კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის სჭირდება ბაგრატის ტაძრით პოლიტიკური სპეკულაცია

26 ივნისი, 2012

განცხადება იუნესკოს ნუსხიდან ქართული ძეგლების ამოღების საფრთხესთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილი

როგორც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ - ბევრ ტყუილთან ერთად ორიოდე დღის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაგრატი ტაძრის საკითხი მართლაც პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახლავთ. ოღონდ არა „ვიღაცეების“, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტის.

„ახალ ბაგრატში“ - აქ უკვე აღდგენაზე და რეაბილიტაციაზე ლაპარაკი ზედმეტია - პომპეზურად შესვლა - სანამ კიდევ სადმე შეესვლება - გახდა პრეზიდენტის მთავარი ახირება. რაც უთუოდ გამძაფრდა ივანიშვილთან პოლიტიკური კონკურენციის და სამების „კომპლექსის“ ფონზე. ამ პიროვნულ ახირებას და ჩვენი ექსპერტების და სხვა პასუხისმგებელი პირების მონურ დამოკიდებილების მსხვერპლი გახდა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და პირველ რიგში, ბაგრატი.

ბაგრატის საკითხის და იუნესკოს დასკვნების შესახებ ტყუილების კორიანტელი ხშირად გვესმის, რომლის მიზანი ერთია, ანუ ხალხის გააბრუება და გადაფარვა იმ რეალური საფრთხის, რაც ემუქრება არა მხოლოდ ბაგრატს, არამედ საერთოდ საქართველოს კულტურულ ძეგლებს და მემკვიდრეობას.

ბაგრატის ტაძარი სიმბოლო გახდა ჩვენს ერში არსებული დღევანდელი ყველა სენის, ერთი ადამიანის გემოვნებაზე და სხვა აზრის გათვალისწინების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები, ეკლესიის გვერდის ავლით იმ საკითხებში, რომელიც მას უშუალოდ ეხება, საზოგადოების სრული გვერდის ავლით ჩუმად დაწყებული და ფაქტიურად უკვე დამთავრებული პროექტების წარდგენა.

რეალური საფრთხის გასაგებად რამდენიმე ფაქტი საზოგადოებას უნდა მიეწოდოს:

1. იუნესკოში არსებობს ორის ნუსხა. ერთი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, რომელშიც ბაგრატი - გელათთან ერთად როგორც ერთი და განუყოფელი კომპლექსი - და ეს გარემოება მეტად საყურადღებოა - ჩაწერილ იქნა 1994 წელს (ანუ სააკაშვილის ჟამთაღრიცხვამდე!). მეორე ნუსხა კი "საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის". ამ მეორე სიაში გადაჰყავთ ის ძეგლები, რომლებსაც პირველი სიიდან ან ბუნებრივი კატასტროფის, ან სხვა გარემოებების და უფრო ხშირად არა სწორი კონსერვაციის ზომების გამო ავთენტურობა და ღირებულება ეკარგებათ. სწორედ ამ მეორე სიაში გადაყვანილ იქნა ბაგრატი და გელათი 2010 წელს დაწყებული და შეუთანხმებელი სამუშაოების შედეგად. ამ მეორე სიიდან ამოწერა ხდება ორი და მხოლოდ ორი გზით: ან მოკლე ვადაში ძეგლი უბრუნდება - იმის მერე, რაც იუნესკოს რეკომენდაციები შესრულებული იქნება და არა სწორი რეკონსტრუქციის შედეგები გამოსწორებული - მთავარ სიას. ან მეორე: თუ იუნესკომ ჩათვალა რომ შეუქცევად პროცესებს ჰქონდა ადგილი და ძეგლის მსოფლიო ღირებულების გადარჩენას ვეღარ შეძლებს - საერთოდ და სამუდამოდ სიიდან ამოიღებს. ეს მეორე გზა ემუქრება ბაგრატს და აქ არის მგლის თავი დამარხული.

2. ამ სესიაზე (რომელიც პეტერბურგში იწყება) არ მოხდება ბაგრატის სიიდან ამოღება - როგორც ნათლად სჩანს ქვემოთ მოტანილი გადაწყვეტილების პროექტის ტექსტიდან. არა იმიტომ, რომ იუნესკო უცებ ეთანხმება ხელისუფლების ხედვას და მოქმედებას. ბაგრატის შესახებ მათი დასკვნა (და არა ერთი არაკომპეტენტური ექსპერტის) ერთმნიშვნელოვად გამოიხატება მოცემულ ტექსტში: „შეუქცევადი პროცესი“, „ბაგრატის ავთენტურობა დაიკარგა“, „მსოფლიო ღირებულება ვერ დავიცავით“. ვაჩეიშვილს და სხვებს მივანდოთ ახსნა-განმარტება თუ მაინც რატომ მიაჩნია ეს ყველაფერი სწორად და იუნესკო - არაკომპეტენტურად. ჩვენ ის უნდა გვადარდებდეს, რომ ბაგრატის ბედი გადაწყვეტილია, თუნდაც ამის ფორმალიზაცია გადავადებულია. ეს გადავადება არ გეგონოთ ხელისუფლების დიპლომატიურ წარმატებას ან მის რიგით „გამარჯვებას“ მიეწერებოდეს. თუმცა, ამის ასე წარმოდგენის მცდელობა უთუოდ იქნება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იუნესკოს და საერთაშორისო ინსტანციების კეთილი ნების გამოხატვა, რათა ჩვენი უგუნურობის მიუხედავად, გელათი არ ჩაჰყვეს ბაგრატის ბედს დავიწყებაში. ამიტომაც იუნესკო მოითხოვს საქართველოსაგან, 2013 წლის თებერვლამდე შეიმუშავოს გეგმა, თუ როგორ გაიმიჯნოს გელათი ბაგრატისაგან... რათა შეძლონ გელათის სიაში დატოვება, თუნდაც - ბაგრატის გარიცხვის შემდეგ. გელათის გადარჩენაზე ზრუნავს „არაკომპეტენტური“ იუნესკო.

3. გადავადება მხოლოდ გადავადება არის. იუნესკოს გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებს ახალი მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილება განაპირობებდა ბაგრატის საკითხის გადახედვას. ამდენად, კამათი და ვითომც კომპრომისები ლიფტის მოხსნაზე და შუშის ფლიგელის შეცვლაზე შიდა მოხმარებისათვისაა განკუთვნილი და არა იუნესკოს შეხედულებების გასათვალისწინებლად.

4. ბაგრატის ტაძრის შეუქცევადი და უხარისხო რეკონსტრუქციით არ თავდება ჩვენი ძეგლების ეპოპეა. მცხეთას საკითხი არანაკლებ საგანგაშოა. მცხეთაც მიღებული იქნა მსოფლიო მემკვიდრობის ნუსხაში 1994 წელს და 2009 წელს გადატანილია ასევე საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლების ნუსხაში. საფრთხე ასე არის აღწერილი იუნესკოს დოკუმენტებში: არასწორი მართვის მექანიზმი, შემოგარენი მიწების პრივატიზაცია და აუთენტურობის დაკარგვა არასწორი რესტავრაციის სამუშაოების შედეგად... მცხეთასთან მიმართებაში აქცენტი მტკვრის სანაპიროს, სვეტიცხოვლისა და ჯვარს შორის მდებარე ტერიტორიის მდგომარეობაზე, რომელიც მთლიანად ძეგლის სტატუსით სარგებლობს და სადაც არანაირი ახალი ნაგებობები არ უნდა აშენებულიყო რათა ისტორიული ლანდშაფტი დაცული ყოფილიყო. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამის მიუხედავად 2012 წელს ახალი პოლიციის, სასამართლო და საკონფერენციო შენობები აგებულ იქნა სწორედ ამ ადგილას, იგეგმება ახალი მუზეუმი და სასტუმრო კომპლექსი. აშენდა სვეტისცხოვლის შესასვლელში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. მშენებლობები მიმდინარეობს ანგარიშის თქმით, „ყველაზე მნიშვნელოვან პერიმეტრში, ანუ იმ ვიზუალურ კორიდორში რომელიც სვეტიცხოველს და ჯვარს აერთიანებს“. იუნესკო სპეციალურად იმასაც აღნიშნავს, რომ არ მიუღია არანაირი გაფრთხილება, სანამ ეს დაიგეგმებოდა და შესრულდებოდა. მცხეთის მიმართ ასევე ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება ამ წელს სტატუსი საფრთხეს ვეშ მყოფი ძეგლისა. თუმცა, იუნესკო გამოთქვამს შეშფოთებას მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო და ითხოვს მათ შეჩერებას და ახალი გეგმის წარდგენას, რომელიც გაითვალისწინებს. რომ მცხეთა და ჯვარი კომპლექსურად იყოს განხილული მათი მეტად მგრძნობიარე გარემოთი და გეგმა შესათანხმებლად იყოს წარდგენილი.

ბაგრატისგან განსხვავებით აქ ჯერ შეუქცევად პროცესად არ არის მიჩნეული მიმდინარე მშენებლობა, მაგრამ თუ რა მოხდება და მომავალ განხილვაზე რა მდგომარეობაში იქნება ეს უნიკალური ძეგლთა კომპლექსი, მთლიანად ჩვენ საზოგადოების სიფხიზლეზე იქნება დამოკიდებული. ბაგრატი იმას გვიქადის, ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი ძეგლები, საქართველოს მთავრობისგან იუნესკოც კი ვეღარ დაიცავს.

5. ბაგრატის ტრაგედიას კიდევ სხვა შედეგები მოჰყვება: რა იმედი ან პრეტენზია შეიძლება გვქონდეს, რომ იუნესკოს ჩარევით და დახმარებით შევძლებთ მომავალში აფხაზეთის ან ტაო კლარჯეთის ეკლესიების გადარჩენას, როცა საერთაშორისო ჩარევის გარეშე ჩვენ არ მიგვესვლება. ვინ დაგვეხმარება ან დახმარების ღირსად ჩაგვთვლის, როცა ყოველდღიურად ვამტკიცებთ, რომ თვით საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ვიცავთ ჩვენს ძეგლებს? რა იმედი უნდა გვქონდეს ჯვრის მონასტრის გადარჩენისა, სადაც ჩვენი დიპლომატიის მიღწევაა რომ საერთოდ ქართული წარმოშობა ნახსენები აღარ არის დაფაზე და რუსთველის ფრესკა და სხვა წარწერებს ვერ ვიცავთ.

6. დაბოლოს, ისიც უნდა იყოს ნათელი, რომ არა თუ დღეს ვკარგავთ ჩვენი მემკვიდრეობის აღიარების და დაცვის საშუალებას ამ ძეგლების დღეს თუ ხვალ სიიდან ამოღებით. ჩვენ ხვალინდელ შანსებსაც ვუკარგავთ ჩვენს შთამომავლებს, რომ სხვა არანაკლები ძეგლები შეტანილ იყოს მსოფლიო სიაში: ნეკრესი, უბისის ფრესკები, ატენის სიონი, სვანეთის ხატები და კიდევ რამდენი. ცნობილია, რომ ქვეყანას, რომელიც აღარ სარგებლობს იუნესკოს და საერთაშორისო მეგობრობის ნდობით, კულტურის დაცვის სფეროში, ახალი ძეგლების წარდგენა და მათი აღიარება ძალიან ურთულდება.

ერთი კითხვა და სამი რეკომენდაცია

კითხვა ეხება ამ ხელისუფლების ფარულ გეგმას. ეს უკვე სცილდება არაკოპეტენტურობას და უგნურობას და ემსგავსება მიზანმიმართულ განადგურების გეგმას, თორემ ერთდროულად მცხეთის და ჯვრის საფრთხეში მოქცევა, ბაგრატის ავთენტურობის დაკარგვა, სვანეთის მუზეუმის მოუმზადებელი რეკონსტრუქცია და დაუცველი იქაური საგანძური, ხელნაწერთა ინსტიტუტიდან გატანილი და გაფანტული ექსპონენტები, სახელმწიფო მუზეუმიდან გატანილი ფიროსმანი... სახედაკარგული ძველი თბილისი და სიღნაღი, იერიშეცვლილი და რუსეთს დამსგავსებული ქუთაისის ცენტრი, ბათუმის უნიკალური ყურეს მეჩეთის მსგავს სასტუმროთი დამახინჯება და ამ სიაში ალბად კიდევ ბევრი ან დამავიწყდა ან კიდევ ბევრი დასამახინჯებელი აქვთ... იკარგება საქართველოს მემკვიდრეობა, ასევე მისი ტურისტული პოტენციალი, სადაც აუთენტურობა წაშლილია და უგემოვნება სუფევს. ეს რას ემსახურება? ვინ გეგმავს და ვინ სარგებლობს ამით?

და სამი რეკომენდაცია:

1.  საქართველოს პარლამენტმა (ცხადია, ახალმა) სასწრაფოდ შეიმუშავოს იუნესკოს თხოვნის თანახმად და ნებისმიერი ცივილიზებული ერის მსგავსად, ეროვნული კანონი ქართულ და მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისათვის.

2. შეიქმნას სასწრაფოდ ახალ ხელისუფლების პირობებში ეროვნული კომისია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე წარმოდგენილი იქნება ანუ ხელისუფლება და ყველა სამინიტროები, ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.

3. ამისათვის მესამე რეკომენდაცია - შეიქმნას, რაც შეიძლება სწრაფად დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და მათი მომავალი თაობების საგანძურის დაცვას თავის მიზნად მიიჩნევს და ბოლომდე დაიცავს.

სანამ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია შეიქმნება და ვინმე ჩვენი ერის ინტერესების დაცვას იკისრებს, ჩემი თავი ჩავთვალე ვალდებულად, რომ იუნესკოს გენერალურ დირექტორის მოადგილისათვის გამეზიარებინა ეს მოსაზრებები და ქათველი ხალხის ღრმა წუხილი, რათა არავინ ჩათვალოს, რომ საქართვლოში ბარბაროსების გარდა არავინ დარჩა.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ორიგინალ

ახალი ამბები