კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - ადამიანის უფლებათა ცენტრი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

4 ივნისი, 2012

რამდენიმე დღის წინ #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ვალერი ჯაფარიძე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო, გარდაიცვალა.

მსჯავრდებული მძიმედ იყო დაავადებული, რის გამოც კანონმდებლობის თანახმად, გადავადება-გათავისუფლების მუხლი უნდა შეხებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად,  მას არ ათავისუფლებდნენ.

ვალერი ჯაფარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 28 მაისს ცენტრის იურისტი, ადვოკატი ნესტან ლონდარიძე იმყოფებოდა  პატიმართა და მსჯავრდებულთა #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც მას  პატიმრის გარდაცვალების ფაქტი შეატყობინეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ვალერი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით 2010 წელს სასარჩელო განცხადებით მიმართა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილია მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (“სიცოცხლის უფლება”), მე-3 მუხლითა („წამების აკრძალვა“) და მე-13 მუხლით („სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება“) გათვალისწინებული უფლებების დარღვევის დადგენის მიზნით.

სარჩელში აღნიშნულია, რომ განმცხადებელი დაკავების დღიდან (2005 წლის 28 ივლისს დააკავეს და ბრალდება წაუყენეს სსკ-ის 179-ე მუხლით - ყაჩაღობა) არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. კერძოდ, იგი სარჩელში მიუთითებს, რომ დაკავების დროს სცემა პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა, რომელთაგან ერთ-ერთის - მურთაზ ჭკადუას ვინაობას ასახელებს. თავდაპირველად ჯაფარიძე მიიყვანეს ქ. ზუგდიდის პოლიციის სამხარეო სამმართველოში. მოგვიანებით კი გადაიყვანეს ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში (დიღომში).

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ჯაფარიძის მიმართ ცალსახად დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლი - „წამების აკრძალვა“ („დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა“), რაზეც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრასბურგში გასაგზავნ სასარჩელო განცხადებაში.

კერძოდ, საქმიდან იკვეთება, რომ ვალერი ჯაფარიძე დაკავების მომენტში ცემა პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა. გარდაცვალებამდე პატიმარი აცხადებდა, რომ ერთ-ერთის ამოცნობა შეეძლო. მიღებული დაზიანებების შემდეგ, ვალერი ჯაფარიძე მუდმივად განიცდიდა ტკივილს თავის უკანა ნაწილში და დაკარგული ჰქონდა გემოს შეგრძნება საკვების მიღებისას. ამ ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა ეფექტური გამოძიება დამნაშავე პირების გამოსავლენად და დასასჯელად, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კონვენციის მესამე მუხლის პროცედურულ ნაწილს.

პატიმრობის განმავლობაში ვალერი ჯაფარიძე იმყოფებოდა არაადამანურ პირობებში. კერძოდ, #5 საპყრობილეში მას არ უტარდებოდა ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. აღსანიშანვია ის გარემოება, რომ დაკავების დროს ვალერი ჯაფარიძე უკვე დაავადებული იყო  მძიმედ.

მისი დაკავების შემდეგ, #5 საპყრობილეში, ვალერი ჯაფარიძე იმყოფებოდა 28 პატიმარზე გათვლილ საკანში, სადაც მოთავსებული იყო 100 პატიმარი. განმცხადებლის ისედაც რთულ პირობებს, ასევე, ამძიმებდა მისი დაავადებების საკმაოდ ვრცელი სია, რის გამოც იგი განიცდიდა დიდ ტკივილს, როგორც ფიზიკურს ასევე სულიერს. ამდენად, მის მიმართ, ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

ამავე დროს, ვალერი ჯაფარიძეს, გარდა 9-თვიანი პერიოდისა, არ ჩატარებია ადევატური სამედიცინო მკურნალობა. 9-თვიანი მკურნალობის შემდეგ, იგი კვლავ დააბრუნეს საპყრობილეში, მიზეზად კი მითითებული იყო, რომ „სიმულიანტობდა“. პატიმარს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უტარდებოდა სათანადო სამედიცინო მკურნალობა. არადა, იგი მძიმედ იყო დაავადებული და საჭიროებდა მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას. მიუხედავად მისი დაავადებების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალისა, მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა დაკეტილი სისტემის საპყრობილეებში. გასეირნების უფლებას ადმინისტრაცია აძლევდა მხოლოდ კვირაში ორჯერ 40-60 წუთის განმავლობაში;

პატიმრის მიმართ უკიდურესმა უყურადღებობამ ნეგატიური შედეგი გამოიღო მის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო პერსონალის მიერ საერთოდ არ ხდებოდა პატიმრის მონახულება, გარდა რამდენიმე ფორმალური ვიზიტისა, რომელსაც მისთვის რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც - ავადმყოფი პატიმრის მოთხოვნის მიუხედავად, ციხის ექიმი მას არ ნახულობდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია პატიმრებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით და უყურადღებობით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს.

სამწუხაროდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები კვლავ აგრძელებენ ფორმალურ მიდგომას პატიმრებთან მიმართებაში, რის გამოც აზრს კარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის მოხდის გადავადება-გათავისუფლების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ პატიმრების სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ პატიმართა გახშირებული სიკვდილიანობისა და მძიმედ დაავადებული პატიმრებისადმი გამოჩენილი უყურადღებობის გამო, სასწრაფოდ დღის წესრიგში უნდა დადგეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მაღალჩინოსნების, მათ შორის - მინისტრ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხი. ციხის ადმინისტრაციისა თუ სამინისტროს მოხელეთა მხრიდან კანონის უგულვებელყოფის შემთხვევები, რამაც პატიმართა სიკვდილიანობა და სხვა სავალალო შედეგები გამოიწვია, უნდა იყოს გამოძიებული, ხოლო დამნაშავე პირები - დასჯილი. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი, სამომავლოდ თავიდან ავიცილოთ პატიმართა სიკვდილიანობა და მათი უფლებების მასშტაბური დარღვევები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

04.06.12.

ახალი ამბები