კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს

1 ივნისი, 2012
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.icmm.ge), რომელიც ერთადერთი დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალებაა მცხეთა - მთიანეთში, 20 მაისს მომხდარი ინციდენტის გამოუძიებლობის გამო ხელშეუხებლობის გარანტიებს ითხოვს.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს და უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ობიექტური გამოძიება 20 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით;
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს საქართველოს უშიშროების საბჭოსთან არსებულ უწყებათაშორის კომისიას, უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა რეგიონებში წინასაარჩევნოდ გამოვლენილი დარღვევების გასაშუქებლად.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს უფლებადაცვით და მედია ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დილომატიურ კორპუსს, მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას 20 მაისს, თიანეთის პოლიციაში მომხდარ ფაქტზე დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარება, ასევე ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და წინასაარჩევნოდ რეგიონულ ჟურნალისტებზე ზეწოლის თითოეულ ფაქტზე რეაგირება.
როგორც ცნობილია, 20 მაისს, თიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსის მოადგილის მამუკა შალამბერიძის ხელმძღვანელობით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. ჟურნალისტი თიანეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტების გასაშუქებლად იყო ჩასული. პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტი შსს თიანეთის რაიონული სამმართველოს შენობაში ფიზიკური ძალის გამოყენებით შეათრიეს, მამუკა შალამბერიძემ მას მუცლის და თავის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ვიდეოკამერა წაართვა და ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა წაშალა. დაკავების შემდეგ, ვიდრე პოლიციელები ჟურნალისტს მობილურ ტელეფონს წაართმევდნენ, მან მომხდარის შესახებ მეგობარს შეატყობინა. ჟურნალისტი პოლიციის შენობაში ერთი საათის განმავლობაში უკანონოდ იყო დაკავებული. პოლიციის უფროსის მოადგილემ მას განუცხადა, რომ დაკავებული იყო პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. ჟურნალისტის კატეგორიული და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაკავებულს არ მიეცა ადვოკატთან დაკავშირების საშუალება, პოლიციის სამმართველოს შენობაში მას არ აძლევდნენ წყალს. ნერვული შეტევის გამო ჟურნალისტი ავად გახდა და პოლიციის თანამშრომლებს მიმართა, ექიმი მოეყვანათ. თავდაპირველად ისინი ექიმის მიყვანაზე უარს ამბობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც ნახეს, რომ დაკავებული ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თიანეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ვიდრე ექიმები პოლიციის შენობაში შევიდოდნენ, პოლიციის უფროსის მოადგილემ, რომელმაც შსს-დან მიიღო დავალება, რომ დაუყოვნებლივ გაეშვათ ჟურნალისტი, ისე, რომ არ უთქვამს მთივლიშვილისთვის, რომ იყო თავისუფალი, ფიზიკური ძალის გამოყენებით, შენობიდან გარეთ გაიყვანა. პოლიციის შენობის წინ ჟურნალისტი ავად გახდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თიანეთის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ექიმების დასკვნით, ჟურნალისტს თხემის არეში აღენიშნებოდა დაჟეჟილობა და ჰქონდა თავის ტვინის შერყევის ნიშნები. ჟურნალისტი დღემდე მკურნალობის კურსს გადის.
ჟურნალისტის გათავისუფლებისთანავე შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა საინფორმაციო საშუალებებთან გააკეთა უპასუხისმგებლო განცხადება ისე, რომ არ მოუკვლევია რა მოხდა სინამდვილეში და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი პოლიციის შენობაში შეიჭრა და იქიდან აღარ გადიოდა, რის გამოც სამართალდამცავებმა მას პოლიციის შენობა იძულებით დაატოვებინეს. შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჟურნალისტის უკანონოდ დაკავების, გადაღების დროს ხელის შეშლის, კამერის წართმევის და ფიზიკური ძალის გამოყენებით პოლიციის შენობაში შეთრევის ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველები. მათ შორის ერთ-ერთმა, ქალბატონმა რუსუდან სისაურმა, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ თიანეთის შტაბის ოფის-მენეჯერია და ინციდენტის დროს მთივლიშვილის მანქანაში იმყოფებოდა, ახსნა-განმარტება მისცა საქართველოს სახალხო დამცველს. ორმა თვითმხილველმა კი ახსნა-განმარტება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მისცა.
პოლიციის უფროსის მოადგილემ მამუკა შალამბერიძემ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტთან გასაუბრებისას განმარტა, რომ ვინაიდან უცხო პიროვნება აწარმოებდა ვიდეოგადაღებას პოლიციის შენობის წინ, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ პიროვნების ვინაობის დასადგენად. გელა მთივლიშვილი, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მამუკა შალამბერიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩამოართვეს გელა მთივლიშვილს კამერა. ვინაიდან გელა მთივლიშვილი ჩავარდა სტრესულ მდგომარეობაში, გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
21 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას და მომხდარზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გამოძიება ამ დრომდე არ არის დაწყებული.
22 მაისს, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა წერილობით მიმართა შსს-ს და მოითხოვა, 20 მაისს, თიანეთის პოლიციის შენობის შესასვლელსა და მისაღებში არსებული ვიდეოთვალის ჩანაწერები, რაზედაც არაერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
ამასთან, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა თიანეთის პოლიციის უფროსის მოადგილის მამუკა შალამბერიძის მუქარის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთივლიშვილი და მისი ჟურნალისტები თიანეთის რაიონში მუშაობას არ შეწყვეტენ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტების გასაშუქებლად იქ კიდევ ჩავლენ, „შუბლში ტყვიას დააჭედებს“.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები