02:02, Wednesday, 26.11.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა მოხდა ლილოში

04.07.2012

ალექსი ბეჟანიშვილი

3 ივლისს დაახლოებით 21:00 საათზე ლილოს დასახლებაში, ნავთმშენის ტერიტორიაზე არსებულ ერთი-ერთ კერძო საწარმოში ავზიდან ქლორმა გაჟონა. მაშველებმა ავზის უსაფრთხო ადგილზე გადატანა სცადეს, მაგრამ ამ დროს ავზიდან ქლორმა მეორედ გაჟონა. დაზიანებული ავზიდან გამონაბოლქვი წყლის ჭავლის მეშვეობით გააუვნებელყვეს და ავზს ონკანი შეუცვალეს.

ინციდენტის შედეგად მოიწამლნენ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. საავადმყოფოებში სულ 73 მოწამლული ადამიანი დარეგისტრირდა. მათ შორის ერთი ორსული ქალბატონია, არიან ბავშვებიც და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები. დაშავებულები მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა.

4 ივლისს დილით 73 მოწამლული ადამიანიდან 40 კვლავ საავადმყოფოებში იმყოფებოდა.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა, მამუკა ქაცარავამ განუცხადა, მოწამლულები კლინიკებში დილის 06:00 საათამდე შემოჰყავდათ. საერთო ჯამში კლინიკებს დასახმარებლად 73-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან დილის 08:00 საათისთვის 33 გაეწერა.

„09:00 საათიდან გაწერის ახალი ნაკადი დაიწყო და ეს პროცესი დაახლოებით 2-3 საათში დასრულდება. ყველას დიაგნოზი იყო მსუბუქი ინტოქსიკაცია და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაშია“, - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ.

18 წლის ახალგაზრდა კაცი ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. „მას წუხელ ხუთ წუთზე მეტხანს გული გაუჩერდა. გულის გაჩერების დროს კი, ტვინში შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს და კვდება სასიცოცხლო ფუნქციის მქონე უჯრედები. ექიმები მის მდგომარეობასთან დაკავშირებით საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამჟამად ენცეფალოგრამის მეშვეობით მიმდინარეობს იმის დადგენა, არის თუ არა ტვინის სასიცოცხლო ფუნქციის მქონე ნაწილი გადარჩენილი და ასეთ შემთხვევაში ყველა ღონე იქნება გამოყენებული ლაშა ნარიმანიძის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“,- განაცხადა მამუკა ქაცარავამ და აღნიშნა, რომ კომაში მყოფი პაციენტისა და სხვა დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ამასთან, ინგოროყვას სახელობის ნეიროქირურგიის კლინიკაში დილისთვის ქლორით მოწამლული ხუთი პაციენტი აგრძელებდა მკურნალობას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის ემერჯენსის ექიმმა, სოსო მაისურაძემ განუცხადა ორი მოწამლული ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რომელთაგან ერთი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. მაისურაძის განმარტებით, დანარჩენებმა კლინიკა დილით დატოვეს.

სულ ინგოროყვას კლინიკაში 31 მოწამლული მიიყვანეს, მათ შორის 13 წლის ბავშვი და ფეხმძიმე ქალი, რომლებიც შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადაიყვანეს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ქლორის ინტოქსიკაციით 9 ბავშვი იყო მოთავსებული. იაშვილის სახელობის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ლილოში, ქლორის გაჟონვის შედეგად დაბინძურებული ჰაერი საფრთხეს აღარ შეიცავს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მომხდარის გამო ლილოს დასახლებაში ჰაერის ტესტი იმ ღამითვე რამდენჯერმე ჩატარდა და დადგინდა, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია.

„ჰაერის მდგომარეობა მომხდარიდან ერთ საათში უკვე ნორმალური იყო. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქლორის გაჟონვა ავზის ტრანსპორტირებისას დაუდევრობამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ამ საქმეზე მოკვლევა უკვე მიმდინარეობს“,- განაცხადა თემურ გიორგაძემ.

ქლორის ავზი „საქნავთის“ ტერიტორიიდან დაუსახლებელ, უსაფრთხო ადგილზე წუხელვე გადაიტანეს. ავზის ტრანსპორტირებამ და ახალ ადგილზე განთავსებამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეხანძრეებმა განუცხადეს დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადატანილ ქლორის ავზზე გამაგრილებელი სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ავზი მომწამვლელი ნივთიერებისგან მთლიანად არ დაიცლება.

„ავზი ახლა ფაქტობრივად ცარიელია. თუმცა, დარჩენილი ნივთიერების განეიტრალების მიზნით მასზე გამაგრილებელი სამუშაოები ისევ მიმდინარეობს და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ შეწყდება ქლორის გაჟონვა და ავზი ნივთიერებისგან მთლიანად არ დაიცლება“, - განაცხადეს ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრეებმა, რომლებიც ადგილზე სახანძრო სამსახურის 3 მანქანით იყვნენ მობილიზებული.

მათივე განმარტებით, ქლორისგან ავზის დაცლის შემდეგ მას ადგილს კიდევ შეუცვლიან და ახალ ტერიტორიაზე გადაიტანენ.

4 ივლისს დღის განმავლობში ნავთმშენის დასახლებაში სასწრაფო დახმარების გამოძახების კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ქლორის გაჟონვის ადგილთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან, მოქალაქეებმა სამედიცინო დახმარებას გულისრევის შეგრძენების, თაბრუსხვევისა და ყელის ტკივილის სიმპტომებით მიმართეს. თუმცა, არც ერთი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხშირი გამოძახების ფაქტები ნაწილიბრივ გამოწვეულია მოქალაქეებში არსებული პანიკით. თუმცა, არც ერთი გამოძახება არ რჩება უყურადღებოდ და მოქალაქეებს შესაბამისი გამოკვლევა უტარდებათ და საჭირო რჩევებსაც იღებენ.

როგორ მოიწამლნენ მოქალაქეები

ლილოს დასახლებაში მდებარე ობიექტი, სადაც 3 ივლისს საღამოს ქლორის გაჟონვა მოხდა, ამ დროისთვის დალუქულია. იქ არ იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და ტერიტორიას მხოლოდ პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი იცავს. ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ცნობით, 4 ივლისს შუადღისთვის ინციდენტის ადგილზე აშკარად იგრძნობოდა ქლორის სუნი. ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს ფაქტი საკმაოდ საეჭვოდ მიაჩნიათ. თუმცა, ენდობიან ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მოწამვლის საფრთხე აღარ არსებობს და ტერიტორიას არ ტოვებენ.

რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, როგორც მოსახლეობა ყვება, ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლულთა უმეტესობა, მათ შორის 18 წლის ახალგაზრდა, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია, ავტობუსის მგზავრები იყვნენ. შენობა, რომლის ეზოშიც გაჟონვა მოხდა, ავტობუსის გაჩერების წინ მდებარეობს. გაჟონვის მომენტში მგზავრებით სავსე ავტობუსი სწორედ ამ გაჩერებაზე იდგა. მათ გარდა, მოწამლულებს შორის არიან გზის მეორე მხარეს არსებული კორპუსების მცხოვრებლები და ხილის გამყიდველები, რომლებიც ხილს გზის პირზე ამ დროისთვისაც ყიდიან.

როგორც ერთ-ერთმა მათგანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გაჟონვას ჰქონდა მომენტალური რეაქცია და ახლოს მყოფი ადამიანები, მათ შორის თვითონაც, ყელის წვის შეგრძნებისა და ძლიერი ხველის შემდეგ გონებას კარგავდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მომწამვლელი ნივთიერება რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსზე გავრცელდა და ქლორის სუნი ამ დასახლების რამდენიმე კვარტალში იგრძნობოდა.

ვინ არის ობიექტის მესაკუთრე

რაც შეეხება კომპანიას, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენდა ქლორის ავზი, მის შესახებ მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია არა აქვს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ობიექტი ირანის მოქალაქეებს აქვთ დაქირავებული. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია არის ცალსახა და ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი საფრთხის შემცველი ობიექტები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ უნდა არსებობდეს.

„ინტერპრესნიუსის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ქლორის ავზი შპს „კრისტალს" ეკუთვნოდა, რომლიც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორია. 4 ივლისს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შპს „კრისტალთან“ დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წლის 3 იანვარს გამოაცხადა ტენდერი თხევადი ქლორის შესყიდვასთან დაკავშირებით. ტენდერი 2012 წლის 24 იანვარს დასრულდა და შპს „კრისტალმა“ გაიმარჯვა.

წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ „კრისტალი“ სრულად აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და შესაბამისად, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ მასთან 2012 წლის 8 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, ხელშეკრულების თანახმად, შპს „კრისტალს“ 2012 წლის 8 თებერვლიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა 50 ტონა თხევადი ქლორის მოწოდება შესაბამისი კონტეინერით.

კონტრაქტის პირობით, ქლორის ტრანსპორტირებაზე, უსაფრთხოებასა და ქლორის ხარისხზე პასუხიმგებლობა ეკისრებოდა შპს „კრისტალს“. ხელშეკრულების შესაბამისად, დღემდე „კრისტალმა“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეტაპობრივად სამჯერ მიაწოდა თხევადი ქლორი.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, ლილოში მომხდარ შემთხვევაზე სრული პასუხისმგებლობა შპს „კრისტალს“ ეკისრება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობის გამოძიება.

ინტერპრესნიუსის ფოტო

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის:
კორუფციასთან და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა ბრძოლა ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
"მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC