კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის დაყადაღებულ წილებს აუქციონზე ყიდიან

3 ივლისი, 2012

ალექსი ბეჟანიშვილი,
„სივილ ჯორჯიას“ და „ინტეპრესნიუსის“ მიხედვით

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, 2 ივლისს ინტერნეტ აუქციონი გამოცხადდა ბიძინა ივანიშვილის დაყადაღებული აქციების 100%-ზე „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7%-ზე „პროგრეს ბანკში" მას შემდეგ, რაც ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა გასულ თვეში დაკისრებული  მრავალმილიონიანი ჯარიმის  გადახდაზე უარი თქვა.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 26 ივნისს განაცხადა, რომ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე აქციების 21.7%-ს „პროგრეს ბანკში“ და აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“.

ივანიშვილმა უარყო, რომ რაიმე წილებს ფლობს „ქართუ ბანკში“, რომლის მესაკუთრეა „ქართუ ჯგუფი“. მისი თქმით, კუთვნილი წილები მაისის დასაწყისში, შვილს, უტას გადაუფორმა. თუმცა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მას წილი აქვს მისი თანაპარტიელის და ყოფილი ფეხბურთელის კახი კალაძის მიერ დაფუძნებულ „პროგრეს ბანკში“, რომლის აქციებიც ნოემბერში შეიძინა.

„იმ ქონების იძულებით რეალიზაციას ახორციელებენ, რომელიც ივანიშვილის საკუთრებას არ წარმოადგენს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. 

აღსრულების ეროვნულმა ბიურო საქმის წარმოებისას დაეყრდნო ეროვნული ბანკის ინფორმაციას, რომ ივანიშვილი კვლავ წარმოადგენდა მესაკუთრეს. ამის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ივანიშვილის აქციები „ქართუ ჯგუფში“ –  151 880 661 ლარად, ხოლო „პროგრეს ბანკში“ 3 566 498 ლარად შეაფასა – ამ თანხების 50%–ს შეადგენს პირველ იძულებით აუქციონზე წარდგენილი საწყისი ფასი.

„შესაბამისად სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7%  საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი“, – აცხადებს აღსრულების ეროვნული ბიურო თავის პრესრელიზში.

სივილ ჯორჯიას ცნობით, ორივე ლოტი უკვე განთავსდა ონლაინ აუქციონის ვებ–გვერდზე, სადაც მოცემული ცნობების თანახმად, „ქართუ ჯგუფის“ შემთხვევაში აუქციონი 10 ივლისის 18 საათამდე, ხოლო „პროგრეს ბანკის“ შემთხვევაში –იმავე დღის 19 საათამდე გასტანს.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ასევე განაცხადა, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, გაუქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, შეწყდება აუქციონის მიმდინარეობა და ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის პარტიების დაფინანსების კანონის დარღვევის მოტივით მასზე დაკისრებულ 74.32 მლნ ლარის ჯარიმას არ გადაიხდის, ვინაიდან სასამართლოს მიერ ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება უსამართლოა და ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ აწარმოებს.

ვინ იყიდის „ქართუ ბანკს“?

eauction.ge-ზე მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში ამ დროისთვის ჯერჯერობით არც ერთი ლოტის შეძენის მსურველი არ ფიქსირდება.

ამავე საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/ და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით.

ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია, აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს შეძენილი ქონების სრული საფასური და თანხის სრულად გადახდიდან 3 სამუშაო დღის შემდეგ ჩაიბაროს საკუთრების უფლების შესახებ განკარგულება. ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერება შესაძლებელია მის განთავსების ადგილზე.

ახალი ამბები