პარლამენტთან ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები დააკავეს
31.05.2012
თამთა ბელიაშვილი
29 მაისს სამართალდამცველებმა პარლამენტთან, მოძრაობა „7 ნოემბრის“, „სამოქალაქო ფრონტისა“ და „მარო მაყაშვილის ქალთა ორგანიზაციის“ აქტივისტები დააკავეს. პარლამენტთან აღნიშნული ორგანიზაციების აქტივისტები აქციას მართავდნენ, რა დროსაც აპროტესტებდნენ 26 მაისს, გელათთან, პოლიციის მიერ მათი მეგობრების დაკავებას.
როგორც ჟურნალისტებს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, 26 მაისს მოილოცეს გელათი და როდესაც ბრუნდებოდნენ, პოლიციამ რამდენიმე მათი მეგობარი უკანონოდ დააკავა. მისი თქმით, შვიდ აქტივისტს 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა, სამი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 29 მაისის აქციით პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები 26 მაისს დაკავებული მეგობრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციაში ათზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა. აქციის დასრულების შემდეგ ისინი გადავიდნენ სავალ ნაწილზე და გამყოფ ზოლზე გაჩერდნენ. სამართალდამცველებმა ყველა მათგანი მანქანებში ჩასვეს და წაიყვანეს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ.
ინციდენტისას გზა გადაკეტილი იყო დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგ რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგა.
პარლამენტთან დაკავებულთა შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა. „29 მაისს თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წევრებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი არ დაემორჩილენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, გაენთავისუფლებინათ ავტომანქანის სავალი ნაწილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს. რის საფუძველზეც პოლიციამ აქციის წევრები დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მაია მახაშვილი, ქეთევან გოგინაშვილი და ლია გამრეკელი 400-400 ლარით დააჯარიმა. ზაზა სვანაძეს, ირაკლი ბერაიას და ირაკლი ყაჭიურის 30-დღიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო სერგო კიღურაძეს და აკაკი ომალაძეს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გაასამართლა. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა, დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არა მარტო 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით, არამედ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლითაც გაასამართლეს. დაკავებულთა ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ახალგაზრდები უკანონოდ გაასამართლეს და უკანონოდ შეუფარდეს ჯარიმა.
გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, აქტივისტები 26 მაისს დაკავებული მეგობრების გათავისუფლების მოთხოვნით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ახალგაზრდები სავალი გზის გამყოფ ზოლზე აპირებდნენ დადგომას ისე, რომ ავტომანქანების მოძრაობისთვის ხელი არ შეეშალათ. სწორედ ამ დროს, შუა გზაზე, საპატრულო პოლიციამ ყველა მათგანი მანქანაში ჩასვა და დააკავა.
ადვოკატის თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ 8 ადამიანმა - სამმა გოგონამ და ხუთმა ბიჭმა 2 წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს და მოძრაობა შეაფერხეს. ამის გამო, აქტივისტებისთვის შესაფარდებლად, თავდაპირველად, პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ორთვიანი პატიმრობა მოუთხოვია. აქციის მონაწილეთა ჩვენებებიდან კი ირკვევა, რომ გზის გადაკვეთა სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთ პოლიციელს ისიც უთქვამს, გზა 15 წუთით გადაიკეტაო, რისი დამამტკიცებელი საბუთებიც, გელა ნიკოლაიშვილის თქმით, არ წარმოუდგენია.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის შეფასებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო - პოლიციელებს მიემხრო და არ გაითვალისწინა დაკავებულების ან მოწმეების ჩვენებები.
გელა ნიკოლაიშვილმა 26 მაისს გელათში დაკავებული ახალგაზრდების შემთხვევაც შეაფასა. მან განაცხადა, რომ პოლიციას, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია ჰქონდა, თითქოსდა ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ჩაშლას გეგმავდნენ - საჯაროდ უნდა დაესვათ მისთვის უსიამოვნო შეკითხვები. თუმცა, პრეზიდენტი იქ არ მისულა. ადვოკატის თქმით, ახალგაზრდები გელათამდე არც მიუშვეს და პირდაპირ განუცხადეს, რომ ისინი არ ემორჩილებოდნენ პოლიციის თანამშრომლებს, შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გამოუწერეს ჯარიმები.
პალიტრა ტვ-ს ვიდეო
სახელი: ლამარა
2012-07-30 23:12
ნაძირალა მთავრობა გვყავს ქუჩაზე გადასვლა სამ ლარიანი ჯარიმაა და არა 400 ლარიანი ჯარიმა
ყველაზე სასაცილო ისაა რომ დაუპატიმრებიათ კიდევაც, ირაკლის გენაცვალე შვილო შენს გამძლეობაში, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ
ყველაზე სასაცილო ისაა რომ დაუპატიმრებიათ კიდევაც, ირაკლის გენაცვალე შვილო შენს გამძლეობაში, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
კუდ–ის კახეთის სამმრთველოს ყოფილი უფროსის, ლალიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტების ავტომანქანები დააჯარიმეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

