კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის უკანონოდ დაკავებისა და ცემის ფაქტთან დაკავშირებით

21 მაისი, 2012

ადამიანის უფლებათა ცენტრი გმობს თიანეთში პოლიციელების მიერ ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, გელა მთივლიშვილის უკანონოდ დაკავებისა და ცემის ფაქტს.

20 მაისს კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი თიანეთში რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. მისი მიზანი იყო, შეესწავლა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტები, რაზეც მას თიანეთიდან ამ პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა მიმართეს.
 
გელა მთივლიშვილის გადმოცემით, რეპორტაჟის მომზადებისას იგი თიანეთის პოლიციის შენობას იღებდა. ამ დროს შენობის კიბეებზე მდგომმა მამაკაცმა ხელი დაუქნია და დაუყვირა - მოდი აქო. ჟურნალისტი არ მივიდა, რადგან მამაკაცს პოლიციის ფორმა არ ეცვა და არ ჩანდა, რომ პოლიციელი იყო. ამის შემდეგ თვითონ მოქალაქე მივიდა ჟურნალისტთან და პირადობის დამადასტურებელი საბუთები მოსთხოვა. გელა მთივლიშვილმა მას განუმარტა, რომ იყო ჟურნალისტი მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრიდან და სთხოვა, თვითონ მას წარმოედგინა საკუთარი თავი - ვინ იყო და რატომ ითხოვდა მისგან საბუთებს. ჟურნალისტი ამ დიალოგს თან ვიდეოკამერით იღებდა. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მოქალაქემ ამ დროს მისი კამერის წართმევა სცადა. ცოტა ხანში კი პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი პირიც გამოჩნდა, რომლებმაც ჟურნალისტს ხელი ჩაავლეს და პოლიციის შენობაში უხეშად წაათრიეს, თან გზაში კამერა და ტელეფონიც წაართვეს. გელა მთივლიშვილი უშედეგოდ ითხოვდა, განემარტათ რატომ მიჰყავდათ პოლიციაში.

როგორც ჟურნალისტი იხსენებს, პოლიციის შენობაში შეყვანისთანავე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, სავარაუდოდ - თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ, მუცელში ორჯერ წიხლი ჩაარტყა და თავშიც რაღაც საგანი მოხვდა. ამავე პირის მითითებით, იგი სკამზე დააგდეს და უბრძანეს, არ ამდგარიყო. კარგა ხანს საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. ჟურნალისტმა მოითხოვა, შეეწყვიტათ არაადამიანური მოპყრობა, დაებრუნებინათ მისთვის ტელეფონი და მიეცათ საშუალება დაერეკა ადვოკატისთვის, ასევე - ახლობლებისთვის, მაგრამ ამ კანონიერ მოთხოვნებზე მას დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ - ადვოკატი როცა საჭირო იქნება, მაშინ მოვიყვანთო.

გელა მთივლიშვილის დაკავებიდან 40 წუთის გასვლის შემდეგ ჟურნალისტი ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გახდა. მორიგე პოლიციელმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას გამოუძახა. ჟურნალისტის გადმოცემით, სასწრაფოს მოსვლისთანავე, ვიდრე ექიმები პოლიციის შენობაში შევიდოდნენ, მეორე სართულიდან ჩამოვიდა პოლიციის უფროსის მოადგილე, ხელი ჩაავლო და ფიზიკური ძალის გამოყენებით გარეთ გააგდო. მანამდე მისთვის არ უთქვამთ, დაეტოვებინა პოლიციის შენობა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა ჟურნალისტი თიანეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი რამდენიმე საათით გააჩერეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
 
„ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის-მენეჯერი რუსუდან სისაური აცხადებს, რომ მან დაინახა, ჟურნალისტის გაშვების შემდეგ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა როგორ ჩააგდო ვიდეოკამერა ჟურნალისტის მანქანაში. შემდეგში აღმოჩნდა, რომ კამერიდან სრულად იყო წაშლილი ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც პოლიციის უფროსის მოადგილის მხრიდან ჟურნალისტის ძალადობას, დაკავებას და არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია მომხდარისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ზერელე და ცინიკური დამოკიდებულებით, რაც აისახა შსს-ს მიერ გავრცელებულ ამ განცხადებაში: „თიანეთის პოლიციის რაიონულ შენობასთან ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სურათებს უღებდა პოლიციის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა. ვინაობის დადგენის მიზნით, იგი შეიყვანეს პოლიციის შენობაში, საიდანაც რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც დაადგინეს მისი ვინაობა. თუმცა, მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილს იძულების წესით დაატოვებინეს პოლიციის შენობა. ინციდენტის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შიშობს, რომ საქმისადმი ასეთი ზედაპირული და ცინიკური მიდგომით შსს აქედანვე ცდილობს, აირიდოს პასუხისმგებლობა და არ დასაჯოს თანამშრომლები, რომლებმაც ერთბაშად კანონის რამდენიმე მოთხოვნა დაარღვიეს.

ამავე დროს, თავის განცხადებაში შსს-ც ადასტურებს, რომ პრესის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ, სურათები გადაუღონ პოლიციის შენობებს და პოლიციის თანამშრომლებს. შესაბამისად, ნათელია, რომ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი უკანონოდ დააკავეს, თითქმის ერთი საათით შეუზღუდეს თავისუფლება, მოეპყრნენ არაადამიანურად და გაუნადგურეს მოპოვებული მასალები.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინიტროს, სასწრაფოდ დაიწყოს სამსახურებრივი მოკვლევა და დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა, სცემა და უხეშად დაარღვია მისი უფლებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს შემთხვევა არ შეუერთდება ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე აღძრულ, მაგრამ თაროზე შემოდებულ ათობით გამოუძიებელ საქმეს.

მივმართავთ მთავარ პროკურატურას, აღძრას სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ცემის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე; დაკითხოს დაზარალებული ჟურნალისტი, მოწმეები, სავარაუდო ეჭვმიტანილები და ჩაატაროს სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გელა მთივლიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ჟურნალისტი. წლების განმავლობაში იგი არის ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისის კოორდინატორი და პარტნიორი კახეთის რეგიონში. მისი საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეებმა რამდენჯერმე სცადეს ჟურნალისტის დაშინება და არაერთხელ მიაყენეს მას სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, თითქმის ყველა ეს შემთხვევა დღემდე გამოუძიებელია და ამ გზით ძალოვანი სტრუქტურების მიერ წახალისებულია ყოველი მომდევნო, პოტენციური თავდასხმა არა მხოლოდ კონკრეტულად გელა მთივლიშვილზე, არამედ სხვა ჟურნალისტებზეც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
21.05.12.

ახალი ამბები