კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ–ის ელჩი საქართველოს გამოწვევებზე საუბრობს

21 ივნისი, 2012

სივილ ჯორჯია

„მოდერნიზაციაზე მეტი ენერგია დაიხარჯა, ვიდრე დემოკრატიზაციაზე“; „აშშ–ის დახმარება საქართველოს მიმართ დამოკიდებული იქნება დემოკრატიის გაძლიერებაზე“; „განსხვავებული შეხედულებების მიმართ ტოლერანტობის შედარებითი არარსებობა“; სააკაშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ „ჰაერიდან მოტანილი არ არის“; „არსებობს გარემო, რომელიც ისეთი კონკურენტული არჩევნების საშუალებას იძლევა, როგორიც ქართველებს სურთ“; „ამომრჩევლებს არა აქვთ წვდომა ინფორმაციის ფართო სპექტრზე“.

მოდერნიზაცია, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში ერთდროულად უნდა წარიმართოს, რადგან სამივე ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი წარმატებისთვის, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 13 ივნისს.

ვაშინგტონში არსებულ „ატლანტიკურ საბჭოში“ სიტყვით გამოსვლისას ბასმა, რომლის საქართველოში სამწლიანი დიპლომატიური სამსახური დასასრულს უახლოვდება, ფართოდ ისაუბრა საქართველოს ამჟამინდელ და სამომავლო პერსპექტივებზე და ყურადღება რამოდენიმე ძირითად გამოწვევაზე გაამახვილა, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის წინაშე დგას.

მოდერნიზაცია და დემოკრატიზაცია

მისი თქმით, მართალია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში პროგრესი შეინიშნება, მაგრამ თუ შევადარებთ, ბოლო წლებში უფრო მეტი ძალისხმევა მოდერნიზაციისკენ უფრო იყო მიმართული, ვიდრე დემოკრატიზაციისკენ.

მისი თქმით, ეს ტენდენცია მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის სურვილებს ესადაგება.

„ბოლო წლების განმავლობაში მეტი ენერგია დაიხარჯა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაზე, ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, მთავრობის მხრიდან სერვისების მოდერნიზაციასა და მათი მიწოდების ეფექტიანობაზე, მაგრამ ამის ექვივალენტი ენერგია არ წარმართულა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კულტურის გაძლიერებაზე“, – განაცხადა ჯონ ბასმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ეს ძირითადად იმ პრიორიტეტების გამოხატულება იყო, რაც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია.

„როდესაც [სოციოლოგიური] გამოკითხვის მონაცემებს უყურებ, ხედავ რომ მათთვის მთავარ საკითხებს შორის ქართველები უმუშევრობას, ეკონომიკურ განვითარებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მუდმივად გაცილებით წინ აყენებენ, ვიდრე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას“, – განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, ის „არაპროპორციულად მაღალი“ დახმარება, ინტერესი და ყურადღება, რასაც საქართველო აშშ-დან იღებს, „არსებითად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რაოდენ გააგრძელებს საქართველო იყოს ლიდერი თავის რეგიონში“ და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს განვითარების შემდგომი ეტაპის გამოწვევა იქნება ის, შეძლებს თუ არა ეს ქვეყანა განაგრძოს თავისი ეკონომიკის მოდერნიზება და განვითარება და ამასთან ერთად გააძლიეროს დემოკრატიული კულტურა, რადგან ეს სამივე ფაქტორი მნიშვნელოვანია მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის“, –  განაცხადა ბასმა.


ამ მიზნების მიღწევის გზაზე, მისი თქმით, საქართველო რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას.

„ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსიის საჭიროება“

პირველი გამოწვევა მან დაახასიათა, როგორც „ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის“ და დისკურსის საჭიროება, საპირისპიროდ იმისა, რასაც ახლა აქვს ადგილი, როდესაც დებატები „გარკვეულ მოსაზრებებისადმი მისტიკური“ მიჯაჭვულობით მიმდინარეობს და რომლის დროსაც დისკუსიის მონაწილეებს ერთმანეთის უბრალოდ არ ესმით.

მან გაიხსენა, რომ ერთხელ ერთ–ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა მას უთხრა, რომ ქართული საზოგადოების ბევრი პრობლემა ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უნარჩვევების ნაკლებობიდან გამომდინარეობსო.

„მთლიანობაში მე ვიზიარებ ამგვარ დახასიათებას. ჯერ კიდევ ჭარბობს ვითარება, როდესაც მგზნებარედ ხდება დაყრდნობა ისეთ მოსაზრებებსა და რწმენაზე, რომლებიც ობიექტური მონაცემებით არ არის დასაბუთებული“, – განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც არის, მაგრამ იმ დოზით, როგორიც ეს საქართველოშია, რეალურად ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის დაბრკოლებას ქმნის.

„ტოლერანტობის შედარებით არარსებობა“
 
ბასის მოსაზრებით ამ პრობლემიდან გამომდინარეობს ტოლერანტობის და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისადმი, ასევე განსხვავებული რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებისადმი პატივისცემის „შედარებით არარსებობა“.

მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებიც ცდილობენ თავიანთი პოზიცია წარმოაჩინონ ერთადერთ ჭეშმარიტებად და განსხვავებული მოსაზრების გასათვალისწინებლად ადგილი არ დატოვონ.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმის განსაზღვრის პროცესში, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი თანამედროვე სამყაროში, ზოგიერთმა ადამიანმა „არჩია ამ კითხვაზე ეპასუხა, რომ ქართველობა ნიშნავს იყო ეთნიკურად ქართველი და მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევარი“. 
 
„ასეთი მიდგომა არ უტოვებს საკმარის სივრცეს საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს, რომლებიც ან სხვა ეთნიკური ჯგუფიდან არიან, ან სხვა სარწმუნოება გააჩნიათ“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქებას იმსახურებს იმის გამო, რომ ხელს უწყობს ტოლერანტობის და ისეთი ხედვის განვითარებას, რომელიც საშუალებს აძლევს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა და სარწმუნოებისა, თანაბარი უფლებებით ისარგებლონ საზოგადოებაში.  
 
მან იქვე განაცხადა, რომ „აშკარად არსებობს გარკვეული ნიშნები“  და „საფრთხე, რომ ეთნიკური შოვინიზმი, რელიგიური შოვინიზმი“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას საარჩევნო კამპანიის დროს  ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ; თუმცა მან თავის საუბარში ეს თემა აღარ განავრცო.

პროგნოზირებადი ბიზნესგარემო

აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ გარდაქმნილა შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნაში.

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული სარგებლის არეკვლა საზოგადოების ფართო ფენებზე ქვეყნის წინაშე არსებული ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა.

ელჩის თქმით, აუცილებელია უფრო პროგნოზირებადი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნა ყველა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც საქართველოში ფულის დაბანდებას უცხოეთიდან აპირებს.

ჯონ ბასმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო წლების შთამბეჭდავ რეფორმებსა და იმ სფეროებს შორის, სადაც ნაკლები პროგრესი შეინიშნება, დიდი უთანაბრობაა.

პროგნოზირებადობა და დავის მოგვარების მექანიზმები, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება ის ორი სფეროა, სადაც, როგორც ბასმა აღნიშნა, პოტენციურ ან არსებულ ინვესტორებს მიაჩნიათ, რომ მეტი პროგრესია საჭირო. 

სააკაშვილის რუსეთისადმი მიდგომა "ჰაერიდან მოტანილი არ არის"

აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონები და თბილისის ურთიერთობები მოსკოვთან გამოწვევების ცალკე წყებას წარმოადგენს, სადაც საქართველოს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს შედეგებზე შეზღუდულია.

ისევ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე დაყრდნობით, ბასმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას სურს, რომ ქვეყანას რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდეს, თუმცა არა ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე.

„ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მგრძნობიარე გახდება და მოერგება თავის მეზობელს და გაგებით მოეკიდება მეზობლის [ასეთ განწყობას]. ვფიქრობ, ამჟამად საქართველოში უკეთ ესმით, თუ რა ხდება რუსეთში, ვიდრე რუსებს რეალურად რა ხდება საქართველოში“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ იმედია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება ამ ბარიერის გადალახვას ხელს შეუწყობს.

„ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ურთიერთობები ფუნდამენტურად გაუმჯობესდეს, სანამ ჩვენ საქართველოში შემდგომ საარჩევნო ციკლს არ გავივლით და იმედია, რუსეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ პრეზიდენტი [სააკაშვილი] თავის მიდგომაში რუსეთთან ურთიერთობების შესახებ მეტწილად საზოგადოებრივ აზრს გამოხატავს და რომ ეს ჰაერიდან მოტანილი არ არის“, – განაცხადა მან.

ბასის თქმით, საქართველოსა და მის სეპარატისტული რეგიონებში მცხოვრებ ახალ თაობებს შორის საერთო მეხსიერებისა და გამოცდილების არარსებობა სერიოზული გამოწვევაა რეინტეგრაციის გზაზე. მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებთა შორის ურთიერთობების საკითხზე ბევრი საჯარო განცხადება არ კეთდება, „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ და არ ვმუშაობთ ამაზე კულისებს მიღმა“.

„ქვეყანა ხედვით“
 
შემდეგ მან ოთხი მიზეზი დაასახელა, თუ რატომ მიაჩნია, რომ საქართველო შეძლებს ყველა ამ გამოწვევასთან გამკლავებას. პირველი მიზეზი, მისი თქმით, არის ის „მენტალური რევოლუცია“, რომელიც საქართველოში ხდება და ახალგაზრდობას, წინა თაობებთან შედარებით, „სრულიად განსხვავებული კონცეფცია აქვს თავისი ქვეყნის, მსოფლიოში მისი ადგილის შესახებ“.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკაა, რომლის შესახებაც თქვენ ვერ წაიკითხავთ იმ მასალებში, რომლებიც დღეს საქართველოზე იწერება“, – განაცხადა ბასმა.

მეორე მიზეზი, მისი თქმით, არის საზოგადოების „შიმშილი ნორმალური მდგომარეობის მიმართ“. მისი თქმით, გამოკითხვის შედეგებში ჩანს, რომ ხალხს არ სურს ქუჩის აქციები გამოყენებული იყოს პოლიტიკური ცვლილების მიღწევის მთავარ საშუალებად. „ჩემთვის ეს ნიშნავს არა იმედგაცრუებას, არამედ მოსახლეობაში პოლიტიკური სიმწიფის ხარისხს“, – განაცხადა მან.

ბასის თქმით, მესამე მიზეზია საქართველოს ჯერ კიდევ ასათვისებელი უამრავი შესაძლებლობები, მათ შორის სოფლის მეურნეობაში და სხვა სექტორებში, სადაც ბევრი შესაძლებლობა შეიძლება გაჩნდეს, თუ „ბიზნეს გარემო სტაბილური გახდება ინვესტიციების მოსაზიდად“.

მეოთხე მიზეზი, მისი თქმით, „ის არის, რომ საქართველო არის ქვეყანა ხედვით“. ელჩის თქმით, სახეზეა ქვეყნისა და საზოგადოების განსხვავებულად, ახლებურად აღქმის ხედვები იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ მძლავრობს ტრადიციული აზროვნება ეთნიკურ და რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში.

საარჩევნო გარემო

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოზე საუბრისას აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ „არსებობს ელემენტები“ იმისთვის, რომ ეს არჩევნები დიდი წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს.

„სამწუხაროდ, აქამდე საკმაოდ დიდი ენერგია იყო მიმართული თავად პროცესზე და გარემოზე; რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც გვინდა, რომ დამატებითი გაუმჯობესებები ვიხილოთ“, – განაცხადა მან.

ერთ–ერთი გამოწვევა, მისი თქმით, ამ ეტაპზე არის იმის უზრუნველყოფა, რომ გარემო საკმარისად კონკურენტული იყოს, რათა ხალხმა აქცენტი უფრო არჩევნებში შეჯიბრებითობის ფაქტორზე გააკეთოს, ვიდრე იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია თავად პროცესი. „ამ ეტაპზე, გულწრფელად რომ ვთქვა, ვერ ვხედავ ისეთ გარემოს, რომელიც მოითხოვდეს, რომ ამ უკანასკნელისკენ იყოს მიმართული ძალისხმევის დიდი ნაწილი“, – განაცხადა ბასმა და დასძინა, რომ მართალია დამატებითი გაუმჯობესებაა საჭირო, მაგრამ ქვეყანაში არის ვითარება, რომელიც ისეთ საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფს, როგორიც ქართველებს სურთ რომ იხილონ.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე შეზღუდვების შემოღება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი, რომლის პირადი ქონება ქვეყნის მშპ-ის ნახევარზე მეტია, პოლიტიკაში მოვიდა, გასაგები გადაწყვეტილება იყო.

ბასის თქმით, წუხილის წყარო არის ის, ხომ არ ხდება ამ წესის ისე გამოყენება, რაც შეზღუდავს ლეგიტიმურ პოლიტიკურ აქტიურობას. მისი თქმით იმას, როგორც  ამის გამოყენება ხდება, პოლიტიკურ ორგანიზაციებზე „დაშინების ეფექტი“ აქვს და აშშ-ს სურს იხილოს კონტროლის პალატის იმგვარი გამჭვირვალე მუშაობა პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის პროცესში, რომელიც ეფუძნება მკაფიოდ გაწერილ გაიდლაინებს.

ელჩმა განაცხადა, რომ მისთვის უცნობია ბიძინა ივანიშვილზე დაკისრებული მრავალმილიონი ჯარიმის დეტალები და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

პრობლემები ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, თუ როგორ უნდა გაფართოვდეს წვდომა ინფორმაციაზე იმ ადამიანებისა, რომლებიც დიდ ქალაქებში არ ცხოვრობენ და „არ მიუწვდებათ ხელი იმ საკაბელო ოპერატორებზე, რომლებიც გადასცემენ პრო-ოპოზიციურ არხებს და ამდენად, ეყრდნობიან მეტრული სიხშირეებზე მთავარ მაუწყებლებს, რომლებიც მიდრეკილნი არიან პროსახელისუფლებო ორიენტაციისკენ“.

„ვფიქრობ, ლეგიტიმური იქნება წუხილის გამოთქმა იმაზე, რომ ამ ამომრჩევლებს არ აქვთ წვდომა ინფორმაციის ფართო სპექტრზე“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე გარკვეული პროგრესი უფრო ადრე იქნება მიღწეული, ვიდრე გვიან.

„ბევრ ადამიანს უწევს დაეყრდნოს ინფორმაციის ერთ წყაროს ან ცდილობს ერთად მოუყაროს თავი ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან,  რომლებიდანაც თითოეულს აქვს ძალიან ფოკუსირებული, კონცენტრირებული თვალთახედვა, რომლებიც არ განიხილავენ ალტერნატიულ ფაქტებს და ალტერნატიულ მოსაზრებებს“, – განაცხადა ჯონ ბასმა.

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია

აშშ–ის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესმა რეფორმების განხორციელებაში, ქვეყანა უფრო დააახლოვა როგორც ევროკავშირთან, ისე  ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებასთან.

მისი თქმით, სამი წლის წინ ბევრს მიაჩნდა, რომ საქართველოსთვის შეუძლებელი იქნებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, ისევე როგორც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დროის ამ მოკლე პერიოდში დაწყება.

„ნატოსთან დაკავშირებით ჩვენ უდიდესი პროგრესი დავინახეთ თავდაცვის სფეროს რეფორმირების და მოდერნაზიის კუთხით, რის შედეგადაც თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალებისთვის ინსტიტუციონალური ჩარჩო ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ბასმა.

ფოტოზე: აშშ–ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, 2012 წლის აპრილი. გურამ მურადოვის ფოტო/Civil.ge


ორიგინალი

ახალი ამბები