კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კონტროლის პალატა ცდილობს, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია აღარ აწარმოოს“

7 ივნისი, 2012

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, თინა ხიდაშელისა და მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კუდ-ის, კონტროლის პალატისა და "რუსთავი 2”-ის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია განხორციელდა.

ასე გამოხმაურნენ ხიდაშელი და ფანჯიკიძე 6 ივნისს კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებას. კერძოდ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს და ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, მთავარ პროკურატურას მიმართავს. კონტროლის პალატის მიმართვის საფუძველზე იმერეთის სამხარეო სამმართველომ „ქართული ოცნების“ მიერ მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურას „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა. „2012 წლის 5 ივნისს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო  ღონისძიების ფარგლებში ხდებოდა მოქალაქეებისათვის ბუკლეტების დარიგება, რომლის დროსაც ამომრჩევლებს მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ თავისი თხოვნების დაფიქსირებას სთავაზობდნენ და მათ მატერიალიზებას ჰპირდებოდნენ. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულის ნიშნები, რაც საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის დაპირებაში გამოიხატება. ფინანსური მონიტორინგის სამსახური მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, აღნიშნული ფაქტით დაინტერესდეს და კომპეტენციის ფარგლებში,  მისი შესწავლა და რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია კონტროლის პალატის მიმართვაში.

თინა ხიდაშელისა და მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 5 ივნისს „რუსთავი 2“-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც საუბარი იყო, რომ „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს არჩევნებამდე 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას ჰპირდება.

კოალიციის წარმომადგენელთა განმარტებით, „ის ახალგაზრდები,  რომლებიც თავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად ასაღებენ და მსგავს დაპირებებს იძლევიან, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრები არ არიან“.

„ჩვენთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან უამრავი ახალგაზრდაა და არ გამოვრციხავ, რომ ხელისუფლება მათ მოტყუების, გადაბირების ან დაშინების გზით სხვადასხვა მიზნით იყენებდეს. ჩვენ მოსახლეობას მათი ოცნებების ასრულებას მართლაც ვპირდებით, მაგრამ არა არჩევნებადე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, დასაქმებით და ა.შ. ჩვენ ვემიჯნებით ყველას, ვინც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და „ქართული ოცნების“ კონცეფციას ამახინჯებს. მივმართავ მოქალაქეებს, ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს არ აყვნენ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

თავის მხრივ, თინა ხიდაშელი კონტროლის პალატას იმ ფაქტით დაინტერესებას ურჩევს, რომ პარტიულ შეხვედრებზე თანამდებობის პირები  სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მანქანებით დადიან.

„მაინტერესებს, არის თუ არა ეს კანონდარღვევა?! სამწუხაროა, როცა სახელმწიფო რეპრესიის განმახორციელებელი მანქანის თანამონაწილე ოფიციალურად ხდება“, - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველებს იმ პირების დაკავება შეუძლიათ, ვინც ფლაერების დარიგების პროცესში ამგვარ დაპირებას იძლევიან.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2012 წლის 5 ივნისს, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მხრიდან ამომრჩეველთათვის საარჩევნო ფლაერებზე დართული მნიშვნელოვანი მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირების შემცველი ბლანკების დარიგების  შესახებ. ვინაიდან აღნიშნული ქმედება დანაშაულს შეიცავს, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ფაქტების შესწავლის მიზნით, გამოძიება დაწყებულია იმერეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, გამოძიებას ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება და პოლიტიკური საქმიანობის უფლება. გამოძიების მიზანია დანაშაულებრივი ჩარევისაგან წინაასარჩევნო პროცესების დაცვა და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებების უზრუნველყოფა“.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, „მოსახლეობის მიერ ბიულეტინებზე ოცნებების დაწერა მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ისახავდა მიზნად“.

„კონტროლის პალატა აბსურდულ განცხადებებს ავრცელებს. თუ ის ბიულეტინები იგულისხმება, რომელზეც მოსახლოებას იმის დაწერას ვთხოვდით, რა არის მისი ქართული ოცნება. ეს უბრალოდ ამომრჩეველთა გამოკითხვა იყო. ჩვენ გვაინტერესებდა, რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. ეს ყველაფერი მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ისახავდა მიზნად. ჩვენ გვაინტერესებდა, რისი განხორციელებას სურს მოსახლეობას განათლების, ეკონიმიკური, სოციალური კუთხით, რათა შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევაში ეს ყველაფერი ბიუჯეტში გავითვალისწინოთ. მოსახლეობის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა მანანა კობახიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.

რაც შეეხება იმას, დაიწყებს თუ არა პროკურატურა აღნიშნულზე მოკვლევას, კობახიძის განცხადებით, „კონტროლის პალატა ცდილობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია აღარ აწარმოოს“.

„მაშინ კონტროლის პალატამ ღიად დააფიქსიროს, რომ ამ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლება მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ღიად თქვას ის, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც უნდა დასრულდეს. მისი ამგვარი აღიარება კი  ამ პროცესს დროულად დაასრულებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები