კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველი ქდმ–ს „ჰომოფობიურ“ განცხადებებს და ინიციატივას აკრიტიკებს

25 მაისი, 2012

სივილ ჯორჯია

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე, რომელიც, ავტორთა თქმით, მიზნად ისახავს საკანონმდებლო დონეზე ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებების გაძლიერებას, „ცალსახად მიუღებელია“.

ტუღუშის თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებზე „არანაკლებ შემაშფოთებელია“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და მისი წევრების განცხადებები.

22 მაისს პარლამენტის სხდომაზე პარტიის ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გახმოვანებისას ქდმ–ს ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ გეი აქტივისტების მიზანი „საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაციაა“.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ „ჰომოფობიური სულისკვეთებით გამსჭვალული“ განცხადებები საზოგადოებაში არასწორი სტერეოტიპების და დისკრიმინაციული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. 

„სამწუხაროდ, მათი განცხადებების ნაწილი შეიცავდა სიძულვილის ენას, რომელიც მიმაჩნია, რომ ხელს უწყობს საზოგადოებაში სტერეოტიპული წარმოდგენებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულების წახალისებას, რაც სექსუალური უმცირესობების შეურაცხყოფისა და საზოგადოებიდან გარიყვის საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა 22 მაისს.

ქდმ–ს შემოთავაზებები ითვალისწინებს კონსტიტუციაში ქრისტიანობის როლის ხაზგასმას; „სქესობრივი გარყვნილებით ცნობილი ადამიანებისთვის“ სახელმწიფო თანამდებობის დაკავების აკრძალვას; ისეთი განცხადებების შეზღუდვას, რომლებშიც „ადგილი აქვს ქრისტიანული ან საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებული რელიგიური პრინციპების შელახვასა და საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდას“; და კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის გაკეთებას, რომ სახელმწიფო ცნობს, აღიარებს და მფარველობს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას.

„ჩვენ აქ მათ მიმართ სიძულვილს კი არ გამოვხატავთ, ჩვენ გვძულს ცოდვა და არა ეს ადამიანები; თუ მეტიც გაინტერესებთ გეტყვით, რომ მე მეცოდებიან ეს ადამიანები“, – განაცხადა თარგამაძემ 22 მაისს.

ქდმ-ს ინიციატივა

ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში 17 მაისს მოწყობილი აქციის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტია – ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა (ქდმ) კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რათა „კანონმდებლობით გაძლიერდეს ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებები“.

ქდმ–ის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია ამ საკანონმდებლო ინიციატივისთვის მხარდაჭერის მოპოვებას მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვების გზით მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში შეეცდება – პერიოდში, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას ემთხვევა. 

მუშაობის საარჩევნო რეჟიმში გადასვლის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქდმ–ის ინიციატივა, რომელსაც არანაკლებ 200 000 მოქალაქის მხარდაჭერა ჭირდება, ამ მოწვევის პარლამენტმა განიხილოს.

22 მაისს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას თარგამაძემ, მართალია, დაგმო უმცირესობის ჯგუფების მიმართ ძალადობა, მაგრამ გააკრიტიკა თბილისში მოწყობილი „გეი აღლუმი“, რომელიც მისი თქმით, არ იყო „სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა თუ მათ მხარდამჭერთა უბრალო, მშვიდობიანი, უწყინარი გასეირნება“.

„ეს არის ძალიან შორს გამიზნული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გარყვნილების, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ის რომ მთელ რიგ სახელმწიფოებში მაღალ თანამდებობებს „ჰომოსექსუალისტები“ იკავებენ და დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება, „ვერ იქნება ჩვენთვის განმსაზღვრელი, რამდენადაც ამ ევროპულ სახელმწიფოებში გაცხადებული ათეისტების რაოდენობა 50%–ს აჭარბებს. ჩვენ კი ვცხოვრობთ საქართველოში, სადაც საბედნიეროდ ჯერ კიდევ ძლიერი არის ტრადიციული ღირებულებები“.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90%–ზე მეტი არის გაცხადებული რწმენის მატარებელი, მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია სწორედაც რომ უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რაც ამ ქვეყნის მრავალეთნიკური, მრავალკონფესიური, ტრადიციული საზოგადოებისათვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული“, – განაცხადა მან.

„ჩვენ არავის ვებრძვით, ჩვენ ვიცავთ ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესს“, – დასძინა თარგამაძემ თავის გამოსვლის დასასრულს.

მას საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსზე არაფერი უთქვამს. თუმცა, როგორც მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა Civil.ge-ს განუცხადა, საუბარია კონსტიტუციაში ქრისტიანობის როლის ხაზგასმაზე; ასევე ზნეობრივ–მორალური კრიტერიუმების შემოტანაზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირები; იმგვარი ინფორმაციის გავრცელების აკრძალვაზე, რომელიც ლახავს ადამიანის რელიგიურ გრძნობებს; და კონსტიტუციაში საგანგებო ჩანაწერის გაკეთებაზე, რომ სახელმწიფო ცნობს, აღიარებს და მფარველობს ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, რაც ლალიაშვილის თქმით, "ავტომატურად გამორიცხავს" ერთსქესიანი ქორწინების დაშვებას. 

ქრისტიან–დემოკრატების პოზიცია გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან ლაშა თორდიამ, რომელმაც თარგამაძე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის „შუღლის გაღვივებაში“ და „ჰომოფობიური“ განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილია და აღიარებს, რომ „ყველა ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის თანასწორი“.

„ეს არის მიუღებელი, ეს არის დანაშაული თქვენის მხრიდან“, – მიმართა მან თარგამაძეს, „მე მეგონა, რომ თქვენ განაცხადებდით, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს ტოლერანტული... და იტყოდით, რომ ის საქციელი, რაც მოხდა 17 მაისს, იყო ამორალური და მიუღებელი“.

დეპუტატმა ქდმ–დან, ნიკა ლალიაშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია სექსუალური უმცირესობების „პროპაგანდა და ლობირება“, როცა „ამ გამძაფრებული ვითომ იდენტობის მქონე ჯგუფები სწორედ ძალადობრივად ცდილობენ თავიანთი შეხედულებების და თავიანთი უხამსი იდეოლოგიის მორგებას საქართველოს დანარჩენ საზოგადოებაზე“.

„თუკი ამას თქვენ არქმევთ შუღლს ორ აბსოლუტურად შეუთავსებელ და დაუზავებელ კატეგორიას შორის, მაშინ, დიახ, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს და აღვივებს შუღლს მორალსა და ამორალობას შორის“, – მიმართა ლალიაშვილმა ოპონენტს მმართველი პარტიიდან.

„რაც უფრო აცდენილი იქნება პოლიტიკური ელიტის ზნეობა და შეხედულებები თავიანთი ქვეყნის, თავიანთი მოქალაქეების უმრავლესობის შეხედულებებისაგან, მით უფრო მიუღებელი იქნება ეს პოლიტიკური ელიტა საზოგადოებისათვის“, – დასძინა მან.

პარლამენტში ეს ხანმოკლე დებატები იყო გამოხმაურება გასული კვირის მოვლენებზე. 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების პირველი საჯარო მსვლელობა მოეწყო თბილისში, რომლის დროსაც დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც მათ გზა გადაუღობეს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, მათმა მომხრეებმა და სასულიერო პირებმა. მომხდარი მომდევნო დღეს ლგბტ აქტივისტებმა და მათმა მომხრეებმა პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს.

ახალი ამბები