კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეგიონის ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქება ისევ ძველებურად ეზღუდებათ

27 ივნისი, 2012

ლანა ბერიძე, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის, თბილისი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დამოუკიდებელ ჟურნალისტებს რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქების დროს ისევ პრობლემებს უქმნის. მიუხედავად იმისა, რომ 2 ივნისს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის თემა ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქების გამარტივება იყო, შეხვედრის შემდეგაც იგივე მდგომარეობაა.

შეხვედრიდან დაახლოებით ერთ კვირაში პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისას პრობლემები შეექმნათ გურიაში, რამდენიმე დღის წინ კი შიდა ქართლში.

15 ივნისს ჟურნალისტებს არ მისცეს უფლება გადაეღოთ პრეზიდენტის ვიზიტი ქარელში, ფერმერთა მომსახურების ცენტრში. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. „ძალიან გთხოვთ, გამიგოთ, იქნება მხოლოდ ერთი პირადი კამერა და მასალას ყველას მოგაწვდით. გთხოვთ, რომ დაგვტოვოთ. ფოტოებსაც მოგაწვდით და ვიდეოებსაც. ხომ ხედავთ არც „რუსთავი 2“ იქნება და არც „იმედი“, – განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ.

გაზეთ „გურია ნიუსის“ გამომცემელი და რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ მედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ სახეს ატარებდა, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტის ვიზიტების გაშუქება არ გამარტივებულა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, გურიაში იყო პრეზიდენტი ჩამოსული, სადაც არ მოგვეცა მუშაობის საშუალება. ნათია ბანძელაძე იმასაც კი ითვლიდა, რამდენი ნიუსი იდო „გურია ნიუსზე“. ამ ვიზიტის დროს ბანძელაძემ მოაწყო პრეს ზონა, ისეთ ადგილზე, რომ არაფერი არ ჩანდა, არც არაფერი ისმოდა და არც არაფრის გადაღება არ შეიძლებოდა. ამგვარ სიტუაციაში პრეს ზონის გაკეთებას რა აზრი აქვს, ვერ ვხვდები, თუ არაფერი არ ისმის, ვერაფერს ვერ ვიწერ და ვერ ხედავ? ამ ამბის გაშუქებას განაწყენებაც კი მოჰყვა, თქვეს რომ თურმე შეთანხმებას ვარღვევდი, მე არ ვარღვევ შეთანხმებას. მე არც იმ შეხვედრაზე ვიქნებოდი თანახმა, თუ იტყოდნენ, რომ განსაკუთრებული პრეს ზონა უნდა მოეწყოს, სადაც არაფრის მოსმენა არ შეიძლება და მხოლოდ ერთი კამერით შეიძლება გადაღება, რომელ კადრებსაც შემდეგ გაავრცელებენ. საჯარო შეხვედრებისთვის ეს მიუღებელი ფორმატია. ჩვენ პრეზიდენტის ერთი ობიექტივით დანახული სიმართლე არ გვჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ თავად ვიმუშაოთ და რა რაკურსითაც ჩავთვლით საჭიროდ, იმ რაკურსით გადავიღოთ მოვლენები. უსაფრთხოების ზომებსაც დავიცვათ, მთავარია ხელი არ შგეგვიშალონ ამაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლების შეხვედრა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმალობა იყო, ყოველშემთხვევაში ჯერ-ჯერობით ასეა“,- განაცხადა ია მამალაძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა „გურია ნიუსის“ და შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, პრეზიდენტის ვიზიტის დროს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ირმა ნადირაშვილს მიმართა.

- შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს და „გურია ნიუსს“ არ მიეცათ საშუალება პრეზიდენტის ვიზიტი გადაეღოთ, მათ მხოლოდ თქვენს მიერ გადაღებული კადრების მიწოდებას დაპირდით. ასევე, ამბობთ, რომ ჟურნალისტები რომელ ღონისძიებებს დაესწრებიან და რომელს არა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავად გადაწყვეტს. თუ შეიძლება გვითხარით, რა შემთხვევაში აძლევთ ჟურნალისტს ღონისძიებაზე დასწრების საშულებას და რა შემთხვევაში არა, რა პრინციპით განსაზღვრავთ ასევე ადგილებს სად დაუშვათ და სად არა, გაწერილია სადმე ასეთი ადგილები და ჟურნალისტებმა არ იციან?

- ერთადერთი კომენტარი, რომელსაც ამ თემაზე გავაკეთებ არის ის, რომ პრეზიდენტის ღონისძიებების გაშუქების წესი არ შეცვლილა, როგორიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, რასაც ითვალისწინებს საერთაშორიოს სტანდარტები, ამ წესებით შუქდებოდა და ასე გრძელდება. იმის მიუხედავად, ვინ რა ინფორმაციას ავრცელებს, არ შეცვლილა ეს წესები და არც შეიცვლება. ერთადერთი, რაც გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კიდევ უფრო გაამარტივა პროცედურა, ყველა ჟურნალისტს შევთავაზეთ, რომ აკრედიტაცია გაიაროს, ვისაც აქვს პრეზიდენტის ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. ამ თემაზე შემიძლია მხოლოდ ეს კომენტარი გავაკეთო. არცერთი მიმართულებით გაშუქების წესები არ შეცვლილა და არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა იმ წლების განმავლობაში, რაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ეს წესები შედგენილია იმის მიხედვით, რითაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სულ ამის თქმა შემიძლია, ნახვამდის.

- უკაცრავად, დამატებითი შეკითხვაც მაქვს, რადგან ვერ მივიღე პასუხი. დაახლოებით 2 კვირის წინ შედგა შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის სწორედ იმიტომ, რომ გამარტივებულიყო ჟურნალისტებისთვის პრეზიდენტის ვიზიტებზე დასწრება და გაშუქება, თუმცა ამ შეხვედრის მიუხედავად, რიგ შეხვედრებზე აძლევთ ჟურნალისტებს დასწრების საშუალებას, რიგ ღონისძიებეზე არა. მაინტერესებს, რა პრინციპით მოქმედებთ და სად წერია, რომელ შეხვედრაზე აქვს ჟურნალისტს დასწრების უფლება და რომელზე არა, რა დოკუმენტით ხელმძღვანელობთ?

- კიდევ გიმეორებთ თქვენს დამატებით შეკითხვაზე დამატებით, რომ პრეზიდენტის ღონისძიების გაშუქების წესები არ შეცვლილა და როგორიც იყო ბოლო წლების განმავლობაში, ზუსტად ისეთია, მხოლოდ და მხოლოდ გავამარტივეთ ჟურნალისტებისთვის ეს პროცესი. ადრეც იყო ღონისძიებები, რომელსაც პირადი კამერებით ვიღებდით, ახლაც იქნება ღონისძიებები, რომელსაც მხოლოდ პირადი კამერებით გადავიღებთ, მაგრამ ეს წესები არ შეცვლილა და წლების მანძილზე ასე იყო.

სწორედ ამას გეკითხებით, რა ტიპის ღონისძიებებია რომელსაც მხოლოდ პირადი კამერით იღებთ?

- კიდევ გიმეორებთ, არ შეგვიცვლია წესები და როგორც ვაშუქებდით, ისე ვაშუქებთ.

- ყველა კითხვაზე ამას ხომ არ მიპასუხებთ, რომ წესები არ შეგიცვლიათ, სხვა რამეს გეკითხებით.

- ყველა კითხვაზე ამას გიპასუხებთ. თუ მომცემთ ერთი და იგივე კითხვას, იგივეს გიპასუხებთ, რადგან აზრს ვერ შევიცვლი.

- სხვა შეკითხვას გისვამთ...

- თუ აქამდე არ ყოფილა შეკითხვები, ახლა რატომ გაჩნდა? იმიტომ, რომ რაღაც ინფორმაცია გავრცელდა არასწორედ? ეს არ არის ჩემი პრობლემა, რომ ინფორმაციას არასწორედ ავრცელებენ. პრეზიდენტის ღონისძიების გაშუქების წესები არ შეცვლილა. ეს არის ჩემი კომენტარი“.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ კანონით არსად არ არის გაწერილი, სად შეუძლიათ ადმინისტრაციის თანამშრომლებს დაუშვან ჟურნალისტები და სად არა. კორძაია ამბობს, რომ თუ ადმინისტრაცია იგივე სახის პრობლემებს ქმნის, რაც იყო, ან ისეთ პრეს ზონებს გამოყოფს, საიდანაც მუშაობა შეუძლებელია, ადმინისტრაციასთან შეხვედრა და უწყებათაშორისი კომისიის მცდელობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობა დაელაგებინათ, ფუჭი აღმოჩნდა.

„არსად კანონში ეს არ წერია, არცერთი კანონით არ არის დადგენილი ადგილი, სად აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უფლება შეუშვან ჟურნალისტი და სად არა. რომ გითხრათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს შემუშავებული რაიმე ასეთი სია, ესეც ტყუილია, ასეთი სია არ არსებობს. ასეთ ადგილებს აწესრიგებს და ადგენს პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. რაც შეეხება შეხვედრას, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თავისი პოზიცია გამოხატა ჟურნალისტებთან მუშაობის კუთხით, იქ ნათქვამი იყო, რომ არის შეხვედრები, სადაც მედია ხმაურს იწვევს, რადგან ბევრი ჟურნალისტია წარმოდგენილი. ეს ადამიანური კუთხით შეიძლება გასაგები იყოს, მაგრამ მედიასაშუალება იმისთვის არსებობს, რომ მოვლენები გააშუქოს. თქვეს, რომ არის შეხვედრები, რომელზეც შესაძლოა ამდენი მედიის წარმომადგენელი ვერ იქნას დაშვებული, მაგრამ იქვე თქვეს, რომ შეიყვანდნენ კამერებს და კადრებს მერე ყველას მისცემდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ასეთ შეხვედრებს მედია ვერ გააშუქებს. ასევე თქვეს, რომ შექმნიდნენ ისეთ ადგილებს, სადაც მედიის წარმომადგენელი შეხვედრიდან გამოსულ ადამიანებს ჩამოართმევდა კომენტარებს. თუ ეს ელემენტარული პირობები მაინც არ სრულდება ადმინისტრაციის მხრიდან, გამოდის რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომ მედიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არ ყოფილიყო პრობლემები ვერ შედგა“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, თუ ის პრეს ზონა, რომელსაც ქმნიან, რეალურად ხელს კი არ უწყობს ინფორმაციის მოპოვებას, არამედ ხელს უშლის, დაირღვა ყველანაირი პირობა, რომელიც შეხვედრებზე იქნა მიღწეული.

ახალი ამბები