კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიამონიტორინგმა ქართული მედიის პრობლემები გამოაჩინა

29 მაისი, 2012

ალეკო ცქიტიშვილი,  humanrightshouse.org

უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, არასრულწლოვანი რესპოდენტების იდენტიფიცირება, ძალოვანი უწყებების პოზიციებისა და ვერსიების გაზიარება, არაეთიკური ეპითეტები, არაკვალიფიციურობა და ზედაპირულობა - ეს არის ის ძირითადი დასკვნები, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემისა და ბეჭდური მედიის კვლევისას გამოიტანეს.

როგორ შუქდება მედიაში ესა თუ ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემა და როგორ აისახება ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მედიამონიტორინგის დახმარებით არის შესაძლებელი. მედიამონიტორინგი საქართველოში ახალი სიტყვაა. შესაბამისი თეორიული ცოდნა-გამოცდილებით აღჭურვილი მედიამონიტორებიც ჯერჯერობით ცოტანი არიან. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებს საშუალება ჰქონდათ, გამოეკვლიათ ქართულ მედიაში არსებული პრობლემები და საზოგადოებისთვის საკუთარი დასკვნები მიეწოდებინათ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი - „მედიამონიტორინგის განვითარება საქართველოში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის საწყის ეტაპზე ტრენინგი ჩაუტარდათ მედიამონიტორებს, რომლებმაც შემდეგ შეისწავლეს, როგორ შუქდება ქართულ მედიაში სოციალური და ეკონომიკური საკითხები. მონიტორინგი გასული წლის მაისი-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, ხოლო შეჯამებული შედეგები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. მონიტორინგში 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა მედიასაშუალებებში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური საკითხების გაშუქება შეისწავლეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა ქართულ მედიაში მართლმსაჯულებისა და გარემოს დაცვის საკითხების გაშუქება გამოიკვლიეს. საკვლევად შეირჩა გაზეთები: „ალია“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“.

მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ როგორც წესი, გარემოს დაცვის თემა ქართულ მედიაში ზედაპირულად, პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საინტერესო საკითხების  სიღრმისეული ანალიზის გარეშე შუქდება. როგორც ჩანს, რედაქციები მიიჩნევენ, რომ გარემოს დაცვის საკითხების შესახებ დაწერილი სტატია ან გადაღებული სიუჟეტი, კომერციული თვალსაზრისით, მომგებიანი არაა და ამ მიზეზით ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ამ სფეროს. თუმცა, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ, მეტი ვალდებულება აკისრია საზოგადოებრივ მაუწყებელს, რადგან ეს ტელეარხი არ არის კომერციულ მოგებაზე, რეკლამებსა და რეიტინგზე ორიენტირებული მედიასაშუალება. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და შესაბამისად, მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე უფრო მაღალია. ამდენად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარემოს დაცვის თემები ინტენსიურად და კვალიფიციურად უნდა გააშუქოს.

გაცილებით მეტი პრობლემები გამოიკვეთა მართლმსაჯულების საკითხების გაშუქების კვლევისას. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, როგორც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მედიამონიტორინგის პროცესში რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია აღმოაჩინა. ხარვეზები განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის მთავარ საინფორმაციო გადაცემაში.  

უფრო კონკრეტულად, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შერჩეულ მედიასაშუალებებს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას პროფესიული სტანდარტის დაცვა უჭირთ. გაზეთებში გამოქვეყნებული თუ ტელევიზიით გადაცემული მასალა ხშირად დაუბალანსებელი და მიკერძოებულია, არ ხდება ერთმანეთისგან ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა. პრობლემას წარმოადგენს ჟურნალისტების კვალიფიკაციაც. ხშირია შემთხვევები, როცა ისინი კარგად ვერ ერკვევიან საკითხსა და მის სამართლებრივ ასპექტებში, საკანონმდებლო ბაზაში, ერთმანეთში ურევენ სამართლებრივ ტერმინებს, რაც მიანიშნებს, რომ ჟურნალისტები კარგად არ იცნობენ სამართლის სფეროს.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, მართლმსაჯულების შესახებ „მოამბეში“ გასულ სიუჟეტებსა და „ალიაში“ დაბეჭდილ მასალებში ხშირი იყო უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შემთხვევები. „მოამბეს“ ჟურნალისტებმა რამდენჯერმე დაარღვიეს პროფესიული ეთიკა და კრიმინალური შემთხვევების ამსახველ სიუჟეტებში მოახდინეს მოზარდი რესპოდენტების იდენტიფიკაცია.

თვისობრივი კომპონენტების ანალიზისას ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებმა ასევე დაასკვნეს, რომ „მოამბე“ მართლმსაჯულების თემის განხილვისას ხშირად ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ მოწოდებულ მასალებს. ამა თუ იმ კრიმინალური ისტორიის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას, ჟურნალისტები სარგებლობდნენ უშუალოდ ძალოვანი უწყებების მიერ გადაღებული ვიდეომასალით და იზიარებდნენ საქმესთან დაკავშირებულ მათ ვერსიებსა და ბრალდებებს. ამგვარად, ისინი ხშირად გვევლინებოდნენ ბრალმდებლის როლში, რის გამოც, მომზადებულ სიუჟეტებში უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ნიშნები იკვეთებოდა.

საკმაოდ ტენდენციური სიუჟეტი მიუძღვნეს „მოამბეს“ ჟურნალისტებმა გასულ წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული კოლეგების, ე. წ. ფოტორეპორტიორების საქმეს, რომლის შესახებ მომზადებული მასალაც პირველად 2011 წლის 18 ივლისს გადაიცა. სიუჟეტის სათაურშივე, „გადაბირების ხერხები“, ჩანდა ჟურნალისტისა და ზოგადად „მოამბის“ რედაქციის მიკერძოებულობა. ეთერით გადაცემული მასალა რეკორდულად გრძელი იყო (20 წუთი) და გამოირჩეოდა დაუბალანსებლობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორებმა გარემოს დაცვისა და მართლმსაჯულების თემების გაშუქების მონიტორინგის შედეგები საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მედიამონიტორის“ საშუალებით გააცნეს. „მედიამონიტორი“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მზადდება. გადაცემაში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, თუ როგორ შუქდება პრესაში, რადიოში, ონლაინ თუ ტელემედიაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემები და რა ტენდენციები იკვეთება.

14 მაისს გადაცემა „მედიამონიტორში“ მართლმსაჯულების თემაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგების ანალიზისთვის მიწვეულნი იყვნენ ექსპერტები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე და სამართლის ექსპერტი, კახა წიქარიშვილი. გარემოს დაცვის თემაზე კი - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი და „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე. ექსპერტებმა, ფაქტობრივად, გაიზიარეს ადამიანის უფლებათა ცენტრის მედიამონიტორების დასკვნები. 

საიას წარმომადგენლის, ეკა ფოფხაძის შეფასებით, მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ ქართული მედია გადამეტებულ ყურადღებას უთმობს ბრალდებულს, მაშინ როცა მართლმსაჯულების თემას ჰყავს სხვა აქტორებიც - ადვოკატი, მოსამართლე, პროკურორი, რომლებიც ნაკლებად შუქდებიან. ამავე დროს, არ ხდება ფაქტისა და კომენტარის გამიჯვნა. ტენდენციურობა ჩანს სიუჟეტების სათაურებსა და ჟურნალისტის ფრაზებში. ვერსიები ასახულია სათაურებში, მაგალითად - სიუჟეტი „გადაბირების ხერხები“ ახმოვანებდა შსს-ს ვერსიას, რომ თითქოსდა ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე რუსეთმა გადაიბირა ჯაშუშად.

ეკა ფოფხაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: „ძალიან გამიკვირდა, როცა ანგარიშში წარმოდგენილ გრაფიკებში, სადაც სუბიექტების გაშუქების დრო იყო ნაჩვენები, ადვოკატი საერთოდ ვერ მოხვდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ გადამეტებული აქცენტი კეთდება გამოძიების ეტაპზე და ჟურნალისტები არ ინტერსდებიან, რა მოხდა შემდეგ. არადა, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთიკის კოდექსი ავალდებულებს, სასამართლოს ეტაპიც გააშუქოს, რათა საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია, როგორ დასრულდა ესა თუ ის საქმე, დაისაჯა თუ გამართლდა ბრალდებული. ეს საჭიროა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისათვის და გამართლების შემთხვევაში, ბრალდებულის რეპუტაციის აღსადგენად. დიაგრამები ასევე კარგად გვიჩვენებს, რომ ქართული მედია არის ძალიან პოლარიზებული და დაუბალანსებელი. ერთი მხრივ, ვხედავთ „მოამბის“ სიუჟეტებს, სადაც სუბიექტები - ხელისუფლება, შსს და სასამართლო დადებითი ტონით შუქდება, ხოლო ბრალდებული - უარყოფითით. მეორე მხრივ, გაზეთებში ბრალდებულია წარმოჩენილი დადებითი კონტექსტით, ხოლო სახელისუფლებო სტრუქტურები - უარყოფითით. ამას ისიც განაპირობებს, რომ ინფორმაციის წყაროები სხვადასხვაა - „მოამბე“ ეყრდნობა შსს მასალებს, გაზეთები კი ეყრდნობიან არასაპარლამენტო ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.

სამართლის ექსპერტის, კახა წიქარიშვილის თქმით, ჟურნალისტებს აქვთ კომენტარის მოპოვების პრობლემა და ამან შეიძლება განაპირობოს ხარვეზები სიუჟეტებსა თუ სტატიებში, მაგრამ მართლმსაჯულება კომპლექსური სფეროა და ამიტომ აქ ერთი აზრის არსებობა შეუძლებელია: „ასეთი გამოთქმაც არსებობს - სადაც ორი იურისტია, იქ სამი აზრიაო. ჟურნალისტი მართლმსაჯულებაზე როცა მუშაობს, უფრო მეტად არის ვალდებული, დაიცვას ბალანსი და აზრი ჰკითხოს ორივე მხარეს.  ამ სფეროში იშვიათია სიტუაცია, როცა ალტერნატიული აზრი არ არსებობს, განსაკუთრებით - გამოძიების ეტაპზე, როცა ბრალდებისა და დაცვის მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ. არანაკლებ პრობლემად მიმაჩნია ისეთი სიუჟეტები, როცა დაცვის მხარე ამბობს ერთს, ბრალდებისა - მეორეს, საზოგადოება კი ვერ იგებს ვერაფერს ასეთი სიუჟეტიდან ან სტატიიდან, რადგან ჟურნალისტი არ მიმართავს დამოუკიდებელ ექსპერტს დამატებითი კომენტარისთვის და არ მიანიშნებს საზოგადოებას, რომელ მხარესაა სიმართლე“.

გარემოს დაცვის თემის გაშუქების პრობლემებზე საუბრისას, გადაცემა „მედიამონიტორში“ მიწვეულმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ თემების ზედაპირული გაშუქება შესაძლოა, გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის კომუნიკაციის დეფიციტით იყოს განპირობებული. თუმცა, მათივე აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტის ინიციატივას თვითონ მედიაც უნდა იჩენდეს, რადგან გარემოს დაცვის სფეროში სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები არსებობს და მედია ამ პრობლემების სიღრმისეული გაშუქებით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.

ორიგინალი

ახალი ამბები