, როგორც ფოტორეპორტიორების საქმეზე გაერთიანდით, მიხვიდეთ იუსტიციის სამინისტროსთან  და მოითხოვოთ ამ ფაქტების გამოძიება. შორიდან ყურება არაფერს მოიტანს, რადგან ხვალ-ზეგ ახალი მთივლიშვილები თქვენ აღმოჩნდებით“, - მიმართა ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გელა მთივლიშვილის შემთხვევაზე ცინიკური უწოდა და აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დაწყება და გახსნა ერთგვარი ტესტია შსს-სთვის.

უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი: „ჩვენ ველოდებოდით ერთი დღის განმავლობაში რაიმე რეაქციას ხელისუფლების მხრიდან, რათა დაწყებულიყო გამოძიება, დაკითხულიყო რომელიმე მოწმე ან თავად დაზარალებული. შსს-ს ჰქონდა საკმარისი დრო, გაევრცელებინა გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია. სამწუხაროდ, იმედები გაგვიცრუვდა და დღეს უკვე ვავრცელებთ ჩვენს სპეციალურ განცხადებას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში ფოტოს გადაღებაც კი სერიოზული პრობლემა ხდება. გასულ წელს რამდენიმე ადამიანი გამოცხადდა რუსეთის აგენტად სწორედ ფოტოების გადაღების გამო. წელს კი ახალი პრეცენდენტის წინაშე აღმოვჩნდით - ჟურნალისტი ფოტოსა და ვიდეოკადრის გადაღების გამო შეათრიეს პოლიციის შენობაში, სადაც იგი გახდა ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი. ყველაზე შემაშფოთებელი და სამწუხარო კი ის არის, რაც ამ ფაქტებს მოსდევს ხოლმე. ვგულისხმობ შსს-ს და საგამოძიებო ორგანოების გამოხმაურებებს, რომლის საფუძველზეც აშკარაა მომხდარისადმი მათი ცინიკური დამოკიდებულება. იმის ნაცვლად, დაიწყონ გამოძიება მსგავს კრიმინალურ ფაქტებთან დაკავშირებით, ვრცელდება მხოლოდ ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. შსს-ს გამოხმაურება, რომ თითქოსდა გელა მთვლიშვილი ვინაობის დადგენის მიზნით შეიყვანეს პოლიციაში და მერე იქიდან აღარ გამოდიოდა, არის არაადეკვატური და ცინიკური, მინდა მივმართო შსს-ს, დროულად დაიწყონ მომხდარის გამოძიება და ობიექტური მოკვლევა“.

პრესკონფერენციის შესახებ იხ.: Hridc.tv-ს სიუჟეტი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC