კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მუშაობაში ხელს უშლიან

12 ივნისი, 2012

ქუთაისში 10 მაისს გამართული აქციის გაშუქებისას მილიარდერი პოლიტიკოსის, ბიძინა ივანიშვილის დაცვამ ჟურნალისტებს პრობლემები შეუქმნა. ვებ-გვერდ „ლიბერალის“ ჟურნალისტი, ზურაბ ვარდიაშვილი სტატიაში სახელწოდებით - „ახლა სად წაიღებს პარლამენტს“, წერს, რომ აქციის დროს შემაღლებული სცენიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რკინის ბარიერი იყო აღმართული, რომლის იქითაც მხოლოდ ტელეკომპანიების - „მეცხრე არხის“ და „მაესტროს“, აგრეთვე სააგენტო „ინფო 9“-ს ჟურნალისტებს შეეძლოთ გადაადგილება.

„რკინის მოაჯირს როცა გადავაბიჯე, „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ორი მამაკაცი ჩემსკენ დაუყოვნებლივ გამოემართა, პრესბარათი წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სხვების მსგავსად თავისუფლად მოძრაობა მსურდა. მათ კი ხელი ჩამავლეს და  მოშორებით, ძალით გამათრიეს“, - იხსენებს ვარდიაშვილი. მისი თქმით, კოალიციის წარმომადგენლებმა თავისუფლად გადაადგილების საშუალება არც „ლიბერალის“ მეორე ჟურნალისტს, სოფო აფციაურს მისცეს.

ანალოგიურ ისტორიას ყვება „ახალი გაზეთის“ რედაქტორი, ია ბობოხიძე მედია.გე-სთან საუბრისას. მისი თქმით, დაცვამ არც ის და არც სხვა ჟურნალისტები არ შეუშვა იმ ტერიტორიაზე, სადაც თავისუფლად მუშაობდნენ „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ რეპორტიორები.

აქციაზე მომხდარ ინციდენტს დღეს, 11 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი, მაია ფანჯიკიძე. მან  ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ აქციაზე ყველა ჟურნალისტისთვის თანაბარი სამუშაო პირობები არ იყო შექმნილი, თუმცა ხარვეზი გამოსწორდება და მომავალ აქციებზე მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

ფანჯიკიძის განმარტებით, მისთვის უცნობია ვინ მიიღო ჟურნალისტების მუშაობის აკრძალვის გადაწყვეტილება, თუმცა ამბობს, რომ „ეს სპონტანურად მოხდა და უსაფრთხოების ზომების გამო გახდა აუცილებელი“. პრესსპიკერი „მეცხრე არხისთვის“ პრივილეგირებული პირობების შექმნას უარყოფს. თუმცა, არ აკონკრეტებს, რის მიხედვით შეარჩიეს ჟურნალისტები, რომლებიც ბარიერს მიღმა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.

მუშაობის დროს პრობლემები ჟურნალისტებს არა მხოლოდ 10 ივნისის აქციის დროს შეექმნათ. „კახეთის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მუშაობა დაიწყო სააგენტო „ინფო 9“-მ, კოალიცია „ქართული ოცნება“ სხვა ჟურნალისტებს ინფორმაციას აღარ აწვდის. „ინფო 9“ ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საკუთრებაა, რომელიც თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინა ხვედელიძეს ეკუთვნის.

„ვთქვათ დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ეს ინფორმაცია, თუ ჩვენ არ ვიგებთ, თავს იყრის კოალიციის შტაბში. ადრე თუ გვირეკავდნენ ყველას და ამის შესახებ, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ აქტივობებზე, ინფორმაციას გვაწვდიდნენ, ახლა ჩამოჰყავთ „ინფო 9“, თუ ადგილზე არ არის და მხოლოდ მათთვის არის ეს ინფორმაცია ხელმისავწდომი“, - ამბობს მთივლიშვილი.

მისი თქმით, კოალიციის წარმომადგენლების ასეთი ქცევა ჟურნალისტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. „გვინდა განცხადებით მივმართოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ნიშნით „ჩემიანი, არაჩემიანი“ დაყოფა არ იყოს და ინფორმაციაზე ხელი ყველას მიუწვდებოდეს, რადგან გამოდის, რომ რის გამოც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, იგივეს თავად აკეთებენ“.

Media.ge

ახალი ამბები